დღეისათვის ფინანსურ-ტექნოლოგიურ სფეროში Space International ერთ-ერთ მოწინავე საერთაშორისო კომპანიად გვევლინება, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. ამ გუნდმა შექმნა პირველი ნეობანკი საქართველოში — სფეისის სახით და პირველი ნეობანკი უზბეკეთში, თიბისი უზბეკეთის სახით. ამ ყველაფრის უკან კი საერთაშორისო თუ ლოკალური გამოცდილების პროფესიონალები დგანან, რომლებიც მაქსიმალური შედეგების მისაღწევად ყოველდღიურად შრომობენ.
Space International-ის მსგავსი კომპანიების შემთხვევაში, სადაც პროდუქტები ხელშესახები არ არის და ციფრული სახით გვევლინება, კოლეგებისთვის უფრო რთული აღსაქმელია, ვინ რას აკეთებს. თანაც ბოლო პერიოდში სფეისის გუნდი ძალიან გაიზარდა და ბევრი ადამიანი არ იცნობდა ერთმანეთს. სწორედ ამ ორი საკითხის ირგვლივ შექმნა კომპანიამ ფოტოსესიისა და ბლიც ინტერვიუს სახით უახლესი პროექტი #MeetSpaceTeams, რომელიც მიზნად ისახავს, არსებულ და ახალ თანამშრომლებს ხელი შეუწყოს ინტეგრირებაში; გუნდის წევრებისა და გუნდების ფუნქციების გაცნობაში.
პროექტის კონცეფციასა და იდეაზე უფრო დეტალურად Space International-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, მარი აბულაძე გვიყვება.
M: მარი, სტანდარტული კითხვით დავიწყოთ — რას ეხება ეს უახლესი პროექტი და როგორია მისი კონცეფცია?
ბევრი ვიფიქრეთ, როგორ შეგვეძლო იმ პრობლემის მოგვარება, რომ დიდ ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიაში ყველას არ ესმის, რას აკეთებს ესა თუ ის გუნდი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კულტურა გუნდურობაზეა დაფუძნებული, წარმატების ნაწილიც ყველა ჩვენგანზეა გადანაწილებული — შესაბამისად, ერთიანობის განცდის გაზრდა და ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, უფრო კონცეპტუალური პროექტისკენ წავედით, ნაცვლად ტრადიციული მიდგომისა, სადაც ფუნქციები სტანდარტული სახით იქნებოდა ახსნილი…
ასე მივედით ფოტოსესიამდე, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე თემატიკა გამოვყავით და თანამშრომლებმაც ამის მიხედვით გადაიღეს სახალისო ფოტოები — მაგალითად, ერთ-ერთი თემა სპორტი იყო. ზოგადად, ისეთ რაღაცებზე ვფოკუსირდით, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან პირდაპირ არაა დაკავშირებული.
M: პროექტის მეორე ნაწილია ბლიც ინტერვიუები — მას რა დატვირთვა ენიჭებოდა და რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი ფორმატის ჩართვაც?
ძირითადად, საქმიანი ნაწილი მოსაწყენია — მიუხედავად სამსახურისა და პროცესის საინტერესოობისა. ამიტომაც, გვგონია, რომ ამ ყოველდღიური საქმიანობების მიღმა სხვა კუთხითაც უნდა ვიცნობდეთ ადამიანები ერთმანეთს, რადგან ამგვარი კავშირები და სიახლოვე საქმეზეც დადებითად აისახება. ბლიც ინტერვიუებიც ამ იდეის ირგვლივ გავაერთიანეთ — დავაკავშირეთ როგორც უშუალოდ პროფესიულ ნაწილთან, ისე უბრალოდ ცხოვრების სხვადასხვა თემატიკასთან.
მაგალითად, რა რიტუალები აქვთ რაღაც დიდი მიღწევების აღსანიშნად; რა ფარულ უნარებს ფლობენ; რომელ მუსიკას უსმენენ ყველაზე მეტად ან რომელ ცნობილ ადამიანს დაიმატებდნენ მეგობრებში და ა. შ. საბოლოოდ, ძალიან სახალისო პასუხები გამოვიდა, რამაც პროექტს საინტერესო, სასიამოვნო ხასიათი შესძინა.
