in

5 თვისება, რომლებიც სპორტსმენ თანამშრომლებს გამოარჩევთ

დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები არ არის მხოლოდ ის, რასაც აქტიური თუ ყოფილი სპორტსმენები კორპორატიულ სამყაროში გვთავაზობენ… აქ დამქირავებელი მენეჯერები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან გუნდში სპორტსმენის ყოლა უპირატესობას ნიშნავს. ამაში კი ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებებიც დაგარწმუნებთ, რომლებიც რეალური მაგალითებითაა გამყარებული:

თვისება 1: ისინი ყოველთვის მომზადებულები მოდიან

არსებობს უნარები და პასუხისმგებლობა, რომელსაც სპორტსმენობისას გამოიმუშავებენ და რომლებიც წარმატებით ითარგმნება სამსახურშიც. ამაში Pryon-ის გაყიდვების ხელმძღვანელის გრეის კუჩილას მაგალითი დაგარწმუნებთ, რომელიც გვეუბნება, როგორ დაეხმარა საბრძოლო ხელოვნება ბიზნესში:

„მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი შავი ქამრის მოსაპოვებლად 7 წლის შემდეგ. თითოეული ქამრისთვის ეს ტესტია, კუმულაციური პროცესი, რომელიც ცოდნასა და პრაქტიკას აერთიანებს. ის არის, რასაც ბოლო წუთში ვერ გააკეთებ, სამსახურშიც კი უკვე ჩვევად მექცა, რომ კარგად მომზადებული ვიყო, ჩემი შეტყობინებები ფარავდეს ყველა ნიუანსსა და შესაძლო დაბრკოლებებს. ძლიერი შეტყობინებისა თუ გაყიდვების პროგრამის შესაქმნელად საჭიროა მუდმივი შემოწმება და გაუმჯობესება. ეს ყველაფერი კი სწორედ მზადების ეტაპზეა დამოკიდებული“. 

თვისება 2: ისინი მოქნილები არიან

ტურნირებისა თუ შეჯიბრებების დროს ძალიან ბევრი რამ შეიძლება არ წავიდეს კარგად. შესაძლოა, თამაშში მაშინ დაგიძახონ, როცა გუნდის წევრი დაშავდება, ან გამგზავრება ბოლო წამს მოგიწიოთ… თუმცა ეს ის დაბრკოლებებია, რომლებიც სულაც არ აბნევს სპორტსმენს, მან იცის, როგორ გაუმკლავდეს მოულოდნელობებს, სწორედ ამაზე ვარჯიშობს. მრავალი წლის გამოცდილებით იცის, რომ რაღაც მაინც არევს კარგად დაწყობილ გეგმებს, მაგრამ ეს გამოსავლის პოვნაში ხელს არ უშლის. 

სპორტსმენებს ადაპტაციის უნარის გამომუშავებაზე ავარჯიშებენ, რაც ძალიან სასარგებლოა სამსახურისთვისაც. ისინი შემდგომ ოთხ კრიტიკულ საკითხს იმაზე მეტად შეიძლება უმკლავდებოდნენ, ვიდრე სხვა კანდიდატები:

  1. დეტალურად ადგენენ B თუ C გეგმებს და შემდგომში ახორციელებენ მას;
  2. განსაზღვრავენ, როგორ დააბალანსონ სამუშაო დატვირთვა, როცა გუნდის წევრი შვებულებაში გადის ან სამსახურიდან ათავისუფლებენ;
  3. სწრაფად აგვარებს პრობლემებს;
  4. მუშაობს მომხმარებელთა იმედგაცრუების წინააღმდეგ, მათთვის სასურველი ალტერნატიული შედეგის მიწოდების პარალელურად.

თვისება 3: ისინი გასცემენ და იღებენ უკუკავშირს

სპორტსმენებს თავიდანვე ასწავლიან, რომ მზად უნდა იყვნენ უარყოფისა და იმედგაცრუებისთვის. მწვრთნელები ეუბნებიან, რას აკეთებენ სწორად და რას არასწორად. ასე კი ტექნიკის დახვეწაში ეხმარებიან. თუმცა თუ არ ისწავლიან, როგორ მოუსმინონ მას და როგორ გადაიტანონ მისი ნათქვამი პრაქტიკაში, წარმატებას ვერასდროს მიაღწევენ. პროფესიონალი ველოსიპედისტი ქეით კურანი, რომელიც დღეს Okta-ს უსაფრთხოების პროგრამული მენეჯერია, თავის გამოცდილებაზე საუბრობს:

