დღევანდელი ციფრული რეალობიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება იმ კომპანიებით, რომლებიც ციფრულ პროდუქტს ქმნიან.
ერთ-ერთი ასეთი, საინტერესო და საერთაშორისო კომპანია, რომელიც ბაზარზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა Space International-ია — ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ციფრულ ბანკს ქმნის საქართველოსა და უზბეკეთში. ამ გუნდმა შექმნა პირველი ნეობანკი საქართველოში — სფეისის სახით და პირველი ნეობანკი უზბეკეთში, თიბისი უზბეკეთის სახით. მაშინ, როცა გუნდმა წარმატებას და 3 მილიონამდე მომხმარებელს მიაღწია, ამბიცია კიდევ უფრო გაიზარდა და მომავალი მიზნების მისაღწევად საერთაშორისო თუ ლოკალური გამოცდილების პროფესიონალები შეკრიბა — სწორედ ამიტომ და ასე აღმოჩნდა ჯაბა მაჭარაშვილი სფეის ინტერნეიშენალის გუნდში, DevOps მიმართულების ხელმძღვანელად. ჯაბას რეზიუმე ბევრ წარმატებულ პროექტს და უკვე 18-წლიან გამოცდილებას აერთიანებს IT სფეროში; სფეის ინტერნეიშენალი კი მისთვის ახალი გამოწვევაა.
როგორც ჯაბა განმარტავს, პროფესია DevOps არ არის კონკრეტული ტექ პროფესია, ის ერთგვარი პრაქტიკების და პრინციპების ნაზავია, რასაც DevOps კულტურას ვეძახით! „ყოველთვის ვამბობ, რომ ტექის ამ მიმართულებაში მრავალმხრივ განვითარებული პროფესიონალები მუშაობენ, ვისაც ბევრ მონათესავე მიმართულებასთან აქვს შეხება და ამ ყველაფრის სინთეზს იყენებენ მუშაობისას, რათა კონკრეტულ/მკაფიო მიზნებს მიაღწიონ“.
მაგრამ ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ჯაბას IT სფეროთი დაინტერესება ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან იწყება — არც კი ახსოვს, კონკრეტულად როდიდან. როგორც თავად ამბობს, ინტერესს მამის პროფესიამაც შეუწყო ხელი, რომელიც ასევე ტექ ინჟინერია. „მართალია, 15 წლიდან ვმუშაობ, მაგრამ IT საქმიანობით გაცილებით ადრე ვიყავი გატაცებული, ბავშვობაში ზუსტად ვიცოდი, რა პროფესია მაინტერესებდა და არასდროს მიფიქრია სხვა მიმართულებით სწავლაზე ან მუშაობაზე“ — აღნიშნავს ჯაბა.
ჯაბას ინტერესი მალევე გადაიქცა პროფესიულ საქმიანობად და დროთა განმავლობაში სხვადასხვა სფეროში და მიმართულებებით დააგროვა გამოცდილება. „რაც შეეხება კომპანიებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიაში მიმუშავია… ეს იყო სატელეკომუნიკაციო, საწარმოო, ფარმაცევტულ და გემბლინგ ბიზნესებში მოღვაწე მოწინავე კომპანიები თუ სტარტაპები. ასევე საერთაშორისო IT ინტეგრატორი კომპანიები, რომლებიც არაერთ უცხოურ ქვეყანაში ასრულებენ მაღალი სირთულის პროექტებს“, — გვიყვება ჯაბა.
ცხადია, ამგვარი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ნებისმიერი კომპანიისთვის დიდი შენაძენია. ამიტომაც, როგორც „სფეის ინტერნეიშენალში“ აღნიშნავენ, გაუმართლათ, ჯაბა ფინანსური სექტორით რომ დაინტერესდა.
ჯაბა კი, თავის მხრივ, გვიზიარებს, რატომ აირჩია კარიერის ამ ეტაპზე ეს კონკრეტული კომპანია: „კარიერის ამ ეტაპზე ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ფინტექი, რადგან ბოლო წლებში ბევრი კარგი ამბავი მესმის ამ მიმართულებით და მინდოდა, საკუთარი შესაძლებლობები აქეთკენ მიმემართა. „სფეის ინტერნეიშენალი“ კი იმიტომ შევარჩიე, რომ საერთაშორისო კომპანიაა სადაც მაღალკვალიფიციური კადრები მუშაობენ ტექის მიმართულებით და ბევრ ქვეყანაში მაღალი სტანდარტებით ოპერირებს. თანაც, მთლიანად ღრუბლოვან გარემოზეა დაფუძნებული, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ყველაზე მთავარია მიმდინარეობს პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ტექ-საკონსულტაციო კომპანიასთან „thoughtworks“-თან ერთად, რომლის ფარგლებშიც არსებული პლატფორმის სრული რეინჟინერია მოხდება“.
რაც შეეხება გეგმებს, „სფეის ინტერნეიშენალში“ DevOps მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას, ჯაბას უმთავრესი მიზანია DevOps კულტურის დანერგვა, მაღალკვალიფიციური IT პროფესიონალების მოზიდვა — DevOps, DataOps და DevSecOps მიმართულებით, რომლებიც სამაგალითო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმის შექმნის პროცესის მონაწილენი გახდებიან. ამიტომაც, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დამატებით ახალ კადრების მოზიდვა, რომლებიც ამ მიმართულებებით განავითარებენ კომპანიას.
თუ უკვე დაფიქრდით, რომ Space International-ში მუშაობა გაინტერესებთ და წარმატებით გაართმევთ თავს ზემოხსენებულ საქმეებს, ერთგვარ შთაბეჭდილებას შეგიქმნით იმაზე, თუ როგორი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს ჯაბა მაჭარაშვილი. „ძალიან მაგარი და საამაყო!“ — ასეთი მოკლე და კონკრეტულია მისი პასუხი, თუმცა აქ იგულისხმება ბევრი ინოვაციური იდეა და პლატფორმის უწყვეტი განვითარება. „ისეთი სამაგალითო, „როკ სთარების“ გუნდის შეკრება მინდა, რომელზეც ყველა ილაპარაკებს. ზოგადად, საუკეთესო ადამიანებს ვიკრებთ, რათა დასახულ ამბიციურ მიზნებს უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ“.
იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციულ საბანკო რეალობაში მოულოდნელად გამოჩნდა „სფეის სფეის ინტერნეიშენალი“, როგორც ციფრული ბანკი და დღეისათვის 3 მილიონზე მეტი მომხმარებლით საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს, კომპანიის გეგმები ნამდვილად შორსმიმავალია. მაგალითისთვის, უახლოეს 2 წელიწადში უნდა გაიზარდოს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებშიც „სფეის ინტერნეიშენალი“ დაიწყებს ოპერირებას — ამ ეტაპზე კი, როგორც ჯაბამ აღნიშნა, პლატფორმას იმისთვის ამზადებენ, რომ გაიზარდოს პლატფორმის მაღალდმგრადობა და ძალიან მაღალ დატვირთვებს/მომხმარებელს გაუძლოს.
[R]