in

Sportfest 2022! – თბილისი მასშტაბური სპორტული ფესტივალისთვის ემზადება!

სულ რამდენიმე დღეში, თბილისი პირველ Sportfest-ს უმასპინძლებს. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge. სპორტული ფესტივალი 15-16 ოქტომბერს, დედაენის ბაღში გაიმართება. მთლიანი ტერიტორია დაყოფილი იქნება სპორტულ, გასართობ და დასასვენებელ ზონებად. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. „სპორტფესტი“ სტუმრებს განსხვავებული სპორტული სახეობების ახლოს გაცნობისა და მოსინჯვისთვის სპეციალურად მოწყობილ გარემოს დაახვედრებს. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობასა და დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება მისცეს უკეთ გაერკვნენ მათთვის საინტერესო სპორტში, დაინახონ, როგორია პროფესიონალური პერსპექტივა და განსაზღვრონ თავიანთი ინტერესის სფერო. „სპორტფესტის“ შესახებ დეტალურად მისი იდეის ავტორი რეზი პეტრიაშვილი გვესაუბრა:

„სპორტფესტი“ სპორტის სხვადასხვა სახეობის ცოცხალი, ინტერაქციული გამოფენაა. მას აქვს ორი მიმართულება: ერთია კლასიკური სპორტი – ინტერაქციული გამოფენაა, სადაც მონაწილეობენ გუნდები, კლუბები, ფედერაციები და ა.შ. მეორე მიმართულებაა სპორტი, როგორც დასვენება, რეკრეაცია, გართობა…“

M: დეტალურად მიმოვიხილოთ, რას გულისხმობს „სპორტფესტის“ კონცეფცია?

პროფესიული კუთხით წარმოსადგენად, ყველა სპორტი თავის ზონაშია წარმოდგენილი, თავისი მიღწევებით, მედლებით, თასებით, განსაკუთრებული თარიღებით… მოსულ სტუმარს დეტალურად უყვებიან, თუ როგორია მათი სავარჯიშო მოედნები, დარბაზები, რა ასაკობრივი ჯგუფებია დაშვებული, სად არის ტერიტორიულად, დღის განმავლობაში რა ღონისძიებები ტარდება და რა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჩემპიონატებსა აქტივობებში არიან ჩართულები.

ასევე, სპეციალურ ზონებში, სპორტსმენები თავიანთი აღჭურვილობით არიან წარმოდგენილი. გასცემენ რჩევებს და ადგილზე წარუდგენენ სტუმრებს კონკრეტული სპორტის სხვადასხვა ელემენტს. მაგალითად, მოთხილამურეები აჩვენებენ, როგორ შეიძლება თხილამურების გამოყენება – სასრიალო ფეხსაცმლის, სამაგრების და ა.შ. მაგალითად, ფეხბურთელები აჩვენებენ თავიანთ სავარჯიშო აღჭურვილობას, ბურთის აკენწვლას და ა.შ. 

რაც შეეხება მეორე ნაწილს, იქ უკვე წარმოდგენილია სპორტის არასტანდარტული სახეობები, რომლებითაც შეიძლება ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ეს უფრო დასვენებისა და გახალისების ნაწილია, რითაც ფიზიკურ აქტივობას ეწყობა ხელი და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. მიზანია, რომ ეს ნაწილი უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს. ასევე, საზოგადოებამ გაიგოს, რომ სპორტის მხოლოდ სტანდარტული გართობა კი არ არსებობს, არამედ სხვადასხვა გარემოში ბევრნაირად შეიძლება გაერთოს ადამიანი.

M: როგორ იქნება განაწილებული დედაენის ბაღის სივრცე აქტივობებისთვის?

დედაენის პარკშია, 15-16 ოქტომბერს. ფესტივალი 12 საათზე დაიწყება, ძირითადი სპორტული აქტივობები დაბნელებამდე იქნება, მაგრამ გვიანობამდე იქნება კვების ზონა, მონიტორი და ა.შ. ფესტივალი უფასოა. ეს იქნება სპორტული არენა, სადაც 3  მიმართულებაა. ერთია, რომ სპიკერები იქნებიან, სპორტსმენები, რომლებსაც სხვადასხვა თემატიკის გამოსვლები ექნებათ, მეორე მიმართულებაა სპორტული ფლეშმობები, გუნდური სპორტების ის ელემენტები, რომლებიც საინტერესოა და წარმოდგენას შექნმის, ვთქვათ შიგნით, გუნდში როგორ ვარჯიშობენ, ასევე ვარჯიში, იოგა, პილატესი, ჯგუფური ვარჯიში. გუნდური ვარჯიშებისგან განსხვავებით, აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მთელი ტერიტორია ამ ყველაფერს ეთმობა, ინტერაქციული გამოფენაა – ზოგგან ფოტოგამოფენა, ან სხვადასხვა სპორტის თემატიკა, მაგალითად, მორაგბეებს ექნებათ ნაკრების მიმართულება: შვიდკაცა რაგბი, ქალთა რაგბი, ბავშვთა რაგბი… 

M: როგორც „სპორტფესტის“ იდეის ავტორმა, გვიამბეთ, რა იყო ასეთი ღონისძიების ჩამოყალიბების მთავარი მოტივაცია თქვენთვის?

ექვსი წლიდან სპორტში ვარ. ჯერ მოთხილამურე ვიყავი, შემდეგ – მორაგბე. სამოყვარულო სპორტში ნებისმიერი მიმართულებით ვარ ჩართული და ყველა გარემოში ვპოულობდი რაღაც გასართობსა და საინტერესოს. სპორტულ ღონისძიებებს რაც შეეხება, ორი სხვადასხვა შეჯიბრის დამფუძნებელი ვარ.

ღონისძიებებთან აქტიური შეხება მაქვს ბავშვობიდან – ჯერ კულტურა, შემდეგ სპორტი, დღევანდელი საქმიანობა და მივხვდი, რომ არ არსებობს სივრცე და პლატფორმა, სადაც მიხვალ, მიიყვან შვილს და აირჩევს მისთვის საინტერესო სახეობას. „სპორტფესტი“ ძალიან კარგი საშუალებაა მომავალი თაობისთვის. მოყვარული სპორტსმენებიც პროფესიონალებისგან მიიღებენ რჩევებს და ეს მნიშვნელოვანია. იქნება ბევრი აქტივობა, რაც გულშემატკივრობის კულტურას შეუწყობს ხელს. ასევე, სპორტის სხვადასხვა პროფესიის მიმოხილვის საშუალება მოგვეცემა. მაგალითად, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, მსაჯების ვორკშოპებს ჩაატარებენ და გასწავლიან, როგორ მსაჯობენ და რას აკეთებენ. ასევე, კომენტატორის პროფესიას გაეცნობიან…

ეს ფესტივალის პირველი წელია, ამიტომ სრულყოფილად ჩატარება შეუძლებელი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ამ ყველაფრის კულტურას შევუწყობთ ხელს, რაზეც დგას სპორტი.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

თიბისის 30 წლის იუბილეზე 10 000-ზე მეტი თანამშრომელი წინანდლის მამულში შეიკრიბა

Chemistry Gin — მეცნიერებით შთაგონებული სასმლის დიზაინი