ოდესმე გიფიქრიათ, რომ სიმღერებსაც ისევე უნდა ახლდეს აღწერები, როგორც ფილმებს — თუმცა ამ შემთხვევაში იმის განმარტებაც, თუ რატომ გირჩევთ ალგორითმი მათ მოსმენას. Spotify-ის ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქცია DJ სწორედ ამას აკეთებს: ის თითოეულ მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რატომ შეირჩა ესა თუ ის სიმღერა.
რეალურად, ეს ახალი გზაა პერსონალიზებული ფლეილისტების გასაკეთებლად, რომლებიც სფოთიფაის რეკომენდაციების ფუნქციაზე იქნება დაფუძნებული. ამავდროულად, DJ ანაწილებს ყველა თქვენთვის საყვარელ სიმღერას — მათ, რომლებსაც წლების წინ უსმენდით ან ახლა უსმენთ; ანდაც ალგორითმი „ფიქრობს“, რომ თქვენს გემოვნებას შეესაბამება.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეკომენდაციების თანმხლები ინფორმაცია AI-ით გენერირებული ხმით გაჟღერდება — ამისათვის OpenAI-ისა და Sonantic-ის ერთობლივი პროგრამა გამოიყენეს. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ხმა ხელოვნურადაა შექმნილი, ის რეალური ადამიანისას ჰგავს, რადგან ალგორითმი სწორედ Spotify-ის კულტურული პარტნიორობის ხელმძღვანელის საუბრის საფუძველზე გაიწვრთნა.
სესიის დაწყებისას, ავტომატურად ჩაირთვება რაიმე სიმღერა და არ მოწონების შემთხვევაში, შესაბამისი ღილაკია გადასართველად. მთელ ამ პროცესში კი DJ მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას — მაგალითად, ვინ არის შემსრულებელი ან რატომ შეირჩა ესა თუ ის სიმღერა კონკრეტული ჟანრისთვის. თანაც, სფოთიფაის განცხადებით, საუბარი წინასწარ არ არის ჩაწერილი და ყველაფერი რეალურ დროში გენერირდება.
ამჟამად ფუნქცია DJ აშშ-სა და კანადაში იტესტება.