ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის “სპილოუ” პროდუქცია საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე Farfetch.com გაიყიდება. Farfetch ლონდონში დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ყოველკვირეულად, საშუალოდ, 4 მლნ ვიზიტორი ჰყავს. “სპილოუს” წარმომადგენლების თქმით, მათ Farfetch-დან დაუკავშირდნენ და ბრენდითა და მისი კოლექციით დაინტერესდნენ. Farfetch-ზე “სპილოუს” ოცამდე პროდუქტი გაიყიდება. პლატფორმაზე განთავსებამდე, “სპილოუს” სამოსს ჰონგ-კონგში გზავნიან ფოტოგადაღებისთვის.
გარდა ამისა, “სპილოუს” კოლექცია, პარიზში, ყოველწლიურ გამოფენაზე Play Time წარდგება. “სპილოუ” ნიუ-იორკში მოწყობილ შოურუმსაც ესტუმრება, სადაც ბრენდის სამოსი ერთი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლება განგვიცხადეს, “სპილოუ” გერმანიაში ექსპორტისთვისაც ემზადება.