in

ბავშვის ტანსაცმლის ქართულ ბრენდ Spilow-ს ნაწარმი ლონდონში, Iglookids-ის მაღაზიაში იყიდება!

Startauperi
Startauperi

ადამიანის განვითარების საფუძველი ბავშვობაა. ბრენდ Spilow-ს შემქმნელი სამი დედის აზრით, ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის საჭიროა მივცეთ მას თავისუფლება, ხელი შევუწყოთ თამაშში, როგორც განვითარებისთვის აუცილებელ პროცესში და წავახალისოთ ისინი. სწორედ, ამ საჭიროების გათვალისწინებით, ბრენდი 2016 წლიდან ქმნის 1-12 წლამდე ბავშვებისთვის შესაფერის, მოსახერხებელ ტანისამოსს. დასაწყისისთვის, Spilow-ს ნაწარმი მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით იყიდებოდა, თუმცა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იგი ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიასა და ონლაინ მარკეტზე. გარდა ქართული ბაზრისა, 2017 წლის თებერვლიდან, Spilow-ს პროდუქცია ხელმისაწვდომია ლონდონშიც, მაღაზია Iglookids-ში, რომელიც წარმატებული გაყიდვების შედეგად, აგრძელებს ქართულ სტარტაპთან თანამშრომლობას. როგორი იყო ბრენდის განვითარების ეტაპები და რა სიახლეებს შესთავაზებს იგი მომხმარებელს სამომავლოდ – ამ საკითხებზე მარკეტერს Spilow-ს თანადამფუძნებელი – ტასო ჯაფარიძე ესაუბრა:

M: რა საჭიროებასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმენით Spilow?
დღეს „სპილოუს“ თანადამფუძნებელები ვართ სამი მეგობარი მე – ტასო ჯაფარიძე, სოფო ჩხაიძე და მარინკა ღარიბაშვილი. სამივეს ორ-ორი შვილი გვყავს და მას შემდეგ, რაც დედები გავხდით, შვილებისთვის ტანსაცმლის შერჩევა საკუთარი ტანსაცმლის ყიდვაზე უფრო აქტუალური გახდა. ბავშვები სწრაფად იზრდებიან, შესაბამისად, მათთვის ტანსაცმლის შეძენა ხშირად გვიწევს. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო სასიამოვნო გაგვეხადა, დავფიქრდით იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი ტანსაცმლის არჩევისას მშობლებისთვის, რომლებიც აღზრდის თანამედროვე  ტენდენციებს ადევნებენ თვალს. მას შემდეგ, რაც პირველი ნიმუშები შევკერეთ და ჩვენს facebook გვერდზე დავდეთ, მივხვდით, რომ ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და გადავწყვიტეთ, ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდებოდით.

M: განვითარების რა ეტაპები განვლო Spilow-მ და როგორ მიაღწიეთ ბრიტანულ მაღაზიასთან თანამშრომლობას?
2017 წლის გაზაფხულზე, TBC სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში, ავიღეთ სესხი, რის შედეგადაც, ივნისიდან უკვე გვაქვს ჩვენი სამკერვალო. ბავშვის ტანსაცმლის შეკერვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, ზომები, ბუნებრივი ქსოვილების შოვნა. საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ სასურველი ხარისხი მიგვეღო. მომხმარებელი პირველი დღიდან გვგულშემატკივრობს და ეს გვაძლევს დიდ სტიმულს, რომ ჩვენი ყოველი კოლექცია იყოს წინაზე უკეთესი. რაც შეეხება Iglookids-სთან თანამშრომლობას, ჩვენი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი – მარინკა ღარიბაშვილი ცხოვრობს ლონდონში, ის დაუკავშირდა აღნიშსნულ მაღაზიას და მათ გამოხატეს ინტერესი. თავიდან, ნიმუშები დავდეთ და გაიყიდა, რის შემდეგაც, შეგვიკვეთეს და როგორც საიტზე, ასევე, თვითონ მაღაზიაშიც უდევთ ჩვენი ნაწარმი.

M: რას ითვალისწინებთ ტანისამოსის შექმნისას და როგორია ამა თუ იმ მოდელის შეკერვის პროცესი?
ჩვენ ვქმნით ტანსცმელს ნატურალური ქსოვილებისგან, 1 დან 12 წლამდე ბიჭებისთვის და გოგოებისთვის. ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ ადამიანი თავდაჯერებული და ბედნიერი გაიზარდოს, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს მხიარული და თავისუფალი ბავშვობა, თამაში ბავშვის განვითარების მთავარი ხელშემწყობია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა, შევქმნათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც იქნება თან კომფორტული, თამაშის ხელშემწყობი და ამასთან ერთად, მხიარული და ფერადი. ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ერთნაირად მოეწონებათ ბავშვებს და მშობლებს. თანამედროვე ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ჩვენი თაობისაგან და გვინდა, რაც შეიძლება მეტი საერთო გამოვნახოთ, რამაც შეიძლება ბავშვები და მშობლები მეტად დაახლოვოს ერთმანეთს. ეს, მემგონი, უკვე გამოგვივიდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ძალინ ბევრი მშობელი გვიკავშირდება და გვთხოვს, ჩვენი მოდელები მათი ზომებიც შევკეროთ. ტანსაცმელი ძირითადად ყოველდღიურია, თამაშისთვის მოსახრხებელი. ყველაფერი ჩვენს სამკერვალოში იკერება. დიზაინს ჩვენ ვიფიქრებთ, შემდეგ, კონსტრუქტორთან ერთად ვაგებთ ნიმუშს და თუ მოგვეწონება, ახალი მოდელის კერვაც იწყება.

M: რა არის Spilow-ს კონკურენტული უპირატესობა სხვა, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ ქართულ ბრენდებთან მიმართებაში?
სპილოუს არსებობის ერთი წლის მანძილზე, სხვა ქართული, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებლებიც გამოჩდნენ ბაზარზე. კონკურენტულმა გარემომ მუშაობა კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ჩვენთვის მთავარი ყოველთვის მომხმარებელია. ვცდილობთ, მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და მათ მოლოდინს გადავაჭარბოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოუელი მოდელი, რასაც შევქმნით, განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდეს. სპილოუს ტანსაცმელი არ არის მხოლოდ სხეულის დასაფარდ განკუთვნილი. ვიკვლევთ, რა უყვართ ბავშვებს და ამის მიხედვით, ვარჩევთ დიზაინს. მაგალიათად დიდი მოთხოვნაა ჩვენს დინოზავრ მაისურებსა და ჟაკეტებზე. თურმე, დედამიწაზე თითქმის ყველა ბავშვი გადის დინოზავრებით გატაცების ეტაპს და ეს მოთხოვნაც ამითი აიხსნება. პოპუარულია ჩვენი ჯემპრები ქართული წარწერებითაც.


M: ფუნქციონირების მანძილზე, რამდენი კოლექცია შექმენით? სად და რა ფასადაა თქვენი ნაწარმის შეძენა შესაძლებელი?
უკვე ოთხი კოლექცია შევქმენით. ორი გაზაფხული-ზაფხულის და ორიც შეოდგომა-ზამთრის. კოლექციაში გვაქვს ისეთი სამოსიც, რომელიც ყველა სეზონს უხდება, მაგალითად, დინოზავრი ჟაკეტები, მათზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში გრძელედბა. ფასები 15 ლარიდან იწყება და 90 ლარამდე ადის. საშუალო ფასია 50 ლარი. ჩვენი ტანსაცმელი საქართველოში რამდენიმე ადგილას იყიდება: „სითი მოლში“, ქავთარაძის 1 ნომერში აგვისტოდან დგას ჩვენი სტენდი, ასევე, მაღაზია “მფრინავ მღებავში” – ფაბრიკაში. გარდა ამისა, ონლაინ მაღაზია buyers.ge-ზე და ჩვენი „ფეისბუქ“ან „ინსტაგრამ“ გვერდებიდანაც. ძალიან მალე გევქნება სპილოუს ვებგვერდიც.

M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია? როგორ გეგმავთ ბრენდის ცნობადობისა და შესაბამისად, გაყიდვების გაზრდას?
ბრენდის ცნობადობის გაზრდას, ძირითადად, „ფეისბუქის“ რეკლამის საშუალებით ვახდენთ, ასევე, ვცდილობთ წარმოდგენილი ვიყოთ სხვადასხვა ღონისძიებაზე: „სტარტაპ მარკეტი“, „სამეწარმეო მარკეტი“, „ფლი მარკეტი“. ჩვენთვის პრიორიტეტული სფეროა განათლება, ამიტომაც, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, გვინდა, განათლების პროცესიც გავამხიარულოთ. ახლახანს საბავშვო ბაღ „ფელიქსს“და „ნიუტონის თავისუფალ სკოლას“ შევუკერეთ სახატავი წინსაფრები და კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი.

M: როგორია Spilow-ს განვითარების ხედვა და პერსპექტივა?
მართალია, უკვე გვაქვს ჩვენი სამკერვალო, მაგრამ ჩვენი მიზანია, წარმოება კიდევ უფრო გავზარდოთ, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე, ჩვენთვის პრიორიტეტული ქართული ბაზარია, თუმცა, „სპილოუ“ უკვე საქართველოს გარეთაც იყიდება. Iglookids აგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას და მათ მაღაზიაში უკვე შეიძლება ჩვენი საშემოდგომო კაბების შეძენაც. მას შემდეგ, რაც ჩვენი ვებგვერდი ჩაეშვება, გვინდა, დავიწყოთ საერთაშორისო გაყიდვებიც და სპილოუ  მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შევიტანოთ.

8 წელი ერთად! გამომყევი მომავალში! – Zoommer-ის ვიდეორგოლი

„გამარჯობა, ადამიანო, მე ვარ ლობოტი“, – პირველი ქართველი იურისტი ბოტი, Lawbot