ორი დღის წინ, ადამიანებმა კინაღამ დაიჯერეს უცხოპლანეტელების არსებობა. არც გასაკვირია, რადგან ცაზე ნანახი მბრუნავი ცისფერი სპირალი მეცნიერული ფანტასტიკის გაცოცხლებას ჰგავდა… მოკლედ, ევროპის ცაზე SpaceX Falcon 9-ის გაშვების შედეგად დარჩენილი საწვავი გამოჩნდა, მათ შორის საქართველოშიც და ეს იდუმალი ნათება ფოტოგრაფმა გიორგი შერმაზანაშვილმა დააფიქსირა:
აქ დრო გახლდათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროპაში საღამო იყო, რა დროსაც მზის შუქი მაინც აღწევდა ზედა ატმოსფეროში და სწორედ აქ გამოედინებოდა საწვავი. სინათლის შოუც ამის დამსახურებაა, თუმცა, სანამ გაირკვა, რა იყო, ბევრი კითხვა და მოსაზრება გაჩნდა მათ შორის ესპანეთიდან, უნგრეთიდან, შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან. თუმცა, ფანტაზიებს დიდხანს არ უცოცხლია და UK Met Office-მა მალევე დაადასტურა, რომ ეს Falcon 9 იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა SpaceX-მა ცაზე კვალი დატოვა, მსგავსი სპირალები Falcon 9-ის მისიების შემდეგ ახალ ზელანდიასა და ალასკაზეც უნახავთ…
ვიზუალურად დრამატულია და არც რაიმე საფრთხეს წარმოადგენს, SpaceX-იც აგრძელებს რაკეტების გაშვებას, ამიტომ, თუ მომავალში ცაზე რაიმე მსგავსს დაინახავთ, შეგიძლიათ, სულ მცირე უცხოპლანეტელებზე აღარ იდარდოთ…
ფოტოკრედიტი: შერმაზანა