9
Sep
2014

SPAR – ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი თბილისში

9 Sep 2014

გლობალურ ბრენდებს საქართველოში კიდევ ერთი SPAR შეემატება. 10 სექტემბერს გოგებაშვილის, ყაზბეგისა და კოსტავას ქუჩებზე სამი მაღაზია გაიხსნება. 

ახლა უკვე საცალო ვაჭრობის ქსელი – ჰოლანდიაში 1932 წელს შეიქმნა. თარგმანში SPAR „ნაძვს“ ნიშნავს, რაც კომპანიის ლოგოშია გამოსახული. დღეს ბრენდი 38 ქვეყანასა და 13 000–ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

საქართველოში SPAR–ს „ფუდმარტის“ ქსელი წარადგენს. მათი თქმით, ბრენდის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ გაფორმდა. „სპარი“, ეტაპობრივად, „იოლისა“ და „ფუდმარტის“ მაღაზიებს ჩაანაცვლებს.

respodenti oto shamugia

ოთო შამუგია (SPAR –ის მარკეტინგის დირექტორი): “ახლა ძალიან შრომატევად პროცესს გავდივართ, რადგან SPAR-ს უამრავი სტანდარტი და პროცედურა აქვს, რაც ახალია ქართული საცალო ვაჭრობის სფეროსთვის.”

M: როგორი იქნება ქართული SPAR ?

ქართული „სპარი“ SPAR International გლობალური ოჯახის ნაწილია. შესაბამისად, ყველა სტანდარტი დაინერგება ჩვენს რეალობაშიც. „სპარის“ მაღაზიები ერთმანეთისგან ფორმატების მიხედვით განსხვავდება. ამ ეტაპისთვის ვხსნით მაღაზიებს, სადაც მომხმარებელი ყოველდღიურად საჭირო ახალი და ხარისხიანი პროდუქტების ყიდვას სახლთან ახლოს შეძლებს. დაგეგმილია ბენზინგასამართ სადგურებზე ექსპრეს ფორმატის მაღაზიების გახსნა.

M: როგორი საფასო პოლიტიკა საქართველოში ამ ბრენდს?

 „სპარი“-ს მომხმარებელი საშუალო და მაღალშემოსავლიანი ადამიანია, რომელიც აფასებს მომსახურების მაღალ დონეს და პროდუქციის ხარისხს. თუმცა, გვექნება მრავალფეროვანი საფასო სტანდარტი, რაც აქციებში გამოიხატება. ყველაზე მოთხოვნადი და სეზონური პროდუქცია, ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

M: ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდით ამ გადაწყვეტილებზე. ოღონდ კონკრეტული ბრენდის სახელი ამ დრომდე უცნობი იყო. ამბობით, რომ შემოდის მსოფლიო ბაზარზე ცნობილი ბრენდი და ნელ– ნელა მათ მაღაზიათა ქსელს, სწორედ ეს ბრენდი ჩაანაცვლებს. „იოლისა“ და „ფუდმარტის“ მომხმარებლები „სპარის“ მომხმარებლები იქნებიან? ისინი ,ხომ აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

„სპარი“-ს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში აქვს ლოკალური ხედვა, რაც ანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას. საქართველოში ჩვენი ფილოსოფია მომხმარებელზე მორგებულობას ეფუძნება და სლოგანით აღნიშნულის ხაზგასმას შევეცადეთ – „თქვენზე მორგებული“. კვლევების საფუძველზე, ცალკეული მაღაზიისთვის შევქმენით ლოკალური მოდული, რომლის ზეგავლენითაც მოვახდინეთ მაღაზიების ასორტიმენტის, ადამიანური რესურსების, დიზაინისა და სხვა დეტალების ფორმირება. „სპარის“ ძირითადი ფორმატი საქართველოში ექსპრესია. შესაბამისად, ჩვენ ვერ გვექნება ისეთი არჩევანი, როგორიც ჰიპერმარკეტებშია,  თუმცა ჩვენთან იქნება ის, რაც მომხმარებელს სურს და სჭირდება. ამ მხრივ, ჩვენი მოლოდინი საკმაოდ ოპტიმისტურია. „სპარი“ იმ მომხმარებელსაც მოიზიდას, ვინც აქცენტს მომსახურებასა და ხარისხზე აკეთებს და მარტივად ამჩნევს, როდესაც მასზე, როგორც მომხმარებელზე, გულწრფელად ზრუნავენ.

