Spotify-მ ახალი ფუნქცია Reserved by Spotify ოფიციალურად აამოქმედა. მისი მიზანია, ყველაზე ერთგულ მსმენელებს შესაძლებლობა მისცეს, საყვარელი არტისტის კონცერტის ბილეთები ფართო გაყიდვების დაწყებამდე შეიძინონ.
ფუნქცია თავდაპირველად აშშ-ში, 18 წელს გადაცილებული Premium-გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პირველი არტისტი, რომელიც ახალ სისტემას გამოიყენებს, არის Role Model. იმ მომხმარებლებს, რომლებიც Spotify-ს შეფასებით მის ყველაზე აქტიურ მსმენელებად მიიჩნევიან, სპეციალური შეტყობინება მიუვათ და ბილეთების შეძენას 23 ივნისიდან, საჯარო გაყიდვების დაწყებამდე შეძლებენ.
ახალი სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ Live Nation-ის კონცერტებზე მოქმედებს, ხოლო ბილეთების გაყიდვას Ticketmaster უზრუნველყოფს. Spotify-ს განცხადებით, მომავალში პარტნიორების რაოდენობა გაიზრდება და პროგრამა უფრო მცირე საკონცერტო სივრცეებსა და საერთაშორისო ბაზრებსაც მოიცავს.
Reserved-ის შექმნის მთავარი მიზეზი ბილეთების გადამყიდველებთან ბრძოლაა. ბოლო წლებში პოპულარული კონცერტების ბილეთებს ავტომატიზებული სისტემები ხშირად წამებში ყიდულობს, რის შემდეგაც ისინი გაცილებით მაღალ ფასად იყიდება. Spotify ცდილობს, ამ პროცესში უპირატესობა ნამდვილ ფანებს მიანიჭოს.
კომპანიამ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ „სუპერფანების“ იდენტიფიცირებისთვის მხოლოდ მოსმენების რაოდენობას არ დაეყრდნობა. შეფასებაში გათვალისწინებული იქნება ისეთი აქტივობებიც, როგორიცაა მუსიკის გაზიარება, აპლიკაციაში ჩართულობა და სხვა ქცევითი სიგნალები. Spotify ასევე აკონტროლებს შესაძლო ბოტებისა და AI-აგენტების გამოყენებას, რათა სისტემის მოტყუება შეუძლებელი იყოს.
კომპანიის განმარტებით, მხოლოდ ერთი და იმავე სიმღერის უსასრულოდ ჩართვა უპირატესობას ვერ მოგიტანთ. სისტემა ცდილობს დაადგინოს, ნამდვილად აქტიური მსმენელი ხართ თუ არა და ბუნებრივად იყენებთ თუ არა პლატფორმას.
გარდა ამისა, Reserved მომხმარებლის მდებარეობასაც ამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ ის კონკრეტულ კონცერტთან გეოგრაფიულად ახლოს იმყოფება.
შერჩეული მომხმარებლები Spotify-ს მთავარ გვერდზე პერსონალიზებულ შეთავაზებას დაინახავენ, სადაც შეძლებენ ტურის თარიღების ნახვას, შეძენის პერიოდის შემოწმებასა და შეხსენების დაყენებას. ბილეთების რეზერვირებული ფანჯრის გახსნის შემდეგ, რომელიც, ჩვეულებრივ, დაახლოებით ერთი დღე გრძელდება, მათ ორი ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა ექნებათ, სანამ ისინი საჯარო გაყიდვაში გამოვა.
Spotify აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ერთგული ფანების რაოდენობა ხელმისაწვდომ ბილეთებზე მეტია, ამიტომ ყველა მსმენელი ყველა კონცერტზე შეთავაზებას ვერ მიიღებს.
კომპანიის ინფორმაციით, Role Model მხოლოდ პირველი არტისტია იმ რამდენიმე მუსიკოსიდან, რომელთა ტურნეებიც Reserved-პროგრამაში უახლოეს დღეებში ჩაერთვება. Spotify-ს სტრატეგია კი აშკარაა – მუსიკის ყველაზე აქტიური მსმენელები პლატფორმაზე კიდევ უფრო მეტად დააჯილდოოს და მათთვის ექსკლუზიური შესაძლებლობები შექმნას.














