in

ვის და როგორ ვესაუბროთ ბრენდის შიდა კულტურაზე – „სფეისური ოდისეა“, როგორც დოკუმენტი

2009 წელს, Netflix-მა 125-სლაიდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ის კომპანიის ფილოსოფიასა და ღირებულებებს გვაცნობდა, ბრენდის მოსალოდნელ ქცევებზე შთაბეჭდილებას გვიქმნიდა. დოკუმენტი ნათელს ჰფენდა კომპანიის კულტურას, მის პერსონიფიცირებულ სურათს გვიხატავდა და გადმოგვცემდა, რა ხდება კომპანიის მიღმა.

საქართველოში რომ გადმოვინაცვლოთ და მსგავს გამოცდილებაზე მოგიყვეთ, „სფეისური ოდისეა“ უნდა გაგაცნოთ:

„სფეისური ოდისეა“ პირველი ციფრული ნეობანკის, „სფეისის“ შიდა კულტურის პატარა წიგნია, რომელიც ახალი სფეისელებისთვის ორგანიზაციაში გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს. აქ თავმოყრილია ბრენდის მიდგომები, ღირებულებები და ხედვები. ამ წიგნს, რომელსაც ბლოკნოტის ფუნქციაც აქვს, ყველა ახალ სფეისელს ურიგებენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ძირითად პრინციპებში თანხვედრა განაპირობებს მთლიანი გუნდის ეფექტურ და სასიამოვნო ერთობლივ მუშაობას.

ორგანიზაციული კულტურის გასაცნობად, „სფეისურ ოდისეაში“, ვოიაჟის განმავლობაში, ახალი სფეისელი 8 სხვადასხვა გაჩერებაზე ამოყოფს თავს – „დიდი აფეთქებიდან“ დაწყებული – „სფეისია ადამიანით?!“ დამთავრებული. 

მარკეტერის მკითხველისთვის, ჩვენ კიდევ ერთ გაჩერებას მივამატებთ – ნათია სვანიძესთან (Product Owner „სფეისში“) და მასთან ინტერვიუს მეშვეობით, „სფეისური ოდისეის“ შექმნასთან დაკავშირებულ დეტალებს გაგიზიარებთ:

M: ნათია, მოგვიყევი, რა გახდა დოკუმენტის – „სფეისური ოდისეა“ შექმნის წინაპირობა?
სფეისის თავდაპირველი გუნდი 2018 წელს, 5 ადამიანისგან შედგებოდა, ორ წელიწადში თანამშრომლების რაოდენობა 100-ს გადასცდა. როდესაც გუნდი პატარა იყო, უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის და ბუნებრივად ვიზიარებდით ერთმანეთის ღირებულებებს.

ვინაიდან, გუნდის სწრაფი ზრდა გამოწვევაა კულტურისა და სულისკვეთების შენარჩუნების კუთხით, გადავწყვიტეთ, ის ღირებულებები და პრინციპები, რაზეც „სფეისი“ პირველი დღიდან დგას, ჩამოგვეყალიბებინა და დოკუმენტის სახე მიგვეცა.

ახალი თანამშრომლების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება კულტურულ შესაბამისობას, ე.წ. culture fit-ს ექცევა. ჩვენ გუნდში ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან გამბედაობით, მაღალი პროფესიონალიზმით, არიან დამოუკიდებლები და არ ეშინიათ გადაწყვეტილების მიღების. თუმცა ამ თვისებებმა არ უნდა ჩაგვაგდოს ხიბლში, შესაბამისად, „სფეისის“ გუნდში გვაქვს ორი, ერთმანეთის დამაბალანსებელი ღირებულება – გამბედაობა და თავმდაბლობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, როგორადაც გინდა, მომხმარებელი აღგიქვამდეს, როგორც ბრენდს, იმავე ღირებულებებისა და გარკვეულწილად, ხასიათის მატარებელი ადამიანები იდგნენ ამ ბრენდის უკან.

M: „სფეისური ოდისეა“ – ეს იყო მთელი გუნდის ერთობლივი ინიციატივა, თუ ვერტიკალიდან წამოსული იდეა?
ცხადი იყო, რომ შემოქმედებითი, თავისუფლების სიყვარულის გარშემო გაერთიანებული ადამიანები „უფროს-უმცროსული” მიდგომით ვერასდროს მიაღწევენ სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ, „სფეისში“ უარი ვთქვით გაცვეთილ, კონსერვატულ ორგანიზებულ სტრუქტურაზე და სრულიად ახალი მოდელი – ჰოლაქრასი დავნერგეთ.

ჰოლაქრასი (Holacracy) საერთო მიზნის მქონე თვითორგანიზებული სისტემაა, როგორც ადამიანის ორგანიზმი – თითოეულ უჯრედსა და ორგანოს თავისი ფუნქცია აკისრია, რომელსაც დამოუკიდებლად ასრულებს. თუმცა ისინი საერთო მიზანს ემსახურებიან – აცოცხლონ სხეული.

ეს მოწყობა გულისხმობს იმასაც, რომ ინიციატივები, როგორც წესი, სწორედ ქვემოდან ზემოთ მოდის და ასე იყო, ამ შემთხვევაშიც, ჩვენ დავსხედით და გუნდში გამოვკვეთეთ ის თვისებები, რაც ყველა სფეისელისთვის საჭიროდ მიგვაჩნდა. მოსაზრებები შევაჯერეთ და ასე შეიქმნა ეს დოკუმენტი.

M: მხოლოდ „სფეისის“ შიდა რესურსებზე დაყრდნობით შექმენით დოკუმენტი?
პირველ ეტაპზე გუნდის სხვადასხვა წევრი იყო ჩართული პროცესში. საბოლოო სახე მარკეტინგის გუნდთან ერთად მივეცით და ასევე, კოპირაიტერი, ლაშა მილორავა დაგვეხმარა. 

M: რომ შევაჯამოთ, ვისთვის/რისთვის არის ბრენდის ორგანიზაციული კულტურის დოკუმენტი საჭირო? რას ცვლის მისი წერილობითი არსებობა?
ყველა ახალი თანამშრომელი მოსვლისთანავე იღებს საჩუქრების ნაკრებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიცაა კულტურის დოკუმენტი. ამასთანავე, ყველა სფეისელი გადის ონბორდინგ ტრენინგებს, სადაც უფრო სიღრმისეულად ვფარავთ, „სფეისის“ შესახებ, ყველა მნიშვნელოვან საკითხს. 

ამ დოკუმენტის წერილობითი არსებობა უფრო მეტ ძალას მატებს იმ შეთანხმებას, რაც ყველა სფეისელს შორის არის და მეტ მოტივაციასაც გვაძლევს, რომ სწორედ ამ პრინციპებით ვიმუშაოთ საერთო მიზანზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი არის ბლოკნოტის ნაწილი, რომელსაც სფეისელები ყოველდღიურად იყენებენ. 

და როგორ ვისაუბროთ ბრენდის შიდა კულტურაზე? – სტატიას იმაზე საუბრით დავამთავრებთ, რითიც დავიწყეთ და ამ კითხვაზეც, „ნეტფლიქსისა“ და „სფეისის“ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორი სწორი პასუხი გვექნება: „ნეტფლიქსის“ შემთხვევაში, კომპანიას შიდა კულტურა გარეთ, უშუალოდ, დოკუმენტის სახით გამოაქვს და მომხმარებელი ასე ეცნობა ბრენდის ღირებულებებს, „სფეისში“ კი, ასეთ პატარა წიგნს კომპანიის თანამშრომლების გზამკვლევის ფუნქცია აქვს – სწორედ იმისთვის, რომ გუნდის თითოეული წევრი იმდენად იაზრებდეს და იზიარებდეს ბრენდის პრინციპებს, რომ მათი სფეისელობა, კომპანიის გარეთაც, მარტივი შესამჩნევი იყოს და მათთან ურთიერთობის გამოცდილებაც, თავის მხრივ, „სფეისზე“, როგორც ბრენდზე, რაღაცას ამბობდეს.

ავტორი: თიკა გეგენავა

მესამე ხელი – რობოკიდური, რომელიც ხილის მოკრეფასა თუ კედლების შეღებვაში დაგვეხმარება

Banksy ანტი-რასისტულ ნამუშევარს აქვეყნებს