SpaceX კოსმოსური ხომალდების საინტერესო სახელებით ყოველთვის გამოირჩეოდა. მან კოსმოსში ჯერ Endeavor, შემდეგ Resilience და Endurance გაუშვა. ახლა კი კოსმოსურ სადგურზე მეოთხე ხომალდს გზავნის და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მას „თავისუფლება“ (Freedom) დაერქმევა.
„მისია Crew-4 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ახალი კოსმოსური ხომალდით, სახელწოდებით „თავისუფლება“ გაფრინდება, სახელი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებასა და ადამიანის დაუოკებელი სულის მისწრაფებებს აღნიშნავს“, — დაწერა კიელ ლინდგრენმა, NASA-ს ასტრონავტმა და მომავალი მისიის Crew-4 მეთაურმა ტვიტერზე.
საინტერესოა ისიც, რომ სახელი რაკეტის Mercury-Redstone 3-ის გამოც შეირჩა, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც Freedom 7. ამ უკანასკნელმა 1961 წელს პირველი ამერიკელი ასტრონავტი ალან შეპარდი კოსმოსში წაიყვანა.
გარდა ამისა, სახელს დიდი მნიშვნელობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოც ენიჭება. განსაკუთრებით იმ რეალობაში, როცა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება… 2011 წლიდან კი აშშ-ს ასტრონავტების გადაყვანა სწორედ რუსული რაკეტის დახმარებით უწევდა. თუმცა ახლა SpaceX-ის მეოთხე კოსმოსურმა ხომალდმა არსებული სურათი სრულად შეცვალა და მან, შესაძლოა, აშშ-ის ასტრონავტებს „თავისუფლებაც“ კი დაუბრუნოს.
„NASA-მ და SpaceX-მა, კომერციული ეკიპაჟის პროგრამის დახმარებით, ეროვნული შესაძლებლობები აღიდგინეს“, — აღნიშნავს ლინდგრენი.
მომავალი თვისთვის კი უკვე Crew-4-ის აფრენა იგეგმება. „თავისუფლება“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ლინდგრენს, ნასას ორ და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ერთ ასტრონავტს წაიყვანს.










