6
Jan
2020

ახალი ტიპის ელექტროტრანსპორტი – ეტლისებური S-Pod

6 Jan 2020

veon
veon


ელექტროტრანსპორტის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Segway Ninebot, 7 იანვრიდან, ღონისძიება CES 2020-ზე ტრანსპორტის ახალ სახეობას – S-Pod-ს წარადგენს. მანამდე კი, მოდელის შესახებ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი და ინტერნეტსივრცემაც, უკვე მოასწრო მასთან დაკავშირებული ასოციაციების გავრცელება. მაგალითად, ამბობენ, რომ S-Pod Marvel-ის სუპერგმირის – Professor X-ის სავარძლის შთაგონებითაა შექმნილი.

S-Pod – ეს არის ეტლისებური, თვითბალანსირებადი ტრანსპორტი, რომლით სარგებლობისას ტრანსპორტიდან გადმოსვლა (ადგომა) არ დაგჭირდებათ. კომპანიის განცხადებით, ეს არის კარგი საშუალება კამპუსებში, პარკებსა თუ აეროპორტებში გადასაადგილებლად და მეტიც, ქალაქში მიკრომობილობისთვისაც.

ელექტროტრანსპორტი 150 კილოგრამს იწონის. S-Pod-ის მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 40 კილომეტრია. რაც შეეხება ელემენტს, ტრანსპორტი, ერთი სრული დამუხტვისას, დაახლოებით, 70 კილომეტრს გაგატარებთ. S-Pod-ის სამართავად პატარა „ჯოისტიკის“ გამოყენებაა საჭირო, რომელიც ტრანსპორტის მარჯვენა მხარესაა განთავსებული. S-Pod-ის თვითბალანსირებადი ტექნოლოგია უზრუნველყოფს გადაადგილებისას რყევების შემცირებას, იმ შემთხვევაშიც, თუ გადაადგილების ტრაექტორიას სწრაფად შეიცვლით. S-Pod ორბორბლიან ელექტროტრანსპორტად მიიჩნევა, თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ მას დამატებით სამი, პატარა და უხილავი ბორბალი აქვს. სავარაუდოდ, ტრანსპორტი ბაზარზე 2021 წლისთვის გამოვა, თუმცა, მანამდე, CES 2020-იდან, რამდენიმე დღეში, მასზე მეტ დეტალს გავიგებთ.

განხილვა