in

SpaceOS ციფრული სამუშაო სივრცის ახალ კონცეფციას გთავაზობთ

Google Docs-ს, Trello-სა და Miro-ს უკვე კარგად ვიცნობთ და მართალია, ისინი მუშაობის პროცესსაც გვიმარტივებს, მაგრამ სამივეში ერთდროულად ჩართვა ცოტათი ართულებს ჩვენს ციფრულ ცხოვრებას… აქ კი Deta-ს დამფუძნებელ მუსტადა აბდელჰაის საინტერესო იდეა აქვს — SpaceOS-ის ახალი მომსახურებით სრულიად განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს, ვებაპლიკაციების ახალი ნაკრებით, რომლებიც ერთად დესკტოპზე იმუშავებს და მასზე წვდომა ნებისმიერი ვებბრაუზერიდან გექნებათ.

ჩვენ ვქმნით გაერთიანებულ პლატფორმას, სადაც აპლიკაციები მართლა კარგად მუშაობს ერთად და ამას მომხმარებელი აკონტროლებს, — განმარტავს აბდელჰაი. 

იდეა ღრუბელზე დაფუძნებული პერსონალური კომპიუტერის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ რეალურად ეს ვებაპლიკაციების ალტერნატიულ რეალობას უფრო ჰგავს. ამ მიზნის მისაღწევად უკვე 3.5 მილიონი დოლარია შეგროვებული… თავად SpaceOS-ს კი ფესვები Deta Cloud-ში აქვს გადგმული, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს წამოიწყეს დეველოპერებისთვის, რათა მათ აპლიკაციების სწრაფად შექმნისა და დანერგვის საშუალება ჰქონოდათ. პოპულარულიც გახდა და მასზე აპლიკაციების შესაქმნელად 67 000 დეველოპერი დარეგისტრირდა. Deta კი ახლა სწორედ ამ აპლიკაციებს აფუძნებს Space OS-ს…

ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ, შემდეგ Deta-ს Discovery-ის მაღაზიაში აპლიკაციებიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და დააინსტალიროთ თქვენს პირად სივრცეში. ამ ეტაპების გავლის შემდგომ კი, მათი ინდივიდუალურად გახსნაც შესაძლებელი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ SpaceOS-ის აპლიკაციებიდან არცერთი ეკუთვნის დიდ კომპანიებს. თითქოს ისინი დროში გაცვეთილ კონცეფციებს ახალ სიცოცხლეს სძენენ — Webcrate ე. წ. სანიშნეების მენეჯერია, PersonalDrive ფაილის გაზიარების ხელსაწყო, Surfer საძიებო ძრავა და ინტერფეისი ChatGPT-ისთვის. აქვე იპოვით მრავალ ვარიანტს ტექსტების რედაქტირებისთვის. 

საინტერესოა ისიც, რომ ამ წლის დასაწყისში Deta-მ ვირტუალური დესკტოპის მარტივი სტატიკური ვერსია წარმოგვიდგინა, Space OS-თან ერთად კი კონცეფციას Horizons-ის ფუნქციით ავითარებს — მომხმარებლებს აპლიკაციებთან ერთად, სურათების, ჩანაწერებისა და ლინკების დამატება შეუძლიათ და მალე მინიატიურული აპლიკაციების პირდაპირ გვერდზე დამატებასაც შეძლებენ. ეს ყველაფერი კი ჰორიზონტალურ პანელზე განთავსდება. 

რაც შეეხება აპლიკაციების გაერთიანების საკითხს, აბდელჰაის ერთ-ერთ მაგალითად ვირტუალური დაფის აპლიკაცია Oasis მოჰყავს, რომელიც მომხმარებლებს უსასრულო ჩარჩოს აძლევს ტექსტური ჩანაწერებისა თუ სურათებისთვის, მომავალში კი ამას ნახატები და ChatGPT ტრანსკრიპტებიც დაემატება. 

აქვე გვთავაზობს App Actions-ის კონცეფციის დემო ვერსიას, სადაც მომხმარებლებს ღილაკზე ერთი დაკლიკებით მონაცემის ნებისმიერ ადგილზე განთავსება შეუძლიათ. მაგალითად, ChatGPT-ის აპლიკაცია Dialogue-ში ტექსტის გენერირების შემდგომ, ის მონაცემებს რედაქტირებისთვის Minima-ში გაგზავნის. ამასთან, Deta უნივერსალური საძიებო ჩანართის დამატებას გეგმავს, რათა მომხმარებლებს ფაილებისა და ინფორმაციების მოძიება ყველა აპლიკაციაში შეეძლოთ.

გვწამს, რომ ავაგებთ საოპერაციო სისტემას და დეველოპერები დაინახავენ მის სარგებელს, მოტივაციაც გაუჩნდებათ, რათა აქ რაღაც შექმნან. ჩვენ საკუთარ თავზე და დეველოპერებთან ვმუშაობთ აპლიკაციების შექმნისთვის, რომელთა გამოყენებასაც სიამოვნებით ისურვებთ. ნელ-ნელა თქვენ უფრო მეტ აპლიკაციას და, შესაბამისად, უფრო მდიდარ გამოცდილებას მიიღებთ, — განმარტავს აბდულჰაი.

მართალია, ჯერ მრავალი საკითხია მოსაგვარებელი და Space OS უფრო ექსპერიმენტს ჰგავს, მაგრამ თუ ეს დაამტკიცებს, რომ ვებაპლიკაციებს ერთად შეუფერხებლად მუშაობა შეუძლია, მაშინ ცდად ნამდვილად ღირს… 

საშა კაცმანი World Marketing Summit 2023-ის სპიკერია

Disney-მ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია ახალი ტექნოლოგიებით განაახლა