in

SpaceX-ის მისია, რომლის დროსაც ასტრონავტები ხომალდიდან გავლენ, ხვალ გაეშვება!

SpaceX დღეს რევოლუციური ნაბიჯის გადასადგმელად მზად იყო, კოსმოსში სრულიად სამოქალაქო ეკიპაჟის გაგზავნას აპირებდა, თუმცა ჰელიუმის გაჟონვის გამო, ეს ამბავი ხვალისთვის, 28 აგვისტოსთვის გადაიდო. Polaris Dawn-ის მისიაზე გესაუბრებით, რომელიც მილიარდერი ჯარედ აიზაკმენის მიერაა ორგანიზებული, ახლა იგი ნასას Kennedy Space Center-იდან დილის 3:38 საათზე (0738 GMT) უნდა აფრინდეს.

M2
M2

SpaceX Dragon-ის კაფსულა სიმაღლის პიკს 1400 კილომეტრზე მიაღწევს – ეს კი იმაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ნებისმიერი ეკიპაჟიანი მისიის ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში… აიზაკმენი 4-კაციან გუნდს გაუძღვება და ეს პირველი კომერციული ფრენა იქნება, რომელიც ახლად განვითარებული SpaceX-ის EVA-ს კოსტიუმებით წარიმართება. 

გუნდის წევრებს შორის არიან მისიის პილოტი სკოტ პოტიტი, ამერიკის საჰაერო ძალების ყოფილი ლეიტენანტი; მისიის სპეციალისტი სარა გილისი, SpaceX-ის კოსმოსური იპერაციების წამყვანი ინჟინერი; მისიის სპეციალისტი და სამედიცინო ოფიცერი ანა მენონი, რომელიც ასევე კოსმოსური ოპერაციების ინჟინერი გახლავთ SpaceX-ში — ასტრონავტებს მისიისთვის 2 წელზე მეტხანს ამზადებდნენ.

საინტერესოა, რომ Polaris Dawn პირველი იქნება იმ სამი მისიიდან, რომელიც Polaris-ის პროგრამის ქვეშ შესრულდება. ეს უკანასკნელი კი აიზაკმენის, ანუ Shift4 Payments-ის ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებლისა და SpaceX-ის თანამშრომლობის შედეგია. 

იდეა ახალი ტექნოლოგიისა და ოპერაციების განვითარებასა და გატესტვაშია, რათა წინ წავწიოთ SpaceX-ის ხედვა, მივცეთ კაცობრიობას საშუალება, იმოგზაურონ ვარსკვლავებში, — აცხადებს აიზაკმენი. 

საინტერესოა, რომ ეკიპაჟი ISS-ის ორბიტაზე თითქმის 3-ჯერ მაღლა მოხვდება, თუმცა 1970 წლის Apollo 13-ის რეკორდის მოხსნამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია…

რას გააკეთებენ ეკიპაჟის წევრები Polaris Dawn-ის მისიის დროს?

მესამე დღეს ეკიპაჟი თავის უახლეს EVA-ს კოსმოსურ კოსტიუმებს ჩაიცვამს, რომლებიც ჩაფხუტის კამერებით, ეკრანებითა და მობილობის თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი და ორ-ორად გავა ხომალდიდან. კოსმოსში თითოეული 15-20 წუთს გაატარებს, დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 700 კილომეტრზე. მომდევნო დღეს კი კოსმოსურ ხომალდსა და Starlink-ს შორის ლაზერზე დაფუძნებულ სატელიტური კომუნიკაციების ტესტირებას დაუთმობენ. 

სულ ეკიპაჟი 40 ექსპერიმენტს ჩაატარებს, რომლებიც მიზნად ისახავს, გაიგოს მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიდხნიანი კოსმოსური ფრენების დროს. კოსმოსში 6 დღის გატარების შემდეგ კი მისია ფლორიდის სანაპიროზე დასრულდება.

დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ Polaris-ის მეორე მისიაშიც Dragon-ის კაფსულას გამოიყენებენ, ხოლო მესამე ფინალური მისია იქნება, რა დროსაც Starship გაფრინდება — SpaceX-ის პროტოტიპი, რომელიც გვაცნობს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომდევნო თაობის რაკეტა, მეტიც, მასკი მას მარსის კოლონიზაციისთვის მთავარ იარაღად მიიჩნევს…

წინანდლის მამულში, „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით, ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა – პროექტის მხარდამჭერია SOLO

მაკდონალდსის ახალი კამპანია – „მოგონებების კოლექცია“