მართალია, SpaceX უფრო ვარსკვლავებს უმიზნებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა გეზი იცვალა და მთავარ სამიზნედ დედამიწა აირჩია. უკვე კარგა ხანია, რაც თვალი ულტრასწრაფ გლობალურ მოგზაურობას დაადგა, რაც ფრენის დროს მკვეთრად შეამცირებს — ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე თუ ახლა 5 საათი და 25 წუთია საჭირო, ამას სულ რაღაც 25 წუთში მოახერხებს, ლონდონიდან ნიუ-იორკამდე 7-საათიან მგზავრობას კი 29 წუთამდე შეამცირებს.
ილონ მასკის ამბიციურ კონცეფციას „დედამიწიდან დედამიწამდე ტრანსპორტირება“ ეწოდება, რა დროსაც Starship-ის კოსმოსური ხომალდი მგზავრებს პლანეტის ერთი წერტილიდან მეორეში რეკორდულ დროში გადაიყვანს. თუ წარმატებული გამოდგება, სუბორბიტალური შატლები მკვეთრად შეამცირებს მოგზაურობის ხანგრძლივობას და მრავალსაათიანი ფრენებისთვის მხოლოდ წუთები დასჭირდება.
იდეა Starship-ის მცურავი ოფშორული კოსმოსური პორტებიდან გაშვებას ემყარება, რაც მას სუბორბიტალურ სივრცეში ასვლის საშუალებას მისცემს. თუ ილონ მასკს დავუჯერებთ, ამ მეთოდით ნიუ-იორკიდან შანხაიმდე მისვლას 39 წუთი დასჭირდება… შესაბამისად, კოსმოსური ხომალდისთვის დედამიწის ერთი წერტილიდან მეორემდე გადასაადგილებლად ერთ საათზე ნაკლები დრო იქნება საკმარისი.
ამ ეტაპისთვის კი კოსმოსური ხომალდი სატესტო ფაზაშია, ოღონდ კოსმოსური მისიებისთვის ცდიან, მაგრამ ახლა, სავარაუდოდ, SpaceX იმასაც გამოიკვლევს, თუ როგორ მოახდენს ტრანსპორტირების რევოლუციას დედამიწაზე.
მართალია, მასკს იდეა ჯერ კიდევ 2017 წელს გაუჩნდა, მაგრამ ინტერესი ამ საკითხმა მას შემდეგ მიიპყრო, რაც Tesla-ს მოყვარულმა ნიკ კრუზმა პოსტი X-ზე გამოაქვეყნა, მასკმა კი გადააზიარა:
ტრანსპორტირების ეს მეთოდი საკმაოდ მიმზიდველად კი ჟღერს, მაგრამ არც გამოწვევები უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, იქნება ეს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას მგზავრების უსაფრთხოების საკითხი, ნებართვის მიღება საავიაციო თუ კოსმოსური ორგანოებისგან, ინფრასტრუქტურის განვითარება თუ სხვა. არც გარემოზე ზემოქმედება უნდა დავივიწყოთ, თუმცა კომპანია უკვე ცდილობს, ნახშირბადნეიტრალურ საწვავის ვარიანტებს მიაკვლიოს.