მართალია, ეს რაკეტა იმისათვის შეიქმნა, რომ ჩვენ საბოლოოდ მარსზე დავსახლდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ცოტა კიდევ დააგვიანდება… SpaceX-ის Starship, ყველაზე ძლიერი რაკეტა, რომელიც ოდესმე აუგიათ, სამხრეთ ტეხასიდან ხუთშაბათს 09:33 საათზე აფრინდა, თუმცა მალევე აფეთქდა. შედეგის მიუხედავად, ეს გაშვება რაკეტის ისტორიაში პირველ წარმატებულ სატესტო ფრენად შევიდა.
მასიური რაკეტის ბუსტერს, რომელიც 33 ძრავას მოიცავს, აფრენიდან 2.5 წუთში საწვავის უმეტესობა უნდა გამოეყენებინა, Starship-ის ხომალდისგან განცალკევებულიყო, ბუსტერი ოკეანეში დაეტოვებინა, შემდგომ კი Starship-ს საკუთარი ძრავები გამოეყენებინა… ფრენამ თავისი სიმაღლის პიკს, მიწიდან 39 კილომეტრს, მიაღწია და აფეთქება აფრენიდან 4 წუთში მოხდა.
„რაკეტამ სატესტო ფრენის დროს მრავალი ძრავა გამოცადა, დაკარგა სიმაღლე და დაიწყო ჩამოვარდნა. ფრენის სისტემას როგორც ბუსტერი, ისე თავად ხომალდიც განაგებდა… გუნდები განაგრძობენ მონაცემების შეფასებასა და მუშაობას ჩვენი შემდგომი სატესტო ფრენისთვის“, — აცხადებენ SpaceX-ში.
საბედნიეროდ, ამ აფეთქებას ადამიანებისა თუ ფიზიკური ობიექტების დაზიანება არ მოჰყოლია. მართალია, აფეთქებით დამთავრდა, მაგრამ ეს კომპანიისთვის გარკვეულწილად მაინც წარმატებული იყო. ილონ მასკის თქმით: „მსგავს ტესტირებებში წარმატება იმით განისაზღვრება, თუ რა ვისწავლეთ. დღევანდელი გაშვება კი დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ Starship, რადგან SpaceX-ს სურს, ცხოვრება მულტიპლანეტარული გახდეს“.
იმასაც კი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ამ წელს ორბიტამდე მიაღწევენ. გამაძლიერებელსა და ხომალდს კი ახლა თუ არა, მომავალი წლისთვის აუცილებლად აღადგენენ. თუმცა SpaceX-ს შემდგომი ფრენისთვის FAA-ს ლიცენზია დასჭირდება…
„ყველა დიდებული მიღწევა ისტორიაში გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან დიდ რისკებს თან დიდი ჯილდოც ახლავს. მოუთმენლად ველი ყველაფერს, რასაც SpaceX შეისწავლის, დაწყებული მომდევნო სატესტო ფრენიდან, დამთავრებული მის მიღმა არსებული საკითხებით“, — აცხადებს ბილ ნელსონი, NASA-დან.
გარდა იმისა, რომ ამ რაკეტამ მალე წითელ პლანეტაზე უნდა მიგვიყვანოს, NASA მის გამოყენებას ასტრონავტების მთვარეზე გადასაყვანადაც აპირებს…