in

რა სპორტული აქტივობები უწყობს ხელს ცხოვრების ჯანსაღ წესს

ფიზიკური აქტივობა შეიძლება იყოს ნებისმიერი სახეობის სპორტი, ასევე ველოსიპედით სიარული, სეირნობა, აქტიური დასვენება და თამაშიც კი. ზოგჯერ, როცა ამბობენ: „სპორტული ადამიანი არ ვარ და ამიტომ ვერ ვვარჯიშობ”, მცდარი მიდგომაა, რადგან ფიზიკური აქტივობისთვის მაინცდამაინც მძლეოსნობა აუცილებელი არაა, სასურველი აქტივობა ნებისმიერი უნარის მქონე ადამიანებისთვის მოიძებნება.

რას უწყობს ხელს რეგულარული ფიზიკური აქტივობა

რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ისეთი დაავადებების თავიდან აცილებას და მკურნალობას, როგორიცაა გულის დაავადება, ინსულტი, დიაბეტი და სხვა. ის ასევე ხელს უწყობს ჰიპერტენზიის, ჭარბი წონის აცილებას და შეუძლია გააუმჯობესოს ფსიქიკური ჯანმრთელობა. ამის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოწოდება აქტუალურ საკითხად რჩება, რადგან ტრანსპორტის, ტექნოლოგიებისა თუ ურბანიზაციის გამო უმოქმედობის დონე უფრო იზრდება.

სპორტული აქტივობები, რომლებიც ჯანსაღად ცხოვრებაში გვეხმარება

პირველ რიგში, ვთქვათ, რომ ჯანსაღი სპორტის ცალსახა ტოპ ათეულის ჩამოწერა არამართებული იქნება, რადგან ყველასთვის საერთო რეცეპტი არ არსებობს. თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, როგორ დაიწყონ სპორტული ცხოვრება, აქვთ შედარებით მსუბუქი სახეობების არჩევანი, რომლის დასაწყებადაც ყოველთვის შესაფერისი დროა, მთავარია იყოს სურვილი.

როგორც შემოთავაზება, ჩვენ შევკრიბეთ 10 მართლაც ჯანსაღი სპორტი, რომელიც აკმაყოფილებს ორ მოთხოვნას: ტრავმის შედარებით დაბალი რისკი და მაღალი სარგებელი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ცურვა

ცურვისთვის არ არსებობს შესაფერისი ასაკი ან სეზონი. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს, რაც ჯანსაღ ცხოვრებაში დაგვეხმარება. ცურვა შესანიშნავი ვარჯიშია, რადგან მთელი სხეული წყლის დინების საწინააღმდეგოდ უნდა ამოძრაოთ. ყველაზე მთავარი უპირატესობებია ფილტვების გამართული მუშაობა, კალორიების წვა, კუნთების ჩამოყალიბება და სტრესის შემცირება.

ჩოგბურთი

მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის შენარჩუნება, ფიტნესით დაკავება, სხეულის ძალისა და სისწრაფის გამომუშავება უნდა, ჩოგბურთი დაეხმარება. მას ასევე აქვს სოციალური და ფსიქოლოგიური სარგებელი. ჩოგბურთი შესანიშნავი საშუალებაა სხეულის ცხიმის შესამცირებლად და გონებრივი კონცენტრაციის მოსაკრებად.

ნიჩბოსნობა

ნიჩბოსნური სპორტი საკმაოდ პოპულარული სახეობაა. როგორც აღმოჩნდა, ის ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა და თან, არ არის აუცილებელი, რომ ვიყოთ პროფესიონალები იმისთვის, რომ ამ სპორტით დავკავდეთ. ის კარგად მოქმედებს წონის კლებაზე, კუნთების ზრდაზე, აქვს მედიტაციური ეფექტი.

აქვე ისიც უნდა გიხრათ, რომ თუ მაინცდამაინც ნამდვილი ნიჩბოსნობით დაკავება არ შეგიძლიათ მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების გამო, სპორტდარბაზებში არის Rowing Machine ტრენაჟორები, რომელთაც ისეთივე ეფექტი აქვთ, როგორიც წყალზე ნიჩბების მოსმას.

ველოსიპედი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებისთვის იდეალური ტრანსპორტი, რომელიც ასევე კარგად მოქმედებს ტვინის უჯრედების ფუნქციონირებაზე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ცხიმების დაწვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ტონუსში მოჰყავს როგორც გონება, ისე სხეული.

სირბილი

სირბილი ყველაზე იაფი და მარტივი საშუალებაა, რომელიც თამამად შეგვიძლია სპორტულ აქტივობად გავიყვანოთ. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად დარბიან, ძვლებისა და კუნთების ნაკლები პრობლემები აქვთ. სირბილი ასევე გამოყოფს ენდორფინებს, აუმჯობესებს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას.

იოგა

იმის გამო, რომ იოგას რამდენიმე სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს, ის ნებისმიერმა დამწყებმაც შეიძლება მარტივად აითვისოს. ის ზრდის სხეულის მოქნილობას, კუნთების ძალასა და ტონუსს, აუმჯობესებს სუნთქვასა და ენერგიას, აბალანსებს მეტაბოლიზმს, ეხმარება წონის შემცირებას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, იცავს სხეულს სავარაუდო ტრავმებისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პრაქტიკაა.

როგორც ხედავთ, ჯანსაღი ცხოვრება არ არის ისეთი რთული, როგორიც ერთი შეხედვით გვეჩვენება ხოლმე. ყოველთვისაა შესაძლებელი, რომ გამოვყოთ დრო ვარჯიშისთვის, რომელიც ასე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, დღევანდელი ცხოვრება ტექნოლოგიურად იმდენად დაიხვეწა, რომ იოგას ვარჯიშები შეგვიძლია youtube-ზეც გავაკეთოთ, სახლში უფუნქციოდ შენახულ ველოსიპედს მტვერი მოვწმინდოთ ან უბრალოდ ცოტა ადრე გავიღვიძოთ და სახლთან ახლოს ვირბინოთ.

რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Droga5-მა ქართველი ბიჭის ისტორია Levi’s-ის რეკლამაში გადაიღო

როგორ შეცვლის AI პროექტების მენეჯმენტის მომავალს?