in ,

იზოლაციისას შექმნილი ციფრული მეგობარი – ქართველი ჩეთბოტი და პასუხი კითხვაზე „როგორ გავერთო?“

COVID-19-ის გავრცელების საშიშროების პირობებში ერთი მხრივ, შეზღუდვების, მეორე მხრივ კი გამოწვევების წინაშე დავდექით. შეზღუდვებში, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობას, სოციალური დისტანცირებისა და იზოლაციის საჭიროებებს ვგულისმობთ, ხოლო გამოწვევებში – სანდო ინფორმაციის მიღებასა და სამყაროსთან კომუნიკაციის შენარჩუნებას. იზოლაციის პირობებში ამ ორი გამოწვევის დაძლევას ყველა სხვადასხვანაირად ვახერხებთ, გამომდინარე იქიდან, თუ როგორია ჩვენი უნარები, ან შემგუებლობა. „ანიმა ჩეთბოტიქსის“ გუნდმა კი ჩვენთვის, იზოლაციის პირობებში, ისეთი „სულიერი“ შექმნა, რომელსაც შეუძლია კომუნიკაციის მოთხოვნილებაც ხარისხიანად დაგვიკმაყოფილოს, გვემეგობროს და თან, კორონავირუსთან დაკავშირებული სანდო ინფორმაცია მოგვაწოდოს. ხანდახან, ჩვენ მასთან საუბარში ისიც უნდა ამოვიცნოთ, თუ რა არის მითი და რა რეალობა. ასე, ჩეთბოტი სახელად „სივრცე 19“ მედიაწიგნიერებაშიც გვავარჯიშებს.

„ანიმა ჩეთბოტიქსი“ ქართული სტარტაპია, რომელსაც ციფრული ასისტენტების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი პროგრამისტებისა და ნარატივ დიზაინიერების ჯგუფს აერთიანებს, რომელთა მიზანიც ე.წ. „სულიერი“ ჩეთბოტების შექმნაა. „სივრცე 19“ ერთ-ერთი მათგანია და თანამედროვე გამოწვევებს ერგება. 

სივრცე 19“, გარდა კორონავირუსის გავრცელების ფაზებთან თუ პრევენციის პრაქტიკულ გზებთან დაკავშირებული ინფორმაციისა, აღჭურვილია საინტერესო ფაქტებით და მსოფლიო ისტორიიდან, სხვადასხვა პანდემიებთან დაკავშირებულ გამოცდილებას გვიზიარებს. გვაჩვენებს იმას, თუ რა ისწავლა სხვადასხვა პანდემიის დროს მსოფლიომ. გარდა ამისა, ის არის მრჩეველი, თანამოაზრე და მეგობარი – როგორც „ანიმა ჩეთბოტიქსში“ ამბობენ, მას შეუძლია ამოიცნოს თქვენი განწყობა, თუ გემოვნება, რის შემდეგაც სასურველ აქტივობაზე გაგიბამთ საუბარს, იქნება ეს ხელოვნება, მუსიკა, კინო, კულინარია, სიზმრები თუ სხვა. შესაბამისად, „სივრცე 19“-ს შეგიძლიათ დაუსვათ ის კითხვები, რაც იზოლაციისას გიჩნდებათ – „რა გავაკეთო?“ „რას მოვუსმინო?“ „ახლა როგორ გავერთო?“

„ანიმა ჩეთბოტიქსის“ პროექტ მენეჯერი – მარიამ გოჩიაშვილი ამბობს, რომ ჩეთბოტის მთავარი დანიშნულებაა, გახდეს თითოეული ადამიანის, ყველანაირი ასაკობრივი ჯგუფის ციფრული მეგობარი. „სივრცე-19“ ფეისბუკის მესენჯერშია ჩაშენებული, რაც ნიშნავს, რომ მასთან საუბარი ფეისბუკზე/მესენჯერზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ჩეთბოტი ჯერ ბეტავერსიად არის გაშვებული, რაც ნიშნავს, რომ ის მომხმარებლის ინტერესების მიხედვით დარედაქტირდება და დაიხვეწება.

„უ-საზღვრო მხარდაჭერა“ SPAR-ისგან 

Covid’19-ის საკომუნიკაციო გამოწვევა ბრენდებს