ალბათ, YouTube-ზე ზოგიერთი ვიდეოს კომენტარებში არაერთხელ შეგინიშნავთ უჩვეულო, „მაცდუნებელი“ კომენტარები. ისინი ე. წ. სპამერებს ეკუთვნის. სპამერები, რომლებიც პოპულარული და ფინანსებზე ფოკუსირებული არხებისკენ არიან მიდრეკილნი, ბუნდოვან სამეწარმეო მცდელობებს ავრცელებენ — მაყურებლებს მოუწოდებენ, WhatsApp-ის, Telegram-ის ან სხვა არააფილირებული ჩათის პლატფორმის მეშვეობით დაუკავშირდნენ.
დიდი ხნის განმავლობაში YouTube-ზე სპამერების კომენტარები გადაულახავ პრობლემად აღიქმებოდა. თუმცა მომხმარებლები აღარ არიან იძულებულნი, ეს მავნე შინაარსის შემცველი კომენტარები აიტანონ. YouTube-მა და ზოგიერთმა იმედგაცრუებულმა კრეატორმა ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავეს ინსტრუმენტები სპამთან გასამკლავებლად.
იპოვეთ სპამერები YouTube კომენტარებში
YouTube-ის სპამერებს არც თუ ისე კარგად შეუძლიათ შენიღბვა, როგორც ამას ფიშერები ან სხვა ჭკვიანი თაღლითები აკეთებენ. მათ საკმაოდ მარტივი „ტექნიკა“ აქვთ შემუშავებული: მომხმარებელთ პირადი მონაცემების მისაღებად, საკმარისია თუნდაც ბმულზე ერთი დაწკაპუნება. შესაბამისად, ფართო მასშტაბებზე გასვლას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მხოლოდ კომენტარის ბევრგან დატოვება და იმედი, რომ დაბნეული მომხმარებლები ლინკზე გადავლენ.
ამასთან, მათი სახელები თაღლითობის ნაწილია — ავტოგენერირებული ასოებისა და ციფრების ნაცვლად, რომელიც შეიძლება კლასიკური ბოტის ანგარიშში ვიხილოთ, YouTube კომენტარების სპამერებს ისეთი სახელები აქვთ, როგორიცაა “Money_Business_Idea”. ხოლო თავად სპამის კომენტარი, როგორც წესი, სავსეა „შხამიანი პოზიტივით“, სპამერი თავს მადლიერ ადამიანად წარმოაჩენს, რაც მოწმობს რომელიმე უსახელო პირის ან პლატფორმის ფინანსურ შესაძლებლობებსა თუ ტექნიკურ მომსახურებას.
გამოსავალი
კრეატორებისა და მომხმარებლების მრავალწლიანი პრეტენზიების შემდეგ, YouTube-მა კომენტარების განყოფილებაში სპამის ჩახშობის ფუნქცია დაამატა. როდესაც იპოვით სპამის კომენტარს, რომლის შესახებაც გსურთ მოხსენება, დააწკაპუნეთ სამი წერტილის ხატულაზე, კომენტარის უკიდურეს მარჯვენა კუთხეში. შემდეგ მონიშნეთ “report” (ჩივილი) ღილაკი.
გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც კომენტარის დარეპორტების მიზეზს გეკითხებიან, სადაც უნდა დააწკაპუნოთ: „არასასურველი კომერციული შინაარსი ან სპამი“ (“unwanted commercial content or spam”).
დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ისინი
არსებობს YouTube-ის მიერ დამტკიცებული სხვა მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ აშორებს ერთ შემაშფოთებელ სპამ-კომენტარს, არამედ ყველა მათგანს, რომელიც ერთ კონკრეტულ ანგარიშს ეკუთვნის.
პირველ რიგში, დააწკაპუნეთ სპამერის ანგარიშზე. შემდეგ დააჭირეთ განყოფილებას „ჩვენ შესახებ“ (about), პროფილის გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში. თქვენ ნახავთ დროშის ხატულას, დააწკაპუნეთ და აირჩიეთ „მომხმარებლის დაბლოკვა“ (block user) და ბოლოს „გაგზავნა“ (submit). შედეგად, ეს კონკრეტული ანგარიში ვეღარ შეძლებს თქვენს ვიდეოებზე კომენტარების დაწერას და, ამავდროულად, აქამდე დატოვებულ ყველა კომენტარს წაშლის.
მათ, ვისაც ბევრი სპამ-კომენტარი აქვს, შესაძლოა, პოპულარული იუტუბერის, ThioJoe-ს, Spammer Purge აპლიკაცია გამოადგეთ. უბრალოდ, იგი მრავალი ტექნიკური მახასიათებლის ცოდნას, ბევრი რთული ნაბიჯის გავლას და მესამე მხარის აპლიკაციაზე ინფორმაციის გაზიარებას მოითხოვს. ამიტომ, პირველი ორი მეთოდი მეტად რეკომენებულია.