ვიდეო SpaceX-ის Falcon 9-მ მაშინ გადაიღო, როცა ორი სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი SES-ისთვის გეოსინქრონულ ორბიტაზე გადაიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ 17 მარტს გადაღებულ კადრებში დედამიწა დაახლოებით 35 700 კილომეტრის სიმაღლიდან არის ნაჩვენები.
იგი დედამიწის საოცარი ფოტოებისა და ვიდეოების კოლექციას უერთდება, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 1972 წლის დეკემბერში გადაღებული Blue Marble-ის ფოტოა — Apollo 17-ის კოსმოსურმა ხომალდმა 45 000 კილომეტრი სიმაღლიდან გადაიღო, როცა მას მთვარისკენ ჰქონდა გეზი აღებული. სურათი დედამიწას ხმელთაშუა ზღვიდან ანტარქტიდამდე გვიჩვენებს. ეს პირველი შემთხვევაც კი იყო, როცა სამხრეთ პოლუსი Apollo-დან დავინახეთ.
თუმცა დედამიწის ფოტო მანამდეც გვქონდა — 1946 წელს, მალევე მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, ჩვენს პლანეტას კოსმოსიდან შავ-თეთრი ფოტოები გადაუღეს. მართალია, კამერა დედამიწაზე გაშვებიდან მალევე დაბრუნდა და განადგურდა კიდეც, მაგრამ კადრი გადარჩა… 1960-იან წლებში კი დედამიწის სურათებით მეტად განებივრებულები ვიყავით, რადგან სატელიტებმა სწორედ ამ დროს დაიწყო მასზე დაკვირვება.
2002 წელს NASA-მ ოფიციალური Blue Marble-ის სურათი შემოგვთავაზა, რომელიც პლანეტის რეალურ ფერებს ასახავდა. ეს კი Terra-ს თანამგზავრით მოახერხა, რომელსაც მასალების შესაგროვებლად 4 თვე დასჭირდა. დიახ, ეს ის სურათია, ყველგან რომ ვხვდებით… ამ სურათის ახალ ვერსიას კი უკვე 2005 წელს Blue Marble: the Next Generation უწოდეს და იგი მის წინამორბედზე 2-ჯერ უფრო დეტალური იყო.
დღეს დედამიწას სურათებს სხვადასხვა სინათლის ტალღის სიგრძეზე უღებენ, როგორც სამთავრობო, ისე კერძო ხომალდებიდან. ამას მრავალი მიზანიც აქვს ხოლმე, იქნება ეს ამინდის მონიტორინგი, ემისიების გაზომვა თუ ტყეებში ხანძრებზე თვალყურის დევნება… დაბოლოს, მიუხედავად სურათების ფუნქციური სარგებლისა, ის, რასაც დღეს Falcon 9 გვთავაზობს, კვლავ შეგვახსენებს, როგორია ჩვენი პლანეტა: