in

ერთ-ერთი პირველი სპიდომეტრი მსოლფიოში ბრიტანეთის მეფის შეკვეთით დამზადდა – სპიდომეტრების ისტორია

სიჩქარე – ეს ის მახასიათებელია, რომლის მიხედვითაც ავტომოყვარულები ხშირად ირჩევენ თავის მანქანას. მანქანის სიჩქარეს სპიდომეტრი ზომავს. სპიდომეტრი ინსტრუმენტია, რომელიც მიუთითებს მანქანის სიჩქარეზე. ჩვეულებრივ, ის კომბინირებულია მოწყობილობასთან, რომელიც ცნობილია როგორც ოდომეტრი და აღრიცხავს გავლილ მანძილს. 

როდის შეიქმნა პირველი სპიდომეტრი და რა გზა გაიარა მან განვითარებამდე, ამ სტატიაში ვისაუბრებთ. 

აღსანიშნავია, რომ სულ პირველი მანქანები, რომლებიც მსოფლიოში გამოჩნდა, სიჩქარეს არ ზომავდა. ეს იმიტომ, რომ მაშინ გზაზე ბევრი მანქანა არ იყო და ისინი ვერ დადიოდნენ იმდენად სწრაფად, რომ სისწრაფის გაზომვა ყოფილიყო საჭირო. ამის მიუხედავად, სიჩქარის პირველი მრიცხველების საჭიროება პირველი მანქანების გამოგონებისთანავე, მალევე დადგა.

პირველი სპიდომეტრი და სამეფო ოჯახის ისტორია

სპიდომეტრის გამოგონებას ხორვატ გამომგონებელს იოსიპ ბელუშიჩს მიაწერენ, 1888 წელს. სიჩქარის მაჩვენებელი სიჩქარეზე მიუთითებდა მბრუნავი მაგნიტის მეშვეობით, რომელიც მანქანის მოძრაობისას 1000 ბრუნს აკეთებდა. 

თუმცა პირველი სპიდომეტრი, რომელიც ოფიციალურად 1902 წელს დაპატენტდა, გერმანელ ინჟინერს, ოტო შულცეს ეკუთვნოდა. 1904 წელს კი კომპანიამ SMITHS გამოუშვა სიჩქარის საზომი, რომლის ისტორიაც ბრიტანელ მეფე ედუარდ VII-ს უკავშირდება, რომელიც დახვეწილი მძღოლი ყოფილა. მან ტახტზე ასვლამდე შეიძინა თავისი პირველი Daimler,  მანქანებმა ძალიან გაიტაცა და დაინტერესდა თავისი მანქანის მაქსიმალური სიჩქარით. ამ პერიოდში მას 18-28 ცხენის ძალის მქონე Mercedes-Simplex ჰყავდა. SMITHS-ის წყაროებში ვკითხულობთ, რომ მეფემ გორდონ სმიტს სთხოვა მოწყობილობა, რომელიც მისი მანქანის სიჩქარეს გაზომავდა. მართლაც, პირველი სპიდომეტრი, რომელიც საწარმომ დაამზადა, 50კმ/სთ-ს აჩვენებდა და მისი შეკვეთების ისტორიაში პირველ კლიენტად ბრიტანული სამეფო ოჯახია მითითებული.

დაახლოებით 1910 წლიდან სპიდომეტრი უკვე სტანდარტულად მოარგეს ყველა მანქანას. ეს იყო მექანიკური სიჩქარის მრიცხველი, რომელიც მაგნეტიზმის პრინციპებს იყენებდა. მას ჰქონდა კაბელი, რომელიც ატრიალებდა მაგნიტს. რადგან ამ დროს ბევრი მწარმოებელი ჯერ კიდევ არ იყო და Ford დომინანტობდა, პირველი სპიდომეტრებიც მან გამოიყენა. 

სპიდომეტრების გამოგონებას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებდა: ეს იყო კანონი, რომელიც მოითხოვდა რეგულაციებს და მანქანების სწრაფი განვითარება, რაც მათი სისწრაფის მაჩვენებელზეც აისახებოდა. ყოველი ახალი მოდელი იმაზე დახვეწილი სიჩქარის იყო, ვიდრე მისი წინამორბედი. მაგალითად, Ford Model T-ს მაქსიმალური სიჩქარე 72 კმ/სთ გახლდათ. 

