in

Spend Your Summer in Georgia გრძელდება – კამპანია 4 სეზონიანი ხდება

Spend Your Summer in Georgia შემოდგომაზეც გაგრძელდება. ზუსტად 3 დღეში სოციალურ ქსელში ახალი მოწოდება #SpendYourAutumninGeorgia გამოჩნდება. შემდეგ კი, მსოფლიო, საქართველოს ზამთრისა და გაზაფხულის ტურისტულ პოტენციალს გაიცნობს – როგორც ორგანიზატორები ამბობენ, კამპანია 4 სეზონიანი გახდება და სოციალური ქსელებთან ერთად, სხვა პლატფორმებსაც მოიცავს. Spend 4 Seasons in Georgia საშემოდგომო ლოგოს ავტორი ნიკა გაჩეჩილაძეა.

bog
bog-mob

მარიამ გუჯაბიძე (Spend Your Summer in Georgia-ს თანაინიციატორი): კამპანიის თავდაპირველი მიზანი 100 %-ით შესრულებულია. იმ გამოხმაურებისა და ჩართულობის ფონზე, რაც Spend Your Summer in Georgia-ს მოჰყვა ქვეყნის შიგნით, თუ საერთაშორისო დონეზე, ეს შეფასება, ვფიქრობთ, გადამეტებული არ იქნება. კამპანიაში პირველივე დღეებიდან ჩაერთო უამრავი ადამიანი, კომპანიები თუ ცნობილი სახეები, დაიწერა და გაშუქდა საერთაშორისო დონეზე. ამერიკულმა „ფორბსმა“ Spend Your Summer in Georgia რეგიონის საუკეთესო საზაფხულო სამოგზაურო კამპანიადაც მოიხსენია. მთავარი მაინც შედეგია, შედეგი კი ნამდვილად მომხიბვლელია – საერთაშორისო დონეზე უფრო მეტად გაზრდილი ცნობადობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ, კამპანიის ფარგლებში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მუდმივი ზრდა და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული უამრავი ადამიანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ Spend Your Summer in Georgia, კერძო სექტორისთვის, ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივის ინსპირაცია გახდა.

„სექტემბრიდან უკვე ყველა „ვაჰეშთეგებთ“: #Spend4seasonsinGeorgia; #SpendYourAutumninGeorgia“ / Photo Credit: Georgian Journal

რას გეგმავს თქვენი გუნდი შემოდგომაზე? 

მ.გ. : კამპანია გრძელდება, სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო ამხელა გამოხმაურებისა და სახალხო მხარდაჭერის ფონზე. Spend Your Summer in Georgia გაგრძელდება Spend 4 Seasons in Georgia -ს სახელით, რომლის ფარგლებშიც,  ჩვენს ქვეყანას, სეზონურად გავაცნობთ მსოფლიოს. შემოდგომის განმავლობაში ვგეგმავთ ბევრ ახალ პროექტს, გვსურს უფრო მეტი ცნობილი სახე, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ჩაერთონ ამ წამოწყებაში, რაზეც ყოველდღიურად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულის შედეგად კი კამპანია კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს შეიძენს. კამპანიის გაგრძელების თაობაზე გუშინ გავუმხილეთ ჯგუფის წევრებს და სიურპრიზად ცნობილი ფრანგი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის მიმართვაც დავურთეთ, რომელშიც მწერალი ყველას მოუწოდებს გაატარონ შემოდგომა საქართველოში. ამ ყველაფერს საოცარი მოწონება მოჰყვა ჯგუფის წევრებისგან და ზოგადად საზოგადოებისგან, დიდი სიხარულით აიტაცეს კამპანიის გაგრძელების იდეა. ასე, რომ, სექტემბრიდან უკვე ყველა „ვაჰეშთეგებთ“: #Spend4seasonsinGeorgia; #SpendYourAutumninGeorgia. ახლა მოლაპარაკებები მიმდინაროებს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ჩვენი კამპანიის წარმოდგენასთან დაკავშირებით, დეტალები უახლოეს მომავალში გვეცოდინება.

რაც შეეხება ზამთრისა და გაზაფხულის ტურისტულ სეზონებს და მათ პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე . . . 

მ.გ. : როგორც უკვე აღვნიშნე, კამპანია გახდება უფრო ფართომასშტაბიანი და გარდაიქმნება ოთხი სეზონის კამპანიად. თითოეული სეზონი იმდენად მომხიბვლელი და უნიკალურია საქართველოში, ვფიქრობთ,  მსოფლიოს წარმატებით უნდა მივაწოდოთ გზავნილი გაატარონ, არამარტო ზაფხული, არამედ მთელი ოთხი სეზონი საქართველოში. შემოდგომის შემდეგ აქტივობები გადაიზრდება ზამთრის და გაზაფხულის კამპანიაში. დაწყების დღიდან არჩეულ მიმართულებას, რა თქმა უნდა, არ შევცვლით და ასევე, მუდმივად გაგანებივრებთ სიახლეებით და ახალი პროექტებით.

მარიამ გუჯაბიძე: საქართველოს პოპულარიზაციისთვის ყველა ტრიბუნა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

კამპანია სოციალური ქსელის პლატფორმასაც ხომ არ გასცდება? 

მ.გ. : ვფიქრობთ, რომ სოციალური ქსელის პლატფორმა არის საუკეთესო საშუალება, ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ სწორი გზავნილები და გავაცნოთ საქართველო. თუმცა, ჩვენი აქტივობები არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალურ ქსელებში კომუნიკაციით. ახლა კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი საფრანგეთში ევროპელ ბიზნეს ლიდერთა ფორუმზეა და სხვდასხვა ქვეყნების ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს აწვდის ინფორმაციას საქართველოზე, როგორც ტურისტულად მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანაზე. ასეთ აქტივობებს მომავალშიც გავაგრძელებთ, გვგონია, რომ საქართველოს პოპულარიზაციისთვის ყველა ტრიბუნა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

American Diner და საიდუმლო ბარი Woland’s Speakeasy – ამერიკული სუბკულტურა თბილისში

ტელემაუწყებლობის მომავალი – როგორ იყენებენ გაფართოებულ რეალობას პირდაპირ ეთერში