24
Oct
2019

ინტერნეტი გემებზე და წყალმცენარეები გაჩერებებზე, ანუ ვაჯამებთ აბასთუმანში ჩატარებულ NASA-ს ჰაკათონს

24 Oct 2019

Alta
Alta


რა არის საჭირო იმისთვის, რომ სულ მცირე, გლობალურ პრობლემებზე ფიქრი ვისწავლოთ? იმისათვის, რომ ჩვენი იდეით NASA-ში დაინტერესდნენ? NASA Space Apps Challenge ამ კითხვებზე გაცემული სწორი პასუხია. წელს ეს ღონისძიება მსოფლიოს 230-მდე წერტილში ტარდებოდა და მათ შორის იყო აბასთუმანიც.

ის, რომ მსგავსი მასშტაბის ჰაკათონში მონაწილეობა დიდი და საჭირო გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის, უდავოა, თუმცა, გამოცდილების მიღმა, ეს არის შესაძლებლობა, გქონდეს წვდომა NASA-ს თანამგზავრების მონაცემებზე და მუშაობდე ისეთი გლობალური პრობლემების გადაჭრაზე, როგორზეც ნასა თვითონ მუშაობს. მაგალითად – ჰაერის დაბინძურება, გლობალური დათბობა, მთვარის მისიები, უსადენო კოსმოსური ხომალდის შექმნა, ინტერნეტის გავრცელება ოკეანეებში და ა.შ.

ასე, 2019 წლის 18-დან 20 ოქტომბრამდე, აბასთუმნის ობსერვატორიამ უმასპინძლა NASA Space Apps Challenge Abastumani-ს 50 მონაწილეს და არამხოლოდ. აქ იყვნენ მენტორები და სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო სპიკერები, რომლებიც ერთსაათიან ფორმატში უზიარებდნენ მონაწილეებს თავიანთ ბიზნესთან დაკავშირებულ, თუ ტექნოლოგიურ გამოცდილებას. მონაწილეები კი 48 სათის განმავლობაში, ინსპირაციული გამოსვლების პარალელურად, ორიენტირებულები იყვნენ NASA-ს გამოწვევის დაძლევაზე. აღსანიშნავია, რომ წელს პროექტი ინტერნაციონალური იყო – მასში მონაწილეთა 30%, საქართველოს გარდა, სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდა.

აბასთუმნის შემთხვევაში, NASA-ს გამოწვევების გადაჭრაზე 10-მა გუნდმა იმუშავა. გუნდები ადგილზე, სამუშაო თემების არჩევის შემდეგ დაკომპლექტდნენ და მათგან მხოლოდ ორი გამარჯვებული გუნდის – Baby Shark-ისა და Algien-ის პროექტები იქნება განხილული NASA-ს ინჟინრების მიერ. ამისათვის, გუნდებმა უკვე ატვირთეს თავიანთი პროექტები NASA-ს ჰაკათონის ვებგვერდზე (Baby Shark-ის პროექტიAlgien-ის პროექტი). გარდა ამისა, ისინი ძალიან მალე, NASA-ში 30 წამიან საპრეზენტაციო ვიდეოებს გაგზავნიან.

ჰაკათონის მონაწილე გუნდები, პრეზენტაციის გზით წარადგენდნენ თავიანთ ნამუშევრებს, ჟიურის წინაშე. სწორედ ამ გზით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და ასე გავიგეთ მთელმა აუდიტორიამ, თუ რას ეხებოდა მათ მიერ შესრულებული პროექტები.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდის Baby shark მიზანი იყო მაქსიმალურად იაფი და მარტივი გადაწყვეტა მოეძებნა ოკეანეების ინტერნეტიზაციის პრობლემისთვის. გუნდი სამი ადამიანისგან შედგებოდა. მარიამ ალბექიონმა, ნატო სამხარაძემ და გოგიტა პაპალაშვილმა პრობლემის გადაჭრა „გემების ჯაჭვის“ ინოვაციის გზით შეძლეს. უფრო კონკრეტულად, იმისათვის, რომ მეზღვაურებმა ღია ოკეანეში ინტერნეტით სარგებლობა შეძლონ, გუნდის პროექტის მიხედვით, ეფექტური გზაა გამოვიყენოთ Ship Chain-ები, ანუ ადგილები, სადაც გემების სიმკვრივე თითქმის მუდმივია და მათ შორის დაშორებები საკმაოდ მცირეა, იმისათვის, რომ გემებზე დამონტაჟებულმა სიხშირის მიმღებებმა (GSM), ინტერნეტის ერთიანი დაფარვის ზონის შექმნა შეძლონ. „გემების ჯაჭვის“ დახმარებით, ოკეანეებში ადამიანები სწრაფი ინტერნეტით სარგებლობას შეძლებენ.

მეორე ადგილზე გასული გუნდი Algien ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრას ორი სივრცით იწყებს – ავტობუსების გაჩერებებითა და სახურავებით. გუნდის წევრებმა – გიორგი აბულაშვილმა, თეიმურაზ გოჩიტაშვილმა, დემურ მერკვილაძემ შეიმუშავეს ერთგვარი სისტემა, რომელიც გაჩერებებზე ჰაერის დაბინძურების შემცირებას წყალმცენარეების მიერ გამომუშავებული ჟანგბადით შეძლებს. „გაჩერებებზე იმიტომ, რომ ეს არის გზისპირა ადგილი, სადაც ჰაერის დაბინძურება 3.5-ჯერ აღემატება ქალაქში ზოგად ჰაერის დაბინძურებას“, – ამბობს თეიმურაზ გოჩიტაშვილი. სხვა მხრივ, გუნდის პროექტი მოიცავს გაჩერებებზე არსებული წყალმცენარეების ფარმაცევტული მიზნებისთვის გამოყენებას, ასევე, სახლების სახურავების გამწვანებას, რაც არამხოლოდ ჰაერის გაჯანსაღების, არამედ ნიადაგის დაცვის წინაპირობაც იქნება.

მოხვდება, თუ არა აბასთუმანში ჩატარებული NASA-ს ჰაკათონის გამარჯვებული პროეტები Global Award-ის რჩეულებს შორის, ცოტა ხანში გავიგებთ. მანამდე კი, ჰაკათონის თანაორგანიზატორი, გური ქოიავა ამბობს, რომ მომავალი წლისთვის, ანუ NASA Space Apps Challenge Abastumani 2020-სთვის, პროექტი მეტად ინტერნაციონალური იქნება. გარდა ამისა, ღონისძიების სპიკერებად NASA-ს წარმომადგენლებს უნდა ველოდოთ.

განხილვა