10
Dec
2019

SpaceX-ის პასუხი ასტრონომებს – ეცდებიან Starlink-ის თანამგზავრები ნაკლებად ანათებდეს

10 Dec 2019

Alta
Alta


SpaceX, მისი „მსოფლიო ინტერნეტის“ პროექტის – Starlink-ის გამო, არც ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს ასტრონომებში. საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე, ორბიტაზე უკვე 120 სატელიტია გაშვებული და მათი შემჩნევა ცაზე არც ისე რთულია არათუ ასტრონომებისთვის, მოქალაქეებისთვისაც. მათი ნათება კი ისაა, რაც ასტრონომებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში – კოსმოსის დაკვირვებაში მნიშვნელოვნად უშლის ხელს. მეტიც, ასტრონომები ამბობენ, რომ თუ პროექტი Starlink გეგმისმიერად შესრულდება (ბოლო ინფორმაციით, დაგეგმილია ორბიტაზე 42 000-მდე თანამგზავრის გაშვება), ის დედამიწიდან ვარსკვლავებზე დაკვირვების შესაძლებლობას საბოლოოდ მოსპობს. 

Starlink არის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის პროექტი, რომლის ამბიციაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა. ასტრონომების არგუმენტებისა და უკმაყოფილების საპასუხოდ, SpaceX-მა ახალი ექსპერიმენტი დააანონსა, რომლის მიხედვითაც ეცდება ისე შეფუთოს თანამგზავრები, რომ ისინი ნაკლებად ანათებდნენ. კომპანიის განცხადებით, ახალი შეფუთვის მქონე 60 თანამგზავრი კოსმოსში ამ თვის ბოლოსკენ გაიგზავნება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არეკვლის, შესაბამისად კი, ნათების საწინააღმდეგო სისტემამ შესაძლოა, თერმული ცვლილებები გამოიწვიოს, რაც თანამგზავრების მუშაობაზე, ანუ გლობალური ინტერნეტის წარმოების ხარისხზე აისახება. SpaceX-ში იმედოვნებენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს იპოვიან.

მიუხედავად SpaceX-ის ნაბიჯისა, სხვადასხვა მეცნიერი ამ მოვლენას მაინც სკეპტიკურად უყურებს. მაგალითად, ასტროფიზიკოსი ჯონათან მაკდოუელი ამბობს, რომ ცდად ღირს, თუმცა, ეს შეიძლება დამთავრდეს იმით, რომ თანამგზავრების ორბიტიდან დედამიწისკენ მოახლოება გახდება საჭირო. აგრეთვე, მაკდოუელის თქმით, ამ გადაწყვეტამ (თანამგზავრების შეფუთვამ) შესაძლოა თანამგზავრები შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი გახადოს, თუმცა, ეს ისევ იქნება პრობლემა ასტრონომებისთვის.

ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს SpaceX-ის ცდა, თუმცა, მეცნიერებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი არგუმენტი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუშლის ხელს პროექტი ასტრონომიას, იმ შემთხვევაშიც, თუ თანამგზავრები შუქს აღარ აირეკლავენ. ვსაუბრობთ ჩილეში განთავსებულ დიდ სინოპტიკური კვლევის ტელესკოპზე (LSST), რომელიც უკიდურესად მგრძნობიარე გამოსახულებებზე მუშაობს და ასტრონომებს ბნელი მატერიისა და ენერგიის შესწავლის საშუალებას აძლევს. თუნდაც მაშინ, თუ Starlink-ის თანამგზავრი არანაირ შუქს არ აირეკლავს, ეს მაინც იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი კოსმოსში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისას.

New York Times-თან საუბრისას, LSST-ს მეცნიერი – ენტონი ტაისონი ამბობს, რომ მისი გამოთვლებიც, 42 000 თანამგზავრის ორბიტაზე გაშვების შემდეგ, LSST ტელესკოპის დაკვირვებების 20% უსარგებლო გახდება. ხოლო რაც შეეხება უფრო ეფექტურ გადაწყვეტას, რომელსაც მეცნიერები SpaceX-ისგან ელიან, ეს არის Starlink-ის თანამგზავრების უფრო მაღალ ორბიტაზე განთავსება, რაც უფრო დიდ ხარჯებს უკავშირდება.

განხილვა