ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-სა და Geometric Energy Corporation (GEC)-ის თანამშრომლობით მთვარეზე DOGE-1-ის მისია დაიწყება. მისიის ხარჯებს, რომლის მიზანი მთვარისთვის კომერციული ტვირთის მიწოდება იქნება, სრულად Dogecoin-ით დაფარავენ.
DOGE-1 კოსმოსური კვლევისთვის განკუთვნილი მინიატურიზირებული სატელიტის ტიპს, CubeSat-ს მოიცავს, რომელიც მრავალი კუბური მოდულისგან შედგება. როგორც ცნობილია, მისია 2022 წლის დასაწყისში დაიწყება, როდესაც თანამგზავრის მთვარისკენ გამგზავრებაზე რაკეტა Falcon 9 იზრუნებს.
რაც შეეხება Dogecoin-ს, ეს არის კრიპტოვალუტა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, როგორც სწრაფი, სახალისო და ტრადიციული საბანკო კომისიებისგან თავისუფალი ანგარიშსწორების სისტემა. თუმცა საქმე იქამდე მივიდა, რომ ილონ მასკი საკუთარ თავს “Dogefather”-ს უწოდებს და ამ ვალუტის მთვარეზე ატანასაც გეგმავს.
“ეს მისია დედამიწის ორბიტის მიღმა კრიპტოვალუტის გამოყენების დემონსტრირებას მოახდენს და პლანეტარული კომერციის საფუძველს შექმნის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ – DOGE-1 მთვარეზე!” – ამბობს ტომ ოჩინერო, SpaceX-ის კომერციული გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება იმას. რაც Dogecoin-მა გუშინ, ღირებულების თვალსაზრისით, განიცადა. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ილონ მასკის Saturday Night Live-ში გამოჩენის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი გაიზრდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა – მაჩვენებელი $0.65-დან $0.43-მდე შემცირდა.












