in

Spot-ს “ფეინთბოლის” იარაღი დაუმონტაჟეს – მისი მართვა ყველას შეეძლება!

Boston Dynamics აღნიშნულ იდეას ეწინააღმდეგება

veon
veon

რობოტი ძაღლი Spot ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, თავისი თავაზიანობით თუ ცეკვით. ახლა კი, ყველაფერი კიდევ უფრო ინტერაქტიულ სახეს იღებს – 24 თებერვალს, ჩვენი დროით 22:00-ზე, ადამიანებს შეეძლებათ, Spot-ზე დამაგრებული “ფეინთბოლის” იარაღით, ფერადი საღებავების ბურთები ისროლონ. ამისათვის მხოლოდ ინტერნეტი, ქაოსის სურვილი და საიტზე გადასვლა გჭირდებათ!

Boston Dynamics-მა ნამდვილად შეძლო მთელი მსოფლიოს დაინტერესება, თუმცა  საღებავების ომში Spot-ის დისტანციური მართვის ინიციატორი ბრუკლინში დაფუძნებული “იდეების ქარხნის” კოლექტივია, სახელად MSCHF.

“პირდაპირ სტრიმინგზე ოთხი კამერა იზრუნებს. თქვენი მობილური ტელეფონების გამოყენებით შეძლებთ Spot-ის დისტანციურ კონტროლს. ყოველ 2 წუთში შეიცვლება მისი მმართველი” – აცხადებს MSCHF.

აღსანიშნავია, რომ Boston Dynamics ამ იდეით სულაც არ არის აღფრთოვანებული… მოგეხსენებათ, კომპანია დიდი ხანია ცდილობს, მთელი მსოფლიო დაარწმუნოს Spot-ის უსაფრთხოობაში და შეეწინააღმდეგოს მის ირგვლივ გავრცელებულ მითქმა-მოთქმას. ახლა კი, მასზე იარაღის (თუნდაც ფერადი საღებავის) დამონტაჟება, სრულიად სხვაგვარ სურათს ქმნის. “ისინი ჩვენთან მოვიდნენ, შემოქმედებითი პროექტის გაკეთების მიზნით. თუმცა ჩვენ გვსურდა იმის დამტკიცება, რომ რობოტები არასდროს იქნება გამოყენებული ხალხის საზიანოდ და დასაშინებლად “ – აცხადებს Boston Dynamics. ამასთან ერთად, კომპანიაში ხაზს უსვამენ Spot-ის უამრავ დადებით მხარეს, როგორიცაა მათი რადიოაქტიურ ადგილებში საკვლევად გამოყენება, შახტებსა და სხვადასხვა საშიშ ადგილებში ადამიანების ნაცვლად რობოტი ძაღლების გაშვება და ა. შ.

წერს Boston Dynamics “თვითერზე”

როგორც ჩანს, Boston Dynamics ასევე მკაცრად ეწინააღმდეგება შეიარაღებული სამხედრო რობოტების შექმნასაც, მიუხედავად იმისა, რომ მან თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს დაფინანსება მიიღო.

ამ ეტაპზე, Boston Dynamics რობოტის გამოყენების წესებზე საუბრობს. კომპანიის თქმით, თუ დადგინდა, რომ რომელიმე სხვა პირი მათ პროდუქტს წესების დარღვევით იყენებს, კომპანიას უფლება აქვს, ლიცენზია გააუქმოს – რობოტი ვეღარ მიიღებს პერიოდულ განახლებებს. “ფეინთბოლთან” დაკავშირებით კი, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ირღვევა მომსახურების პირობები და შესაბამისი გამოძიება მიმდინარეობს. “თუმცა საბოლოოდ ისინი კრეატიული ბიჭები არიან. ისინი აპირებენ იმის გაკეთებას, რაც სურთ. ასე რომ, ვნახავთ, რა მოხდება” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ Boston Dynamics უბრალოდ ვერ შეზღუდავს MSCHF-ს, რადგან ახალი ინტრიგა იჩენს თავს – ხალხს ეჭვი გაუჩნდება “გამოდის, მათ არ სურთ, რომ ეს ვნახოთ”…

რატომაა ორგანიზმისთვის წყლის მიღება აუცილებელი?

Microsoft Word-ს “პროგნოზული წერის” ფუნქცია ემატება