in ,

„საფერავისთვის“ სპეციალური ბოკალი შეიქმნა

 ქართული წითელი ღვინის, „საფერავი”-სთვის სპეციალური ბოკალი შეიქმნა. სასმისი იმავე ავსტრიულმა კომპანიამ „რიდელმა“ დაამზადა, რომელმაც „პინონუარის“, „ბორდოს“ ბოკლები და „კოკა–კოლისა“ და „ესპრესოს“ ჭიქები.

bokali „რიდელის“ ბრენდ მენეჯერი საქართველოში ავთო ბენიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ღვინის სპეციალური სახეობებისთვის 20–მდე ბოკალი არსებობს და მათ შორის ერთ–ერთია „საფერავის“ სასმისი, რაც მისივე თქმით, ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 ავთო ბენიძე: სპეციალური სასმისის შექმნის იდეა დიდი ხანია არსებობდა და მისი ინიციატორი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტს შალვა ხეცურიანია. ღვინის მცოდნეები და ექსპერტები კარგად იცნობენ ავსტრიულ კომპანია „ რიდელს“, რომელმაც განახორციელა ეს იდეა და შექმნა „საფერავის“ ბოკალი. მათ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ყურძნის ჯიშისაგან დამზადებული ღვინოებისთვის შექმნილი აქვთ სპეციალური სასმისები. არა მხოლოდ, ვთქვათ, თეთრი ან წითელი ღვინოებისთვის ზოგადად, არამედ, კონკრეტული ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ღვინისთვის და ასეთი სასმისი მსოფლიოში 20–მდეა. მათ შორის ერთ–ერთი ახლა უკვე „საფერავი“-ს ბოკალი იქნება. საკმაოდ ამბიციური პროექტია. ასეთ პატარა ქვეყანაში, ერთი კონკრეტული ჯიშისგან გაკეთებულ ღვინოს ჰქონდეს საკუთარი სასმისი. თუმცა, მიზანი მიღწეულია. ჯორჯ რიდელი („რიდელის“ ხელმძღვანელი) საკუთარი საქმის პროფესიონალია. საქართველოს სომალიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით შეიქმნა სწორედ ეს პროდუქტი, ბოკალი, გნებავთ სირჩა, რომელსაც წინ უძღოდა მთელი რიგი პროცესები, მოლაპარაკებები პიროვნულ და კომპანიების დონეზე, ასევე ჩართულები იყვნენ ღვინის დეგუსტატორები და ექსპერტები.

saperavi bokali

 M: როგორ შეიქმნა უშუალოდ საფერავის ბოკალი? 

 მაისში, თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე მოწვეული იყო ჯორჯ რიდელიც, მან სპეციალურად ჩამოიტანა სხვადასხვა ზომისა და ფორმის წითელი ყურძნიდან მიღებული ღვინოებისათვის შექმნილი 16 სხვადასხვა ბოკალი. თითოეული მათგანიდან ექსპერტებმა, ღვინის მცოდნეებმა და უბრალოდ მოყვარულებმა დავაგემოვნეთ „საფერავი“ და ხმათა უმრავლესობით შეირჩა ერთ–ერთი ნაკეთობა, რომელიც გახდა მომავალი „საფერავის“ სასმისის პროტოტიპი. სწორედ ამ ერთი რჩეული ჭიქის მიხედვით დაიწყო მუშაობა რიდელმა და შექმნა 5–6 სახის მიახლოებული ფორმისა და ზომის სასმისი, საიდანაც დეგუსტაციის საფუძველზე შეირჩა სწორედ ის მოდელი, რომელიც დღეს უკვე „საფერავის“ ბოკალია. თავდაპირველად, პრეზენტაციისთვის დამზადდა ორი ცალი ასეთი სასმისი. მალე გაეშვება სერიულ წარმოებაში და უკვე შესაძლებელი იქნება მისი შეძენა.

 M: რა ტექოლოგიებით და სად დამზადდება „საფერავის“ ბოკალი? რა ეღირება ეს სპეციალური სასმისი?

 „საფერვის“ ბოკალი დამზადდება ავსტრიაში, თუმცა, ეს არის ორი სხვადასხვა ხაზი, მაგალითად, ის ორი ცალი, რაც პრეზენტაციისთვის ჩამოიტანეს თბილისში, აბსოლუტურად ხელითაა დამზადებული და არის სუფთა ბროლი. ერთი სწორედ ასეთი იქნება, ხელით დამზადებული და სუფთა ბროლის. პირველ ეტაპზე ასეთი 200–250 ცალი დამზადდება. და არის მეორე ხაზი, სერიული წარმოებისთვის, რომელიც მზადდება, ნახევრად მექანიზირებული მეთოდით და ბროლის გარდა შეიცავს შუშას. რაც შეეხება ღირებულებას, სრულად ბროლისაგან, ხელით დამზადებული სასმისის ფასი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე შუშანარევი, ნახევრადმექანიზირებული ტექნოლოგიით შექმნილისა. თუმცა, კონკრეტულ ღირებულებაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, როცა სერიულად შემოვა საქართველოში მოხდება მისი განბაჟება, მხოლოდ შემდეგ იქნება კონრეტულ ფასზე საუბარი შესაძლებელი.bokali saferavi

 M: ფასისი გარდა, ალბათ, ხარისხშიც იქნება სხვაობა ორი სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებულ ბოკალს შორის?

 სერიული წარმოების იქნება, უფრო, ყოველდღიური მოხმარების. დამზადების მეთოდი თვითღირებულებას ამცირებს. თორემ, ფორმა, ზომა, წონა, მოცულობა აბსოლუტურად ერთიდაიგივე ექნებათ.

 M: რა არის, როგორც თავად აღნიშნეთ, ამ ამბიციური პროექტის მიზანი?

 იმის მიუხედავად, რომ საქართველო, ასე ვთქვათ, ღვინის სამშობლოა და ვართ უძველესი ღვინის მწარმოებლები, ჩვენი პროდუქციის ცნობადობა და პოპულარობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ახლა, როცა „საფერავს“ აქვს სპეციალური ბოკალი, ეს ფაქტი მის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარობას შეუწყობს ხელს. მსოფლიოს მასშტაბით ღვინის მოყვარულებმა და ექსპერტებმა იციან, რა არის „შადრონე“, მაგრამ, შესაძლოა, არაფერი იცოდნენ „საფერავის“ შესახებ. როცა იქნება სპეციალური ბოკალი, ეს ცნობადობის პრობლემა ნელ–ნელა მოიხსნება.

 M: ქართული ღვინის პოპულარიზაციის ნაკლებობის პრობლემას მხოლოდ სპეციალური ბოკალი რამდენად მოაგვარებს?

 ეს არის საწყისი ეტაპი. შემდეგი ნაბიჯი იქნება ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინის დასაგემოვნებლად სპეციალური სასმისის დამზადება. ეს საკითხი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის შიგნითაც ღვინის სმა უნდა იყოს კულტურა და არა ლიტრიან ყანწში უზომო რაოდენობით დასალევი სასმელი. თუმცა, ამის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სხვა კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება.

25 ოქტომბერს საქველმოქმედო ღონისძიება – “თბილისიმარათონი” ჩატარდება !

გოგა ჩანადირი “ლიკანთან” ერთად !