ვინაიდან ჰიბრიდულ რეჟიმში ვმუშაობთ და ხშირად ყველა გუნდი ერთად ვერ ვხვდებით ოფისში, ჯაჭვური და მყარი კავშირების ჩამოსაყალიბებლად სხვა გზებს მივმართავთ. ერთ-ერთი ასეთი გზაა სწორედ აღნიშნული პროექტი.
M: ცხადია, ეს პროექტი დიდი კულტურის ნაწილია, რომელიც ზოგადად სფეის ინტერნეიშენალშია დანერგილი… მოგვიყევი, ყოველდღიურ საქმიანობასა და აქტივობაში როგორ იკვეთება თქვენი ეს მიდგომა გუნდების დაახლოების კუთხით?
ჯერ კიდევ მაშინ, როცა კომპანია მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა და მხოლოდ Space-ის სახელით იცნობდა საზოგადოება, ერთი კრეატიული ტრადიცია დავნერგეთ… თითოეულ გუნდს კოსმოსთან დაკავშირებული მისიების სახელები შევურჩიეთ — მაგალითად, Curiosity, Falcon Heavy და სხვა. ახალი თანამშრომლებისთვის დამაბნეველია ხოლმე ამგვარი სახელწოდებები — სესხების გუნდი რომ ერქვას, გასაგებია, რასაც აკეთებენ, მაგრამ ნასას მისიები რა შუაშია, ვერაფრით ხვდებიან. თუმცა ასეთ მცირე დეტალებშიც კი ვცდილობთ, რომ რუტინულ საქმეებს, თუნდაც ძალიან ღირებულსა და წარმატებულს, სულ სხვაგვარი დატვირთვა შევძინოთ. მსგავსი მიდგომით, ყველაფერი უფრო საინტერესო, ჩარჩოებს გაცდენილი ხდება.
M: ერთია პროფესიული საქმიანობა, მეორე კი „ადამიანური ურთიერთობები“, რაც ხშირად გვავიწყდება სამსახურებრივ რუტინაში. თითქოს, მხოლოდ ერთ კონკრეტულ როლს ვირგებთ — პროფესიისა და საქმიანობის მიხედვით „ვიშტამპებით“ და ირგვლივმყოფებსაც საგანგებოდ ვავიწყებთ ჩვენში დაფარულ მისწრაფებებს, ოცნებებს, სურვილებს თუ შესაძლებლობებს. ზოგადად, Space International-ისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ ზღვრის მოშლა და ღიაობის კულტურის დანერგვა?
ძალიან სწორი მინიშნებაა, რადგან ეს პროექტიც ამ ყველაფრის წარმოჩენას ემსახურებოდა. სფეის ინტერნეიშენალის ღირებულებები ღიაობას, ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვნების წარმოჩენა/წახალისებას ემსახურება. აქ განსხვავებულობა არა თუ დამაბრკოლებელ ფაქტორად, არამედ სიყვარულის მორიგ მიზეზად გვევლინება — ყველა თავისი რაღაც ინდივიდუალური მახასიათებლის გამო უყვართ. ვფიქრობ, ასეთი ადამიანური გარემოს ჩამოყალიბება განაპირობებს იმას, რომ ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად, დიდი ერთიანობის შემადგენელ ნაწილებად აღიქვამენ თავს.
თან მართლა დიდ ძალისხმევას ვდებთ სამსახურს გარდა „არასამუშაო“ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში — ვაწყობთ ჯანქ საღამოებს, კალათბურთის გუნდიც გვყავს და ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად. ჩემი აზრით, დღესდღეობით ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანი კია, მაგრამ ამას გარდა, კომპანიებმა მეტად უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე. რაც მთავარია, ეს ხელოვნური არ უნდა იყოს და ბუნებრივად ინერგებოდეს კულტურის ნაწილად.
M: ტექნიკურ სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ არსებობს სტერეოტიპი, რომ მხოლოდ საკუთარი საქმე აინტერესებთ და მთელ კონცენტრაციას ტექნიკურ საკითხებს უთმობენ… თქვენთან კი სულ სხვაგვარი რეალობაა, გასართობი საღამოების მოწყობითა და სპორტით დაკავებით…
ნამდვილად ასეა და სიმართლე გითხრა, ის მრავალფეროვნება, რომელიც სფეის ინტერნეიშენალშია, სხვაგან არ მიგრძნია. ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვს, ყველას განსხვავებული რამ მოსწონს — ვფიქრობ, სწორედ ეს ქმნის იმ განსაკუთრებულობას, რომელსაც დღეს Space International ჰქვია.
[R]