2
Nov
2019

უფასო სამუშაო სივრცე, განათლება და კონსულტაციები, იდეის ბიზნესად ქცევისთვის – სტარტაპ ჰაბი “სპარკი”

2 Nov 2019

არადა, სულ ახლო წარსულში, თავად ტერმინი “სტარტაპი” ახალი ხილი იყო, დღეს კი, ყოველდღიურად, ათობით ახალი სტარტაპი იბადება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტარტაპ რუკაზე შეიძლება, ჯერ კიდევ, მკრთალ წერტილად ვჩანვართ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება თქმა, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ვითარდება. განვითარების ამ ეტაპზე, ქართველი სტარტაპერები კომპეტენციის შეძენასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას საჭიროებენ. ბევრისთვის ჯერ კიდევ შეუსრულებელი მისიაა საკუთარი სამუშაო გარემოს ქონა, კომპეტენტური რჩევების მიღება და მხარდაჭერა. მათთვის, ვისაც სურს იდეის ბიზნესად ქცევა, შეიქმნა ინოვაციური ჰაბი – “სპარკი” . ის ხელს უწყობს იმ სტარტაპერებს, რომლებსაც არ აქვთ საჭირო რესურსებზე წვდომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. “სპარკი” თბილისის მერიის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია და სრულიად უფასო სერვისებს გულისხმობს.

სპარკი თბილისის ბიზნეს აქსელერატორია, რომელიც გარდა საერთო სამუშაო სივრცისა, ბენეფიციარებს სთავაზობს ექსპერტების საკონსულტაციო დახმარებას (მარკეტინგის, ბიზნეს ანალიტიკის, იურიდიული, ფინანსების და ბიზნეს გეგმების მიმართულებით). ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ვისაც აქვს იდეა და სურს ამ იდეის ბიზნეს პროექტად ქცევა, შეუძლია დარეგისტრირდეს spark.gov.ge-ზე და ჩაერთოს აქსელერაციის 60 დღიან პროცესში,”გვიამბო “სპარკის” კომუნიკაციების მენეჯერმა, ანა დურგლიშვილმა.

აქსელერატორი სულ რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად ჩაერთო სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, თუმცა სულ მალე, ის საერთაშოსო ღონისძიებას უმასპინძლებს. 29 ნოემბერს “სპარკის” თანამშრომლობით, საქართველოში “გლობალ სტარტაპის ევორდსი” ჩატარდება. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე სტარტაპერი დაესწრება. რა გამოწვევები და შესაძლებლობებია ქართველი სტარტაპერების წინაშე? რა როლი აქვს “სპარკს” ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში? – ჩვენს შეკითხვებს ანა დურგლიშვილმა უპასუხა.

M: სპარკის სერვისებსა და პროგრამებზე გვიამბეთ. რას საქმიანობთ, რა მიმართულებით?

ჩვენი სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია. ბენეფიციარებს ვთავაზობთ უფასო სამუშაო სივრცეს,  სამუშაოდ ან სხვადასხვა ბიზნეს შეხვედრების გასამართად და ყველანაირი საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველვყოფთ. ბენეფიციარებს საშუალება აქვთ უფასოდ დაესწრონ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. ტრენინგ ცენტრის მიზანია, მონაწილეებს მისცეს ის საბაზო განათლება, რაც ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო.

გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტის შექმნის მთავარი კომპონენტი ფულად რესურსებზე მარტივი წვდომაა. ჩვენი სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე ყოველთვიურად, ჩვენს მიერ დაქირავებული საერთაშორისო საფინანსო-აუდიტორული ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია BDO 5 საუკეთესო სიცოცხლისუნარიან ბიზნეს პროექტს არჩევს და უწერს ბიზნეს გეგმას.

ასევე გვაქვს პრე-აქსელერატორის პროგრამა, რომელიც სპარკის ინიცირებით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში (თსუ, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და ღია უნივერსიტეტი) ინერგება, რისი მიზანიც, საუნივერსიტეტო დონეზე მეწარმეობის საკითხის პოპულარიზება და იქ დაბადებული იდეების ხელშეწყობაა. ასევე, გვაქვს მენტორთა ქსელის, ბიზნეს მეითის და ტექნოლოგიური ტრანსფერის სერვისები, რომლის მიზანია დამწყებ მეწარმეებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება, ტექნოლოგიური ტრანსფერი კი, ცოდნას გარდაქმნის მოგებიან ბიზნესად.

M: რა შეცდომებს უშვებენ სტარტაპერები ყველაზე ხშირად და რას სწავლობენ თქვენთან, ამ შეცდომების თავიდან ასარიდებლად?

როგორც წესი, სტარტაპერები ბიზნესის გაშვებას ე.წ „ლანჩინგს“ძალიან დიდ ხანს უნდებიან და ელოდებიან მასშტაბური და ყოვლისმომცველი პროექტის შექმნას, რაც ბიზნესის დაწყების პირველ ეტაპზე საკმაოდ რთულია. ამ ლოდინში, ხშირად ბაზარზე უკვე ახალი მსგავსი ბიზნესები ჩნდება და იზრდება კონკურენცია.