როგორი და როგორი სპიდომეტრები არსებობს?

მექანიკური

ბევრი სპიდომეტრი იყენებს მბრუნავ მოქნილ კაბელს, რომელსაც მართავს გადაცემათა კოლოფი. თუმცა, ადრეული Volkswagen Beetle და მრავალი მოტოციკლი იყენებდა კაბელს, რომელსაც წინა ბორბალი ამოძრავებდა. ამას მოჰყვა ქრონომეტრიული სიჩქარის საზომი, სადაც გავლილი მანძილი იზომებოდა დროის ზუსტი ინტერვალით. მას 1970-იან წლებამდე აქტიურად იყენებდნენ.

1976 წელს Aston Martin Lagonda გამოვიდა, რომელმაც ციფრული სპიდომეტრი წარმოადგინა. იმის გამო, რომ ეს მანქანები შეზღუდული დროითა და რაოდენობით გამოიცემოდა, ახალი სახის სპიდომეტრის მთელ ევროპაზე გავრცელება 1979 წლამდე, ხოლო აშშ-ში 1982 წლამდე გაჭიანურდა. 

ელექტრონული

თანამედროვე სპიდომეტრები მეტწილად ელექტრონულია. ეს არის გადაცემის კოლოფში დამონტაჟებული მბრუნავი სენსორი, რომელიც ელექტრულ იმპულსებს ქმნის. ისინი მაგნიტისა და ლითონის დისკებისგან შედგება. ელექტრული სიჩქარის საზომი მუშაობს მექანიკურის მსგავსი პრინციპით, მაგრამ აქვს უფრო მარტივი დიზაინი. ამძრავ ლილვს მაგნიტები პირდაპირ აქვს მიმაგრებული და ბორბლების ბრუნვისას ხანმოკლე დენს გამოიმუშავებს, რომელიც იმპულსებს ქმნის.

პირველიდან დღემდე

სიჩქარის პირველი მაჩვენებლიდან დღევანდელ ინსტრუმენტებამდე ტექნოლოგიამ დიდი პროგრესი განიცადა. ყველაზე საყურადღებო განვითარების ის წერტილია, როდესაც მექანიკურ-ელექტრომაგნიტური ფუნქციის პრინციპიდან მექატრონიული ან წმინდა ელექტრონული სისტემები შემოვიდა. პირველი სრულად ციფრული LCD დისპლეი გამოჩნდა 1986 წელს Volkswagen Golf II GTI-ში. 

აქვე იმასაც გეტყვით, თუ რატომ არის სპიდომეტრები ძირითადად მრგვალი. ეს შემთხვევით არ მომხდარა. მრგვალი ინსტრუმენტების წაკითხვა ინტუიციურადაა შესაძლებელი. მძღოლს დიდი კონცენტრირება არ სჭირდება და შეუძლია ისე შეხედოს სპიდომეტრს, რომ გზიდან არ გადაიტანოს ყურადღება. 

რაც შეეხება სპიდომეტრის მომავალს, ავტოსამყარო მუდმივად ინოვაციების ძიებაშია და პროდუქტების გასაუმჯობესებელ გზებს ეძებს. ერთ-ერთი ასეთი იყო ციფრული ვერსიის შექმნაც. სამომავლოდ შეიძლება განვიხილოთ ასევე ციფრული სპიდომეტრის მეტად დახვეწა, უკეთესი ფუნქციების შეძენა. მაგალითად, სპიდომეტრმა შეიძლება სიჩქარის გარდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ძრავის ტემპერატურაზე, საწვავის დონეზე და სხვა. ყველა ვარიანტში, ავტომწარმოებლები ეცდებიან, ისინი უფრო მოსახერხებელი და ადვილად წასაკითხი იყოს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული

ნახეთ: Barbie Dreamhouses-ის 60-წლიანი ევოლუცია