in

რომელი სახეობებით წარდგებიან ქართველები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სპორტის სახეობების ფართო სპექტს წარმოადგენს, რომელიც მთელი მსოფლიოს სპორტმენებს აერთიანებს. თითოეულ ამ სახეობას სხვადასხვა დისციპლინა და ვარიაცია აქვს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ყოველ 4 წელიწადში, ნაკიან წლებში იმართება. წლევანდელი XXXIII ოლიმპიადა, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც Paris 2024, 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება. წელს, უკვე მესამედ ზაფხულის ოლიმპიადის ისტორიაში, თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ოლიმპიური თამაშები მრავალ სპორტს აერთიანებს და ამ სტატიაში სწორედ იმ ძირითად სახეობებს გაგაცნობთ, რომლებიც ზაფხულის ოლიმპიადაზე იქნება წარმოდგენილი. მათგან რამდენიმეში მონაწილეობის ლიცენზია ქართველ სპორტსმენებსაც აქვთ მიღებული.

ჯუდო 

ჯუდო, საქართველოში ძიუდოს სახელით გავრცელებული სპორტი, ტრადიციული იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც უძველესი სამურაების ბრძოლის ტექნიკიდან მომდინარეობს. ოფიციალურად მისი დაარსება 1882 წელს, მისი პირველი დოჯოს (სკოლის) გახსნის შემდეგ თარიღდება. მე-20 საუკუნის ბოლოს ჯუდო პოპულარული გახდა ევროპაში და იქცა პირველ საბრძოლო ხელოვნებად, რომელიც იაპონიის ფარგლებს გარეთ გავიდა.

ჯუდი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტია საქართველოშიც და მას აქ საკმაოდ დიდი ისტორია აქვს – საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დღემდე. ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე მუდმივად იზრდება ჯუდოს სკოლები, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულთა რიცხვი, რაც შემდგომ შედეგებზეც აისახება და ქართველი სპორტსმენები ბევრ წარმატებას აღწევენ, მათ შორის, ოლიმპიადაზეც.

წლევანდელ Paris 2024-ზე საქართველო შთამბეჭდავი შემადგენლობით წარდგება. 10 სპორტსმენი (7 ვაჟი და 3 ქალი) იბრძოლებს ოლიმპიური ჯილდოს მიღებისთვის. ესენი არიან: 

  • გიორგი სარდალაშვილი – 60 კგ.
  • ვაჟა მარგველაშვილი – 66 კგ.
  • ლაშა შავდათუაშვილი – 73 კგ.
  • ტატო გრიგალაშვილი – 81 კგ.
  • ლაშა ბექაური – 90 კგ.
  • ილია სულამანიძე – 100 კგ.
  • გურამ თუშიშვილი – +100 კგ.
  • ეთერ ლიპარტელიანი – 57 კგ.
  • ეთერ ასკილაშვილი – 63 კგ.
  • სოფიო სომხიშვილი – +78 კგ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ჯუდოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაშიც მონაწილეობს.

მძლეოსნობა

სპორტის კიდევ ერთი ოლიმპიური სახეობაა, რომელიც სათავეს უძველესი საუკუნეებიდან იღებს. ის ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის ოლიმპიადების პროგრამაში შედიოდა. სპორტის ამ სახეობის თანამედროვე ფორმის განვითარება კი XIX საუკუნის 30–40-იანი წლებიდან დაიწყო.

საქართველოში მძლეოსნობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და, უნდა ითქვას, რომ წარმატებული სპორტიცაა. ასევე, თუ მის ოლიმპიურ ისტორიას გადავხედავთ, პირველად ჩვენი ქვეყნიდან რეკორდსმენები გახდნენ  ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა და ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე. თანამედროვე მძლეოსნებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ლაშა ტალახაძე, რომელმაც 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მსოფლიო რეკორდების ავტორი გახდა.

წლევანდელი ლიცენზირებული სპორტსმენების სია კი ასე გამოიყურება: შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ), ლაშა ტალახაძე (+109კგ). ამ დროისთვის ლიცენზიას ელოდება ანასტასია გოტფრიდიც (87კგ).

თავისუფალი ჭიდაობა

ჭიდაობა ერთ-ერთი უძველესი სპორტია კაცობრიობის ისტორიაში. მრავალი სკულპტურა, რელიეფი და ჯერ კიდევ გამოქვაბულზე გაკეთებული ნახატები ასახავს მას. ჭიდაობა ძველი ოლიმპიური თამაშების მთავარი ნაწილი იყო, რომელიც პირველად 708 წელს გაიმართა. 