ასევე, პრობლემატურია ბაზრის სათანადო ანალიზი. სტარტაპერები პროდუქტის განვითარების ეტაპზე არ ვუზრუნველვყოფთ მის ტესტირებასა და ჩვენებას პოტენციური მომხმარებლებისთვის. ეს კი ხდება მიზეზი იმისა, რომ სტარტაპერები არ იცნობენ თავიანთ მომხმარებლებს, არადა მომხმარებლის თვალით პროდუქტის/სერვისის დანახვა საჭიროა, რათა სტარტაპერმა თუ დამწყებმა ბიზნესმენმა შეძლოს საკუთარი საქმის მთავარი ფასეულობის გაცნობიერება.

შემდეგი პრობლემა, რასაც სტარტაპერები რეალობაში ეჯახებიან, გაყიდვებია. ისინი მარკეტინგულ გეგმას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ფიქრობენ, რომ მომხმარებელი მათ ბიზნესთან თავად მივა, რაც უმეტესად არ ამართლებს. პროდუქტის/სერვისის სწორი პოზიციონირება ბაზარზე მნიშვნელოვანია.

ხშირად ბიზნესის მდგრადობასა და განვითარებას ხელს უშლის არასაკმარისი ადამიანური რესურსი და უფლებამოსილებათა არასწორი დელეგირებაც. ბიზნესში საკუთარი როლის და ჩართულობის გაუაზრებლობა არაეფექტურია.

ჩვენი ბენეფიციარები ბიზნესის განვითარების პროცესს თანმიმდევრულად მიყვებიან. კრიტიკული კითხვების დასმით და რეკომენდაციებით ვცდილობთ სტარტაპერებმა შეძლონ თავიანთ ბიზნესს მომხმარებლის თვალით დააკვირდნენ, დაფიქრდნენ საკუთარი პროდუქტის/სერვისი ფასეულობაზე, კონკრეტულ უპირატესობებზე, შექმნან ფინანსური მოდელი და ჩამოიყალიბონ სწორი ხედვა.

M: თქვენს სამუშაო გარემოზე გვიამბეთ…

“სპარკის” საერთო სამუშაო გარემო საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებითია. ლოკაცია გახლავთ კიკვიძის ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც ამჟამად მიმდინარეობს და სულ მალე დასრულდება. “სპარკი” მხოლოდ სამუშაო ადგილს არ გთავაზობთ:
ჩვენი სივრცით სარგებლობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ მასში არსებული კომპიუტერული ტექნიკა და საოფისე მასალები, ასევე, ისარგებლოთ ბიზნეს ექსპერტების სერვისით.

M: თქვენი ხედვით, როგორ არის შესაძლებელი, ქართულ რეალობაში, ინოვაციების ხელშეწყობა?

ინოვაციების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა. მხოლოდ ერთი ორგანიზაცია ამას ვერ შეძლებს. ამიტომ, ინოვაციების ხელშეწყობაში ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მათ შორის ერთ-ერთია საგანმანათლებლო სივრცე, უფრო კონკრეტულად კი, უნივერსიტეტები.

ჩვენ უკვე ოთხ უნივერსიტეტში დავნერგეთ სპარკის პრე-აქსელერატორის პროგრამა. დღეის მონაცემებით, 300-400 სტუდენტი აქტიურადაა აღნიშნულ პროგრამაში ჩართული, რაც თავისთავად მეწარმეობისა და ინოვაციების პოპულარიზებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ახალგაზრდების ბიზნესით დაინტერესება და სწავლების საწყის ეტაპზევე, პროცესში პრაქტიკული ჩართულობა, სამომავლოდ, ქვეყნის ეკონომიკისა და ინოვაციების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

M: როგორ ხედავთ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პერსპექტივას და რა როლი გექნებათ თქვენ ამაში?

ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, როგორც სტარტაპების წარმატება, ასევე სათანადო ეკოსისტემის წევრების მიერ სათანადო აქტივობები განაპირობებს. ჩვენ უკვე 9 თვეა, რაც ვოპერირებთ და გვგონია, რომ ეკოსისტემაში მართლაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, 29 ნოემბერს საერთაშორისო ღონისძიებას, “გლობალ სტარტაპ ევორდსს” ვმასპინძლობთ. ასევე, აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ ასევე მეზობელ ქვეყნებთან. ერთი თვის წინ, სომხური სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ. მსგავსი აქტივობები ჩვენს სტარტაპერებს რელევანტურ ბაზარზე გასვლაში დაეხმარება და უახლოეს მომავალში კიდევ ვუმასპინძლებთ რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებს.

ვთვლით, რომ ახლა ქართული სტარტაპებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გლობალურ ბაზარზე გასვლა და მსოფლიო აქსელერატორებში მოხვედრა. ზუსტად ამ მიმართულებით ვიწყებთ მუშაობას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა