15,000 ვიზიტორი, სპორტის 30 სახეობა, 6000-ზე მეტი პრიზი – ეს პირველი სპორტული ფესტივალის შედეგებია, რომელმაც ორგანიზატორებს გაზაფხულის SportFest 2023-ის ჩატარებისკენ უბიძგა. ფესტივალი ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში, 20-21 მაისს გაიმართება. ღონისძიების მედიაპარტნიორია Marketer.ge. სპორტფესტი პირველად 2022 წლის შემოდგომაზე გაიმართა. წელს კი, ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე ათობით სპორტული ორგანიზაცია მსურველებს სპორტული სახეობების ახლოს გაცნობისა და მოსინჯვისთვის სპეციალურად მოწყობილ გარემოს დაახვედრებს. ღონისძიება მსურველებს მათთვის საინტერესო სპორტში ჩართვის საშუალებას მისცემს. Sportfest 2023-ის შესახებ დეტალურად მისი იდეის ავტორი რეზი პეტრიაშვილი გვესაუბრა.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, როგორი შედეგები მოიტანა გასული წლის ღონისძიებამ?
პირველმა „სპორტფესტმა“ ჩაიარა ფანტასტიკურად. წარმოდგენილი იყო 30 სპორტული ორგანიზაცია და თითოეულ მათგანს თავისი საინტერესო აქტივობა ჰქონდა დაგეგმილი. იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც არენაზე გამოდიოდნენ აქტივობებით – მაგალითად, ბრეიქდენსი, მინიფეხბურთი, იყო სკ „ლოკომოტივის“ ბავშვების ვარჯიში, რაც გარშემომყოფებს მწვრთნელისა და მოსწავლეების ურთიერთობის კულტურას აცნობდა. სცენაზე ვუმასპინძლეთ სტუმრებს – რეზი და აჩი არველაძეებს, ტექბოლის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი ბოკერია, ავთანდილ ჭრიკიშვილი, მოვიწვიეთ ნუტრიციოლოგი, რომელმაც ჯანსაღ კვებაზე ისაუბრა.

მთლიანობაში, ორი დღის მანძილზე, 15,000 ვიზიტორი გვყავდა. იყო გათამაშებები, 6000-ზე მეტი საჩუქარი დავარიგეთ, აქსესუარებით დაწყებული, სამთვიანი აბონემენტებითა და ეკიპირებით დამთავრებული, რაც ძალიან მოსწონდათ ბავშვებს.
ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები სპორტულ აქტივობებში, ირგებდნენ ფორმებს, სწავლობდნენ ინვენტარის მოვლის წესებს, დიდები კი სპიკერების გამოსვლებს უსმენდნენ. ასევე, გვქონდა მრავალფეროვანი საპიკნიკე ზონა. წარმოდგენილი იყო სპორტული მაღაზიები.

M: როგორ ფიქრობ, რა ცვლილებები მოიტანა სპორტფესტმა სპორტის მიმართ ინტერესის კუთხით?
სპორტფესტმა სპორტი და მისი გულშემატკივრები კიდევ უფრო გააერთიანა. მრავალფეროვანმა გარემომ, ადგილზე გაცნობისა და ცდის შესაძლებლობამ ხელი შეუწყო სპორტისადმი ინტერესის ზრდას. არაერთმა ორგანიზაციამ გვამცნო, რომ სპორტფესტის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათ მიმართულებებზე მოთხოვნა. ამ ყველაფრის ერთ სივრცეში მოქცევამ ერთდროულად ბევრნაირ სპორტულ აქტივობაში მარტივად ჩართვის შესაძლებლობა გააჩინა.

M: როგორ გამოიკვეთა სამიზნე სეგმენტი – ვისთვის უფრო მეტად იყო საინტერესო სპორტფესტი?
მთლიანობაში, ძალიან მრავალფეროვანი, დატვირთული და მხიარული ფესტივალი იყო. მიხარია, რომ ყველა ასაკობრივი კატეგორია მოვიცავით და დავაინტერესეთ სხვადასხვა სპორტით. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ჩართულობა, თუმცა უფროსი ასაკის ადამიანებისთვის off-road, ველოსპორტი და სხვა აქტივობები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან ბევრი მათგანი მოვიდა ინფორმაციის გასაგებად, რომ სპორტული კომუნის ნაწილი გამხდარიყო. სწორედ, ეს იყო ის უმნიშვნელოვანესი საფუძველი, რამაც გვაფიქრებინა, რომ სპორტფესტი წარმატებული პროექტი იქნებოდა.

M: წელს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ სპორტფესტზე?
შარშანდელი შედეგიდან გამომდინარე, წელს, ფესტივალის ორჯერ ჩატარება გადავწყვიტეთ. მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, პირველ სპორტფესტს ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩავატარებთ, რათა დახურული სივრცეებიც გვქონდეს, ღიასთან ერთად. მოვიცავთ გარე სივრცესაც და პავილიონსაც. კვლავინდებურად კომპაქტურად იქნება წარმოდგენილი სპორტის მრავალფეროვანი სახეობა. ფორმატი უცვლელია, შარშანდელის მსგავსად, ისევ გვეყოლება სპიკერები და გართობის საშუალებები. მეორე სპორტფესტი ისევ დედაენის ბაღში გაიმართება.
წელს, უფრო მეტი ორგანიზაცია გვიერთდება და დაინტერესებაც უფრო მეტია, რამაც ღონისძიების ორად გაყოფისკენ გვიბიძგა. წელს, გავააქტიურეთ მოხალისეობრივი მიმართულება. მე თავად ვიყავი მოხალისე ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე და რასაც მთელი ცხოვრება ტელევიზორით ვუყურებდი, ჩემ თვალწინ ხდებოდა. ამიტომ, ვიცი, რამდენად სასიამოვნოა ისეთ აქტივობაში მონაწილეობა, რაც ასე გიყვარს. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ფესტივალში მონაწილეობას.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი










