სასტუმროს ნომრების შერჩევისას ბევრი ადამიანი პანორამულ ხედებს უდიდეს ყურადღებას აქცევს, კომპანია Space Perspective კი ამ ხედვას კოსმოსის კიდემდე აფართოებს… კერძოდ, უახლესი ინიციატივის ფარგლებში სურთ, მიშელინის ვარსკვლავიანი რესტორან Alchemist-ის ფილიალი კოსმოსში გახსნან.
უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, Space Perspective-ის ნახშირბად-ნეიტრალურ ხომალდზე ექვსსაათიანი ოდისეა მოეწყობა ექსკლუზიური ექვსკაციანი ჯგუფისთვის — ამისათვის ერთ სულზე $495 000 იქნება გადასახდელი. როგორც ამბობენ, სტუმრები „აეროგრილით შთაგონებულ“ მენიუს ეზიარებიან, რომელიც გასტრონომიას, ხელოვნებასა და მეცნიერებას აერთიანებს. ეს ყველაფერი კი ადამიანებისა და დედამიწის ურთიერთობის სიმბოლურ კონცეფციას შეეხება.
კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით „ნეპტუნი“ შესაბამისად აღჭურვილი იქნება სრული კომფორტისა და კავშირის უზრუნველსაყოფად. კაფსულაში მოათავსებენ მინი სამზარეულოს, კეთილმოწყობილ ბარს და აბაზანასაც კი. მომსახურე პერსონალი კი ძვირადღირებული სათხილამურო ბრენდის, Ogier-ის მიერ დამზადებული ჩაცმულობით იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ხომალდი ზღვის დონიდან დაახლოებით 30 500 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება. ასევე, მხარდაჭერილი იქნება Wi-Fi-ით, რაც სტუმრებსა და პერსონალს საშუალებას მისცემს, საკუთარი „არაამქვეყნიური“ გამოცდილება დედამიწაზე დარჩენილ ადამიანებს გაუზიარონ.
მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა Space Prize-ს, ნიუ-იორკში დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.