3
Jan
2020

თბილისში SPHERO, ანუ მუზეუმი სამყაროს შესახებ გაიხსნა

3 Jan 2020

SPHERO გუმბათოვანი ეკრანია, რომელიც მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზით შექმნილი 360 გრადუსიანი აუდიოვიზუალური წარმოდგენებით, სამყაროს შესახებ გიამბობთ.

 

 

„სფერო“, იგივე მუზეუმი სამყაროს შესახებ საქართველოს ქალაქების სხვადასხვა უბნებში განთავსდება და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ექნება წვდომა 21 საუკუნეში დაგროვილ ცოდნაზე.

მათივე თქმით, დამთვალიერებელს, კომფორტულ გარემოში, ანუ გუმბათოვან სივრცეში ისეთი სანახაობა ელის,  რომელიც თანამედროვე ადამიანის წარმოსახვასა და ცოდნას აცოცხლებს.

„ეს არის გზა გართობისა და ამავდროულად, შემეცნების, რომელიც იმერსიულია – მთლიანად მოიცავს სივრცეს და მაყურებელს შთამბეჭდავი გამოსახულებების ნაწილად აქცევს. „სფეროს“ სივრცე თემატურად ყველა ასაკის დამთვალიერებელზეა გათვლილი. სახალისო, შემეცნებითი და საინტერესო სანახაობა არის, როგორც უფროსებისთვის, ისე – ბავშვებისთვის. აქ მიღებული თითოეული შთაბეჭდილება გიბიძგებთ, რომ უკან დაბრუნდეთ და თავიდან გახდეთ ხელოვნების ნაწილი“.

დამთვალიერებელი ძალიან მარტივად და გასაგებად მიიღებს ინფორმაციას თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ, ბუნებრივია, ხელოვნებასთან სინთეზში. მუზეუმი სამყაროს შესახებ დღეიდან ფუნქციონირებს. „სფეროს“ პირველი გუმბათოვანი ეკრანი უკვე განთავსებულია საბურთალოზე [პ.ქავთარაძის#1, City Mall-ის ვერანდა]. თებერვლიდან კი, მუზეუმს, სხვა ლოკაციებიც დაემატება.

ილუზიების მუზეუმის“ შემქმნელებს  SPHERO-ს იდეა ერთი კონკრეტული მიზნით გაუჩნდათ:

„ეს არის ახალი, გუმბათოვანი ფორმის სივრცე ჩვენს ქალაქში, რომლის 360 გრ საპროექციო ეკრანიც ქმნის მოცულობით/სივრცულ გამოსახულებას. ასევე შესაძლებლობას, ყოველდღიურობაში დაკარგული ადამიანები გამოაფხიზლოს და კიდევ ერთხელ დააფიქროს სამყაროს უკიდეგანო რეალობაზე… SPHERO არის უფრო მეტი ვიდრე პლანეტარიუმი, მას შეიძლება სამყაროს მუზეუმიც ვუწოდოთ, რომელიც ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანზეა გათვლილი. მათთვის, ვინც თუნდაც, ერთხელ დაფიქრებულა სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და ეძებს პასუხებს კითხვებზე – რა არის სამყარო? „სფერო“ არის მათთვის, ვინც ყოველდღიურმა რუტინამ ისე შთანთქა, რომ ამ კითხვებზე დაფიქრების დრო არ აქვს. თუმცა, აინტერესებს და უნდა, მარტივად მიიღოს ინფორმაცია სამყაროში მიმდინარე პროცესებზე. SPHERO, ასევე, არის ბავშვებისთვის, რომლებსაც ათასგვარი კითხვა უჩნდებათ და ეძებენ ადამიანს თუ ადგილს, საიდანაც მათთვის გასაგებ ენაზე მიიღებენ პასუხებს. ჩვენი მიზანი სწორედ ასეთი ადამიანების შეკრებაა გუმბათოვან სივრცეში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, მარტივი და გასაგები ენით მიიღებენ კითხვებზე პასუხს და გაუჩნდებათ კვლავ დაბრუნების სურვილი. ჩვენ კი, ვეცდებით საინტერესოდ და მარტივად გავცეთ ამ კითხვებზე პასუხები“, – ამბობს B 10-ის დირექტორი ნატალია ანანიაშვილი.

B 10 სწორედ ის ჯგუფია, რომელმაც, გასულ წელს, თბილისში „ილუზიების მუზეუმი“ გახსნა და როგორც თავად ამბობენ, საზოგადოებას მომავალშიც საინტერესო პროექტებს შესთავაზებენ.

 

განხილვა