Boston Dynamics-მა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც რობოძაღლი Spot ლაპარაკობს. განახლებული შესაძლებლობებით, აღნიშნული რობოტი აღჭურვილია დინამიკით, მიკროფონით და ChatGPT API-ზეც აქვს წვდომა — შედეგად, ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებაც შეუძლია.
საგულისხმოა, რომ Spot-ის მეტყველება და ტონი საკმაოდ გამართულია, რაც მოწყობილობის დიდ შესაძლებლობებზე მიუთითებს. რობოტმა სხვადასხვა პიროვნების როლიც კი მოირგო — მათ შორის თინეიჯერი გოგონასი, სარკასტული ბიჭის და მოგზაური შექსპირისაც კი. იმისათვის, რომ რობოძაღლმა საუბარი დაიწყოს, საკმარისია მისი გაღვიძება ამ „მაგიური სიტყვებით“: Hey, Spot! ასევე, რობოტს იმის განსაზღვრაც შეუძლია, უახლოეს მონაკვეთში სად დგას ადამიანი და სწორედ მისკენ აბრუნებს თავს სასაუბროდ.
უბრალო საუბრის გარდა, Spot-ს ფოტოების გადაღება, კითხვების დასმა და ტექსტის დაწერაც შეუძლია. ამ უკანასკნელისთვის კი სწორედ ChatGPT-ს იყენებს. ამასთანავე, კითხულობს ლექსებს, ამბობს კომპლიმენტებს და უმოკლეს დროში პასუხობს მოულოდნელ კითხვებს. მთლიანობაში, მისი ნებისმიერი უკუკავშირი საკმაოდ ადეკვატური იყო.
მიუხედავად ამ წარმატებული შესაძლებლობებისა, რობოძაღლს ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე ხარვეზი — მაგალითად, ზოგჯერ არაზუსტ ინფორმაციას აჟღერებს ან მომენტალურად უგულებელყოფს კითხვებს. თუმცა კომპანია ამ საკითხების მოგვარება/გაუმჯობესებაზეც იზრუნებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგები…