in

SpinIt360 თქვენს ირგვლივ ტრიალებს და წვეულებებს განსაკუთრებულს ხდის!

Startauperi
Startauperi

თუ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხართ, ალბათ, შეგხვედრიათ ვიდეო, რომელშიც კამერა ტრიალებს და ადამიანებს 360°-ით გვაჩვენებს. ეს SpinIt360-ია, რომლის უკანაც 3 ბავშვობის მეგობარი აბელ ნარსია, შოთა გოგუაძე და ლუკა კავთელიშვილი დგანან. როგორც ამბობენ, მათი მოწყობილობა წვეულებებს განსაკუთრებულს ხდის, ამიტომ, ჩვენ SpinIt360-ის გუნდს დეტალების გასარკვევად გავესაუბრეთ: 

M: მოგვიყევით, როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა?

სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლების დამთავრების შემდეგ, გვქონდა სურვილი, შეგვექმნა რამე ღირებული, რაც შემდგომში დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. თავდაპირველად ჩვენი ინტერესის სფეროებისა და მიმართულებების შესწავლა დავიწყეთ, რომლითაც ბიზნესის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმას შევძლებდით. ბევრი იდეის გაზიარების, ჩაშლისა და გამორიცხვის შემდეგ, მივედით სფერომდე, რომელიც, ალბათ, ყველა ახალგაზრდას აინტერესებს — Entertainment service. პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ვითარება საინტერესო იყო, რადგან შეზღუდვების შემდეგ, გართობას მონატრებულ ხალხს საშუალება ჰქონდა, ჩვეულ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა, ეს კი ცალსახად ხელსაყრელი გარემოება იყო ჩვენი ბიზნესის დასაწყებად. ამ პროცესში ბევრ გამოწვევასაც წავაწყდით. იმის გამო, რომ ამ ბიზნესში პიონერები ვართ, არ გვქონდა გამოცდილების გაზიარების საშუალება, არ არსებობდა ცოდნა ან მზა ტექნიკური გადაწყვეტა ამ საკითხის მიმართ. 

M:  რა არის SpinIt360-ის მთავარი საქმიანობა და ვინ წარმოადგენს თქვენს სამიზნე სეგმენტს?

SpinIt360 ახალი მოწყობილობაა, რომელსაც შეუძლია, თქვენი წვეულებები განსაკუთრებული გახადოს. აპარატი Slow Motion ვიდეოს 360 გრადუსით იღებს. ჩვენი სამიზნე სეგმენტი კი არის ყველგან, სადაც მხიარულებაა. SpinIt360 ემსახურება ნებისმიერ კომპანიას თუ კერძო პირს, ვისაც სურს, რომ განსხვავებულად აღბეჭდოს მოგონებები. 

M: ატომ აირჩიეთ სახელი SpinIt360?

განვიხილეთ ბევრი შესაძლო ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ ჩვენი აზრები შეჯერდა იმაზე, რომ სახელს პროცესი უნდა გამოეხატა  და მასში უნდა ყოფილიყო მინიშნება, თუ რას ემსახურებოდა კომპანია. ამგვარად, კომპანია მომხმარებლებს SpinIt360-ის სახელით გავაცანით და ვფიქრობთ, უკვე შევაყვარეთ კიდეც. 

M: SpinIt360-ის გამოყენების წესებიც რომ აგვიხსნათ…

წესები მარტივია — პლატფორმაზე სასურველ პოზიციაში  უნდა დადგეთ, ჩვენ ჩავრთავთ და გადავიღებთ ვიდეოს, გაჩვენებთ ვიდეოს preview-ს, შემდეგ კი შეგიძლიათ იგი სასურველი ოფციით საკუთარ მოწყობილობაზე გაიგზავნოთ. ვიდეო გადაღებისთანავე ჩვენს SpinIt360-ის ვებგვერდზეც აიტვირთება. 

გარდა ამისა, ყველა ვიდეო დამკვეთისთვის სასურველი დიზაინით იბრენდება, შემდგომ კი იტვირთება, როგორც ჩვენს, ასევე სტუმრების სოციალურ ქსელებში. ეს კი კომპანიებისთვის მათი Brand awareness-ის გასაზრდელად დამატებითი ბენეფიტია.

M: როგორც ვნახეთ, ამბობთ, რომ თქვენი აპარატი წვეულებებს განსაკუთრებულს ხდის… რა იგულისხმება ამაში? 

განსაკუთრებულია ის გარემო, რომელიც SpinIt360-ის გარშემო იქმნება. ამაზე მიანიშნებს ხალხის ინტერესი, ერთგვარი ივენთი იქმნება ივენთზე, სადაც საინტერესო პროცესები ხდება, ადამიანები კრეატიულ, განსხვავებულ პოზებში ცდილობენ ვიდეოების გადაღებას, რაც ყველას ყურადღებას იქცევს. SpinIt360 საშუალებას აძლევს სტუმრებს, საკუთარი თავი გამოხატონ და განსაკუთრებული, კრეატიული გზით აღბეჭდონ მოგონება.

 M: რამდენად არის მოთხოვნა SpinIt360-ის აპარატზე?

შედეგი, რომელიც მიიღება, ვგულისხმობ გადაღებულ ვიდეოს, უცხო და ახალია საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მომხმარებლების დაინტერესებას მარტივად იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახლები ვართ ბაზარზე, მრავალ ღონისძიებაზე თუ წვეულებაზე ვიყავით და საკმაოდ დადებითი შეფასებებიც მივიღეთ. გადაღების პროცესი და სოციალურ ქსელებში SpinIt360-ის ვიდეოების დამატება მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ და ჩვენც ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ.

M: რა გეგმები გაქვთ მომავალში?

ახლო მომავალში ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს და მაქსიმალურად ავითვისოთ ლოკალური ბაზარი, შევიძინოთ ბევრი ლოიალური და კმაყოფილი მომხმარებელი. ხოლო გრძელვადიანი გეგმები და ამბიციები დიდია, რაზეც მალე მოგიყვებით… 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

როცა დღესასწაულს უანგარო საჩუქრებით ვქმნით — Toyota-ს ახალი კამპანია

სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას ‘CashBack’ Dressup ჯგუფი შემოუერთდა