13
Jan
2020

„ფასკუნჯი ჩემს საბარგულში“

13 Jan 2020

Alta
Alta


მე რომ გითხრათ, ფასკუნჯი მიზის მანქანის საბარგულში, რა იქნება თქვენი რეაქცია?

ალბათ, თუ გიჟად არ ჩამთვლით, მთხოვთ – მანახეო. მაგრამ მე გეტყვით, რომ ფასკუნჯი უხილავია და მარტო მე შემიძლია მისი დანახვა. თქვენ მოგინდებათ შეეხოთ. მე გეტყვით, რომ მხოლოდ მე შემიძლია მისი შეხება, მისი ყნოსვა, მისი გაგება. თქვენ კი მხოლოდ უნდა დამიჯეროთ, რომ საბარგულში ნამდვილად მიზის ფასკუნჯი…

მაგრამ, რა აზრი აქვს ასეთ ფასკუნჯზე საუბარს? დავუშვათ, რომ დავიწყოთ გარჩევა: თუ თქვენ ივარაუდებთ, რომ ჩემს ფასკუნჯს თითქოსდა დიდი, მწვანე, კოპლებიანი ფრთები აქვს, მე ყოველთვის შემიძლია უარვყო ეს და ვთქვა, რომ სინამდვილეში მისი ფრთები პატარაა და წითელი. და თქვენ ვერაფერს ვერ იზამთ. მე ყოველთვის უპირატესობა მექნება.

ანუ, ჩემს პატიოსნებაში ეჭვი რომც არ შეიტანოთ და გულით დაიჯეროთ, თითქოს მართლაც მყავდეს ასეთი ფასკუნჯი, მალე აღმოვაჩენთ, რომ ამ ფასკუნჯის არა მხოლოდ შეგრძნების ექკლუზივი მაქვს, არამედ მასზედ საუბარისაც. მხოლოდ მე, ვინც ვხედავ და ვისმენ ამ ფასკუნჯის არსებობას, მხოლოდ მე შემიძლია მასზე მოვყვე დეტალები და სხვას არავის. და მაშინ, რა აზრი აქვს ამას თქვენთვის? – არანაირი. თქვენ მოგწყინდებათ მხოლოდ მსმენელის პოზიციაში ყოფნა და რამე უფრო საინტერესოთი დაკავდებით, რისი შეგრძნებაც პირადად შეგიძლიათ.

მაგრამ, დავუშვათ, მერე რომ გითხრათ – „ჩემი ფასკუნჯი ყოველ საღამოს გამოფრინდება ჩემი საბარგულიდან, მთვარეს მიაწვება და შემოატრიალებს ზუსტად მეასედი მილიმეტრით“. რა მოხდება ამ შემთხვევაში? უცებ ყველაფერს აზრი მიეცემა და აი რატომ – სათანადოდ მომზადების შემთხვევაში, თქვენ შესძლებთ, დაამზადოთ ზუსტი დანადგარები და 100 დღე დააკვირდეთ მთვარეს. თუ ის 1 მილიმეტრით შემოტრიალდა და თანაც ყველა სხვა მოქმედი ძალა გამორიცხული და გათვალისწინებულია, მაშინ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ვერ დაინახეთ და ვერც ჩემი ფასკუნჯის სუნი იგრძენით, შეძელით მისი „მოქედების“ კვალის დაფიქსირება და აღმოჩენა. ახლა უკვე ფასკუნჯზე საუბარს აზრი ეძლევა! თქვენ შეიძლება გამოთვალოთ რამხელა ძალა აქვს მას, ან რა სიჩქარის განვითარება სჭირდება, რომ ყოველ საღამოს მიფრინდეს მთვარესთან.

მეცნიერებიც სწორედ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობენ. ისინი ამბობენ, რომ თუკი არ იზომება, ესე იგი არ არსებობს. თუკი მხოლოდ ერთისთვის არის ხილული და სხვას არ შეუძლია იმ ხილულში კონტრიბუციის შეტანა, მაშინ იმ თემაზე მეცნიერულ საუბარს აზრი არა აქვს.

როდესაც მეცნიერი წარადგენს ჰიპოთეზას, ის თავადვე გვთავაზობს თავისივე ჰიპოთეზის უარყოფის ექსპერიმენტულ გზებს. თუნდაც, უარყოფის ტექნოლოგია სულაც არ არსებობდეს. ნიშანდობლივია ის, რომ უარყოფის და არა დამტკიცების გზებია მთავარი და უარყოფის მცდელობისას, როცა უარყოფა ვერ ხდება, ამა თუ იმ მეცნიერულ თეორემას მეტი დამაჯერებლობა ემატება.

ფასკუნჯის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ ისევ, მას შემდეგ, რაც თქვენ გაზომავთ მთვარეს, თუ აღმოაჩენთ რომ მთვარე არ ტრიალდება მეასედი სანტიმეტრით, ჩემი ჰიპოთეზა ფასკუნჯის შესახებ უარყოფილი იქნება. მაგრამ თუ კი აღმოჩნდება, რომ მთვარე მართლაც ტრიალებს მაშინ განა ის დამტკიცდება, რომ ჩემი ფასკუნჯი ატრიალებს, არამედ უფრო მეტად დამაჯერებელი გახდება ჩემი ამბავი იმის შესახებ, რომ საბარგულში მართლაც მყავს ფასკუნჯი. ხოლო მერე, თუ ვინმე დააკვირდება და დაინახავს, რომ ოზონის ფენაში, ყოველ ღამით, რაღაც ცვლილებები ხდება, ზუსტად ჩემი მანქანის თავზე და მთვარის მიმართულებით, კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდება, რომ მე არ ვტყუი, ჩემს ფასკუნჯთან დაკავშირებით. ზოგი იმასაც შეძლებს, რომ ფასკუნჯის ზომა ივარაუდოს, ოზონის ფენაში გაჩენილი ცვილებების მაშტაბის მიხედვით, მაგრამ ესეც, უბრალოდ, უფრო დამაჯერებელს გახდის ჩემი ფასკუნჯის არსებობას, თანაც ჩემს საბარგულში, მაგრამ საბოლოო მტკიცებულება არ იქნება და ვერც მომავალში იარსებებს.

მეცნიერებმა, აზროვნების ეს მოდელი იმისთვის მოიფიქრეს, ან სიტყვა „მოიფიქრეს“ შესაძლოა არასწორი იყოს და ეგრე გამოუვიდათ ლოგიკური მსჯელობებისა და დავის შედეგად… მოკლედ, მეცნიერებმა ეს მოდელი მოიფიქრეს როგორც რაციონალური გზა დიალოგისა…

და როგორ ფიქრობთ?! – ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, არც კი ვიცნობთ ამ მოდელს, არადა ძალიან გამოგვადგებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. პირად ურთიერთობებსა და დავებშიც კი.

ავტორი: SPHERO • სფერო

განხილვა