„თავიდან ძალიან თავდაჯერებული ვიყავი ჩემს უნარებში, თუმცა მალევე აშკარა გახდა, რომ ჩემი ველოსიპედისტის გამძლეობა არ გადაითარგმნა სირბილში. მალევე მინდოდა გაჩერება, მაგრამ საქმე უკეთ დავისწავლე ჩემს მწვრთნელთან და გუნდთან ერთად. ხოლო ახლა, როგორც პროფესიონალი, მსგავსს რაიმეს განვიცდი — რაღაც საზღვრებამდე რომ მივაღწევ, თავის დანებების სურვილი მიჩნდება, მაგრამ ჩემმა სპორტულმა გამოცდილებამ მასწავლა, როგორ შევინარჩუნო ტემპი. სხვების მიერ მოცემულ უკუკავშირზე ფოკუსირება ყოველთვის მაძლევდა საშუალებას, წარმატებისთვის მიმეღწია და რაღაც ღირებულება უფრო სწრაფადაც შემეთავაზებინა“.

მოსმენის სწავლას კი დრო და ძალისხმევა სჭირდება, რაც თქვენს სხეულთან კომფორტულად ყოფნას, ემოციების რეგულირებასა და თქვენი გუნდის წევრების რეაქციებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. უმეტესად, ეს პროცესი ნდობას ეფუძნება — როცა სპორტსმენები რთულ უკუკავშირს იღებენ, საკუთარ თავს შეახსენებენ, რომ მწვრთნელები მათ გაუმჯობესებას ცდილობენ და არა, პირიქით. ამგვარად, ისინი უფრო მეტად ადგენენ გეგმებს რაღაცების გამოსასწორებლად, მუშაობენ ამაზე და იქამდე არ ჩერდებიან, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებენ. 

თვისება 4: მათ იციან, როგორ იმუშაონ კონკრეტული მიზნების მისაღწევად

სპორტსმენები საკმაოდ ადრეული ასაკიდან ისახავენ და აღწევენ მიზნებს, ამიტომ მათთვის ამ უნარის სამსახურში გადმოტანა საკმაოდ მარტივი და ბუნებრივია. მწვრთნელები მათ იმას ასწავლიან, რასაც SMART მიზნებს ვუწოდებთ. ამგვარად, სპორტსმენებისთვის დეტალური და დროში გაწერილი მიზნები უცხო არ არის, შესაბამისად, არც სამსახურში კომპლექსური მიზნების KPI-ებად ან OKR-ებად დაყოფა ყოფილა მათთვის უჩვეულო.

თვისება 5: მათ კარგად გამოსდით ურთიერთობები

სპორტის სამყაროში არსებულ ყველა ადამიანთან ურთიერთობა და მათგან რაღაცის სწავლა სპორტსმენების ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, ვინ არიან, საიდან მოდიან ან რა გადაუტანიათ… ეს ემპათიასაც ბადებს მათში და ლიდერობასაც, რაც ძალიან ეხმარებათ.

„როგორც ველოსიპედისტების გუნდის წევრმა, ვისწავლე, როგორ მომეპოვებინა სხვების ნდობა პატარა გზებით — დაწყებული მათი მსგავსი სიჩქარის შენარჩუნებით და გაგრძელებული იმ დაბრკოლებების გაზიარებით, რომლებიც გზად შეხვდებოდათ. ამ გამოცდილების სამსახურში გადატანა ძალიან დამეხმარა. მე უნდა მეპოვა გზები ადამიანების ნდობის მოსაპოვებლად მთლიან ორგანიზაციაში, რათა მთავარი პროექტები თავდაჯერებულად მემართა — ჩემი გუნდის წევრებისგან მხარდაჭერა უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ, როგორც ერთი გუნდი, წარმატებას მივაღწევთ“, — აცხადებს ქეით კურანი, ყოფილი ველოსიპედისტი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სპორტსმენებმა იციან, როგორ დაეხმარონ ადამიანებს გაუმჯობესებაში — ისინი ხომ ამას თავად წლების მანძილზე აკეთებდნენ… ამგვარად, თუ სამსახურის ვაკანსიებში სპორტსმენის გამოცდილებას ამოიკითხავთ, მისი უყურადღებოდ დატოვება არ ღირს. 

საერთაშორისო ტექკომპანია Thoughtworks თიბისისთან წარმატებულ თანამშრომლობაზე წერს

როგორ ეხმარება AI შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს?