in ,

SPACE – ახალგაზრა ქართველი არქიტექტორების წარმატებული სტუდია

Startauperi
Startauperi

DSC_7198სტუდია SPACE 2013 წელს დაარსდა და პორტფოლიოში უკვე ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული პროექტი აქვს მოქცეული.

არქიტექტურული პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, საავტორო ზედამხედველობა – იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც SPACE მომხმარებელს სთავაზობს.

„მარკეტერი“ გთავაზობთ ინტერვიუს სტუდიის დამაარსებლებ ნატალია მანჯგალაძეს, ციცი მანაგაძეს, მაია დავითიძესა და თამარ მოსიაშვილთან.

M: როგორ გაჩნდა კომპანია SPACE-ის შექმნის იდეა? 

სტუდია „SPACE“-ის შექმნის იდეა 2 წლის წინ, ერთ ჩვეულებრივ დღეს გაგვიჩნდა. ერთ-ერთი შეკრების დროს გადავწყვიტეთ, ჩვენ ოთხს შეგვექმნა სტუდია, რომელშიც თავისუფლად და დამოუკიდებლად საყვარელი საქმის კეთებას შევძლებდით. SPACE-ის დაფუძნებამდე, ყველა სხვადასხვა კომპანიაში ვიყავით დასაქმებული. გამოცდილებაც გვქონდა. მივხვდით, რომ ჩვენს ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როდესაც საჭირო იყო კარდინალური ცვლილებები და ასე დაიწყო……

1

M: რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს? 

მომხმარებელს ვთავაზობთ მშენებლობისთვის, ასევე შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ყველა მომსახურებას, როგორიცაა არქიტექტურული პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, საინჟინრო და კონსტრუქციული ნაწილები და საავტორო ზედამხედველობა. მომხმარებელს, სურვილისამებრ, შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილიდან ერთი ან რამდენიმე მომსახურება.

M: გაიხსენეთ ყველაზე საინტერესო პროექტი/შეკვეთა ..

SPACE-ის შექმნამდე ოთხივე არაერთ საინტერესო პროექტში ვიყავით ჩართული. მაგალითად, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობის ზედამხედველობა ქ. ქუთაისში (მაია დავითიძე და ციცი მანაგაძე), საქართველოს პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი ქ. თბილისში (თამარ მოსიაშვილი), კაფეების Folk Garden და Cecilia-ს ინტერიერის დიზაინის პროექტი ქ. თბილისში (ნატალია მანჯგალაძე) და ა.შ

რაც შეეხება ერთობლივ ნამუშევრებს – ერთ-ერთი პირველი და საინტერესო დამკვეთი ჩვენთვის „სამართლის სახლის“ იყო. მათი მხრიდან სრული თავისუფლება გვქონდა და შედეგად საკმაოდ საინტერესო პროექტი მივიღეთ, რომელმაც  მე-9 საერთაშორისო კონკურსის – “არქიტექტურული პრემია 2014” – რეალიზებული საზოგადოებრივი ინტერიერის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ასევე აღსანიშნავია „ზოო მარტის“ პროექტი, რომელიც საქართველოში პირველი სუპერმარკეტის ფორმატის ზოომაღაზიაა.

შესრულებული გვაქვს კინოთეატრ „ამირანის“ ახალი, მცირე დარბაზის პროექტი;   „სახაჭაპურე N1“-ის ქსელის ინეტრიერის დიზაინის პროექტები და ა.შ; ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროექტი რეალიზებულია.

2

M: რა წინააღმდეგობებს აწყდებით ადგილობრივ ბაზარზე?  

ადგილობრივ ბაზარზე წინააღმდეგობას, პირველ რიგში, მასალების მცირე არჩევანი და რაოდენობა ქმნის. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვა მასალის უცხოეთიდან ჩამოტანა, მაგრამ შემდეგ სამუშაოს შესრულების ვადა იზრდება. დამკვეთს კი, ხშირ შემთხვევაში, მოცდა არ სურს. ხანდახან, როდესაც საკითხი ეხება ავეჯის შეკვეთას, საუკეთესო გამოსავალი – დამზადებაა. რაც შეეხება მოსაპირკეთებელ მასალებს, სჯობს, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე თადარიგის დაჭერა.

M: გაგვიზიარეთ მომავლის გეგმები.

ამჟამად ვმუშაობთ არაერთ საინტერესო პროექტზე საქართველოში და საზღვარგარეთ.  ჩვენი მეგობრების, ახალგაზრდა ქართველი რესტორატორების დაკვეთით, გავაკეთეთ რესტორნის ინტერიერის დიზაინი უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში. სამომავლოდ მრავალი გეგმა გვაქვს და მომხმარებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.

3

ავტორი : ირინა საყვარელიძე

1 მაისს LOUDspeakers თბილისი ივენთ ჰოლში კონცერტს გამართავს

უწყვეტი კადრის პრინციპით გადაღებული ნატახტარის რეკლამა [Making Of]