დღეს ჭიდაობა ოლიმპიადების განუყოფელი ნაწილია და ქვესახეობებით არის წარმოდგენილი, როგორებიცაა: თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი მოჭიდავეთა სტილით, ნაკრები საქართველოდან 4 ადამიანით იქნება წარმოდგენილი.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მეორენაირად მას კლასიკურ ჭიდაობასაც უწოდებენ. ამ სახეობის თანამედროვე ფორმა XIX საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთში ჩამოყალიბდა, ოლიმპიადაზე კი 1896 წლიდან  შეიტანეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამ სახეობაშიც ჰყავს ოლიმპიური ჩემპიონი. წლევანდელ თამაშებზე კი რამაზ ზოიძე და რობერტ კობლიაშვილი გადიან.

ფარიკაობა

სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც სპეციალური იარაღით, ფლორეტით ბრძოლას გულისხმობს. 

ქართველ მოფარიკავეებს ბევრი წარმატება უნახავთ ოლიმპიურ თამაშებზე. მაგალითად, ცნობილი იყო ვარლამ აფციაური, რომელმაც როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ოლიმპიადაზე მოიპოვა გამარჯვება.

წელს ლიცენზირებული მოფარიკავეა სანდრო ბაზაძე, რომელიც ოლიმპიადაზე საქართველოს წარადგენს.

კრივი

ეს არის ორ მებრძოლს შორის მუშტით ბრძოლა, რომელიც სპეციალურად შედგენილ წესებს ემორჩილება. ის ცნობილი იყო ძველ საბერძნეთში, ეგვიპტესა და ბაბილონში და ოლიმპიური თამაშების ნაწილიც მუდამ იყო. 

ის საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული სპორტია უამრავი მიმდევრით. პარიზში წელს ორი მოკრივე წარგვადგენს:  გიორგი ყუშიტაშვილი და ლაშა გურული. ორივე მათგანმა საკმაოდ რთული და დაძაბული ეტაპები გამოიარა, რათა ოლიმპიურ თამაშებში მოხვედრილიყო.

ტყვიის სროლა

სპორტის ეს სახეობა, რომელიც მახვილ თვალსა და ზუსტ მიზანს მოითხოვს, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 1896 წელს გამოჩნდა. როგორც ბევრ სხვა სახეობაში, აქაც თავდაპირველად კაცები მონაწილეობდნენ, 1968 წლიდან კი ქალების ასპარეზობაც გამოჩნდა. 

საქართველოში ტყვიის სროლა XX საუკუნის 30-იანი წლებიდან განვითარდა. სასწავლო ჯგუფები სამხედრო ნაწილებზე იყო განლაგებული, ხოლო 90-იანი წლებიდან ეროვნული ფედერაცია დაარსდა. რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს, ოლიმპიური ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელია ნინო სალუქვაძე. წლევანდელ ოლიმპიადაზეც საქართველოს სახელით სწორედ ნინო გამოდის.

კალათბურთი

კალათბურთი სათავეს 1891 წლის დეკემბერში იღებს. პირველი საერთაშორისო თამაშები ჩატარდა 1920-იან წლებში, ხოლო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა 1950-იან წლებში. ოლიმპიურ თამაშებზე კი პირველად 1904 წელს გამოჩნდა. 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთი გახდა ოფიციალური ოლიმპიური სპორტი. 

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ როგორც შარშან გავიდა ქართველთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე წელს გვაქვს კიდევ შანსი, რომ ოლიმპიადაზე გავიდეთ. ეს იქნება ისტორიული შედეგი არა მხოლოდ კალათბურთისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის.

ზაფხულის ოლიმპიადაზე კიდევ არაერთი სპორტის სახეობა იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა: ცურვა, ჩოგბურთი, რომლებზეც ჯერ კიდევ არის მოლოდინი, რომ შესაძლოა საქართველომ იასპარეზოს, თუმცა ჯერჯერობით მეტი დეტალი ცნობილი არ არის. 

საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

„მეტროპოლი“ Open Air-ის პარტნიორია – დეველოპერული კომპანია Lisi Wonderland-ში

BARK Air — ძაღლებისთვის შექმნილი პირველი ავიაკომპანია