 M: „სპარი“-ს ქართველი მომხმარებლები ნაკლებად იცნობენ. როგორ აპირებთ გახადოთ ბრენდი პოპულარული? ჯერ–ჯერობით აქტიური კამპანია არ მიმდნარეობს. თუ გეგმავთ რაიმე საკომუნიკაციო კამპანიას/პიარ აქტივობებს?

ჩვენი დეპარტამენტის ხედვით, არატრადიციულ მედიას აქვს რესურსი, მიაღწიოს რეალურ შედეგებს ადექვატური ხარჯებით. ვფიქრობთ, საცალო ვაჭრობის ბიზნესისთვის სატელევიზიო კამპანია მაღალი ღირებულების გამო ფინანსურად გამართლებული არ არის. შედეგად, გადავწყვიტეთ, ჩვენი აქტივობები ვებ სივრცისა და ბეჭდური მედიის ფარგლებში მოვაქციოთ. დაწყებული გვაქვს მცირე აქტივობა ვებ-ზე, რაც ძირითადად კამპანიის „გახურების“ მიზანს ემსახურება. რამდენიმე Quiz ტიპის ინტერაქტიული ბანერი დავნერგეთ, რომლებიც spar-georgia.com-ზე გადამისამართდება და მოკრძალებულად, ჩვენი SPAR ოჯახის მასშტაბურობის დემონსტრირებას მოახდენს. ასევე, დაგეგმილი გვაქვს BTL აქტივობა. „სპარი“-ს მაღაზიების გამრავლებასთან ერთად, მარკეტინგული აქტივობები გამრავალფეროვნდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ეფექტური საკომუნიკაციო მედია უშუალოდ „სპარი”-ს მაღაზია იქნება.

M: საქართველოში ამ ბაზარზე უკვე არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელიც. მათ უკვე ჰყავთ საკუთარი მომხმარებელი. რომელ მათგანს მიიჩნევთ კონკურენტად და SPAR–ის უპირატესობა რა არის?

„სპარი“ მულტიფორმატული ქსელია, საქართველოშიც სხვადასხვა ფორმატით იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, კონკურენტად ვთვლით ორგანიზებული „რითეილის“ ყველა წარმომადგენელს, ვისაც აქვს ამბიცია, შესთავაზოს მომხმარებელს ის, რაც მას სურს და არა ის, რაც მაღაზიას გასაყიდად გააჩნია. ასეთი ქსელი ბევრი არ არის საქართველოში და ჩვენი სუბიექტური აზრით, „სპარი“-ს ბაზარზე დამკვიდრება არ გაუჭირდება.

M: ქართული ბაზარზე, რომელიც არც თუ ისე დიდია, თუ იქნება მოთხოვნა კიდევ ერთ უცხოური ბრენდზე?

რაც მეტი საერთაშორისო ბრენდი იქნება საქართველოში, მით უკეთესი ქართველი მომხმარებლისთვის. კონკურენცია გვიბიძგებს, რომ საუკეთესო პრაქტიკა გადმოვიღოთ და დავნერგოთ. „სპარის“ ფორმატის მაღაზიაზე მოთხოვნა კი საკმარისად დიდია. მით უმეტეს, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არსებულ ქსელს ვანაცვლებთ, რომელსაც უკვე აქვს ფართო სამომხმარებლო ბაზა.

M: რა გეგმები აქვს SPAR–ს ქართულ ბაზარზე?

2018 წლის ბოლომდე „სპარი“,მინიმუმ, 80 მაღაზიით იქნება წარმოდგენილი ბაზარზე. ასევე, ვგეგმავთ რეგიონებში გაფართოებას.

განხილვა