in

ბოსტნეულის ნაკრები ფერმიდან სახლში, სასურველი სიხშირით – SpaceFarms-ის გამოწერის მოდელი

„ურბანული მეურნეობის მეშვეობით, ჩვენმა მომხმარებელმა ზუსტად იცის, რომ თესლის დაჩითილებიდან მოსავლის აღებამდე, ჩვენი პროდუქტები, ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულად კონტროლირებად გარემოში იზრდება“.

ფოტოკრედიტი: თამუნა ბერაძე

SpaceFarms ქართული ურბანული მეურნეობაა და ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც კომპანია, რომელსაც მიკრომწვანილისა და ფოთლოვანი მცენარეების მოყვანისა და მოხმარების მეთოდით, მეურნეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს.

„ფერმიდან სახლში“ – ეს არის „სფეისფარმსის“ კონცეფცია და ამოსავალი წერტილი, რომლითაც ჯანსაღი ბოსტნეული შესაძლებელია, 365 დღის განმავლობაში, მოკრეფიდან სულ რამდენიმე საათში, მომხმარებლების მაგიდაზე აღმოჩნდეს.

აქამდე თუ მომხმარებლებს Adjara Group-ის „სტამბის“ ტერიტორიაზე უწევდათ მისვლა, სადაც ეს მეურნეობაა გაშენებული, ამჟამად, მათ გამოწერისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ნაკრების სასურველი სიხშირით, რეგულარულად, ერთსა და იმავე დღეს მიღების შესაძლებლობა აქვთ.

მიმდინარე სიახლეზე SpaceFarms-ის ავტორს, ტუსა ღარიბაშვილს ვესაუბრეთ:

ტუსა ღარიბაშვილი: „SpaceFarms-ში გამოწერის მოდელის დანერგვამდე მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქტების მიწოდების არასტაბილურმა პროცესმა მიგვიყვანა. როდესაც ისინი ჩვენთან მოდიოდნენ, ხშირად ბოსტნეული უკვე გაყიდული, ან ჯერ კიდევ, ზრდის პროცესში ხვდებოდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ პროდუქტი გასაყიდად მზად არ იყო.

სწორედ ამიტომ, ამ ურთიერთობას სტაბილური ფორმა მივეცით და შევქმენით პლატფორმა – SpaceFarms-ის ახალი, ონლაინ სივრცე, სადაც ყველა მომხმარებელს შეუძლია, რეგისტრაციის გავლით, ჩვენი პროდუქტების გამოწერა და ბოსტნეულის სტაბილურად: თვეში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერაა მიღება შესაძლებელი. რეგისტრაციის ბოლოს, მომხმარებელი ირჩევს თარიღს 1, 10 ან 20 რიცხვს. გამოწერის სიხშირე მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული, ფასი კი – გამოწერის სიხშირეზე.

რაც შეეხება იმას, თუ რისი გამოწერა შეუძლიათ, სტანდარტული ნაკრები გვაქვს: სალათის ფურცლები, მიკრომწვანილები, აქტიურად რაც მოიხმარება, ის ბოსტნეული და ასევე, ისეთებიც, რომლებიც საქართველოში იშვიათად ან საერთოდ არ გვხვდება: მიზუნა, ბათერქრანჩის სალათი, მწვანე ბაზილიკი და სხვა.
გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა კერძის მთავარი ინგრედიენტების ერთ შეფუთვაში მიღება.

M: „ფერმიდან სახლში“ კონცეფციაზე უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ, ბოსტნეულისთვის სასარგებლო თვისებების შენარჩუნების კუთხით, რა უპირატესობა აქვს ამ მოდელს?
ჩვენ ურბანული მეურნეობა გვაქვს, რაც მომხმარებლებისთვის, სეზონის მიუხედავად, ჯანსაღი ბოსტნეულის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს.

დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან აქტუალურია მომხმარებლების უფლებებზე ზრუნვა, შესაბამისად, წარმოების პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს – მათ უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ბოსტნეული, სად იზრდება, რა გზას გადის და ა.შ.

ურბანული მეურნეობის მეშვეობით, ჩვენმა მომხმარებელმა ზუსტად იცის, რომ თესლის დაჩითილებიდან მოსავლის აღებამდე, ჩვენი პროდუქტები, ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულად კონტროლირებად გარემოში იზრდება. ანუ, ამ პროცესში ის მავნე ზემოქმედებას არ განიცდის.

ჩვენი ბოსტნეული იზრდება პესტიციდების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჯანსაღი ბოსტნეულის წარმოებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი მიზანია, ბოსტნეული მომხმარებელთან რაც შეიძლება ახლოს იზრდებოდეს. უნდა აღვნიშნოთ ლოკალური წარმოებაც და ასევე, შუამავალი რგოლის არარსებობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქტები საწყობში არ ინახება, არ ფასოვდება, დახლზე არ იდება. მრავალჯერადი შეფუთვით, დილით, ფერმიდან აღებული მოსავალი – ცოცხალი, ზრდასრული მცენარე, ფესვებითვე, მომხმარებელთან მიდის (ფესვები მას გემოვნურ თვისებებსა და სურნელს უნარჩუნებს და მხოლოდ მოხმარებისას იჭრება).

ფოტოკრედიტი: ანა გაბაშვილი

აქვე, ნაკლები ტრანსპორტირების ფაქტორიც უნდა ვახსენოთ, ვინაიდან აღებული მოსავალი რაც უფრო ცოტა კილომეტრს გადის მომხმარებლებთან მისვლამდე, მცენარესაც მით უფრო ნაკლები სტრესი აქვს და შესაბამისად, სასარგებლო ნივთიერებებსაც არ კარგავს.

M: მომხმარებლების კომფორტი გასაგებია, თქვენ რის შესაძლებლობას გაძლევთ თქვენს მეურნეობაში გამოწერის შესაძლებლობა?
გამოწერის მოდელი საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს რეალურ მომხმარებლებთან მუდმივ კონტაქტში ვიყოთ.

სწორედ ამიტომ, მათ იმის შესაძლებლობაც მივეცით, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, მოგვწერონ და გარკვეული დროით, მათ სახელზე ბოსტნეულის აღება შევაჩეროთ.

ვინაიდან ჩვენი მეურნეობა, ჯერჯერობით, დიდი არაა, გამომწერების რიცხვი შეზღუდულია და როგორც კი მათი სია შეივსება, მსურველები, ავტომატურად, დალოდების რეჟიმში გადავლენ.

ავტორი: თიკა გეგენავა

გარეკანის ფოტო: თამუნა ბერაძე

ნახეთ: Google Chrome-ის WebXR ექსპერიმენტები, რომლებიც დამატებით რეალობას იყენებს

“ცხენების დოღი, ეძღვნება ედგარ პრადოს” – დედიკას გალერეა მიშა გოგრიჭიანის გამოფენას მასპინძლობს