in

როგორ გამოიყვანა დეპრესიიდან მუსიკამ Spotify-ის დამფუძნებელი

„მე, როგორც სტოკჰოლმის გარეუბანში, მუშათა კლასის გარემოცვაში გაზრდილ ადამიანს, ყველანაირ მუსიკაზე წვდომა არ მქონდა. 1998-99 წლებში, სერიოზულად ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ლეგალურად მესმინა ყველანაირი მუსიკისთვის.

ორი რამ მაინტერესებდა ყველაზე მეტად – მუსიკა და ტექნოლოგია. ერთი პერიოდი, ბენდში ვცადე თავი, თუმცა, საკმარისად ნიჭიერი არ აღმოვჩნდი. შემდეგ, საკუთარი კომპანიები დავაარსე. ერთ დღესაც, ამ ორის გაერთიანება გადავწყვიტე და Spotify-ც ასე გაჩნდა…“ – დანიელ ეკი, Spotify-ის დამფუძნებელი.

Spotify-ის მუსიკალურ პლატფორმას, დღეს, მთელი მსოფლიოს გარშემო უსმენენ. მისი დაფუძნება ანტრეპრენერ დანიელ ეკის სახელს უკავშირდება. მუსიკალურ პლატფორმამდე დანიელმა გრძელი გზა განვლო. მისი და ტექნოლოგიების მეგობრობა კიდევ უფრო ადრეული ასაკიდან იწყება – 14 წლისა ვებგვერდებს ქმნიდა და დაბალ ფასად ყიდდა. შემდეგ, გუნდში მეგობარი დაიმატა და თვეში, დაახლოებით $15,000-იან შემოსავალზე შეძლო გასვლა. მიღებული ფულით თინეიჯერი ეკი, ძირითადად, ვიდეოთამაშებს ყიდულობდა. მოგვიანებით, მან ინვესტიცია ვებგვერდების ჰოსტინგ სერვერებში ჩადო და შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა. 16 წლისამ, Google-ში ცადა მუშაობის დაწყება, თუმცა, უარი უთხრეს, დიპლომის არქონის გამო. გადაწყვიტა საკუთარი საძიებო სისტემა შეექმნა, თუმცა, უშედეგოდ. დანიელის ყურადღება მცირე ხნით უნივერსიტეტმა მიიპყრო, თუმცა, პირველსავე წელს დაანება სწავლას თავი. ვერც გაამტყუვნებთ – მოკლე დროში, მის მიერ შექმნილი სისტემის დახმარებით 2 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

23 წლისას უკვე ჰყავდა საკუთარი Ferrari, მდიდრული აპარტამენტი სტოკჰოლმში და ყველა VIP სივრცეში სასურველი სტუმარი იყო. თუმცა, ამ ყველაფერმა ბედნიერება მაინც ვერ მოუტანა. დეპრესიამ ტექნოლოგიებიდან მეორე საყვარელი საქმისკენ – მუსიკისკენ „აიძულა“ გადასვლა. ის უკრავს სოლო და ბას გიტარაზე, ბარაბანზე, ფორტეპოანოსა და პირის ჰარმონიკაზე. მისი მუსიკისადმი სიყვარული მცირე ასაკიდან მოდის, როდესაც ოპერის მომღერალი ბებიასა და ჯაზ-პიანისტ ბაბუას გარემოცვაში იზრდებოდა. 18 წლის დენიელმა მთელი წელი გაატარა ტურისტული ავტობუსით მოგზაურობასა და სოლო გიტარაზე დაკვრაში.

დეპრესიაში მყოფი დენიელ ეკი რეჟისორ მარტინ ლორენცონს დაუმეგობრდა, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა. დანიელმა თავისი ორი სიყვარული – მუსიკა და ტექნოლოგია გაუზიარა, მარტინ ლორენცონიმ კი ინვესტიცია ჩადო და ცხოვრების ყველაზე რთული მომენტი, უამრავი რამის გადაფასების შედეგად, სრულიად ახალ პლატფორმას დაედო საფუძვლად.

„ვფიქრობ, მუსიკა თავისთავადაა მკურნალი. ესაა ადამიანური თვითგამოხატვის ერთგვარი აფეთქება. ესაა რაღაც, რასაც ერთხელ მაინც უმოქმედია ჩვენზე. არ ვიცოდი, ვინ ვიყავი და ვინ მინდოდა გავმხდარიყავი. თუმცა, ზუსტად ვგრძნობდი, რომ მსურდა ვყოფილიყავი უკეთესი.

მუსიკა უყვარს ყველას, იმის მიუხედავად, რომელ კულტურას მიეკუთვნება. არ ვამბობ, რომ მუსიკის ინდუსტრიაში Spotify-ის გარეშე წარმატება შეუძლებელია. თუმცა, როდესაც მუსიკის მომავალზე ვფიქრობ, დეფიციტი მიმზიდველ მოდელად არ მიმაჩნია. პირიქით, ჩვენ უნდა მივიღოთ საყოველთაო მდგომარეობა, რომ მუსიკა ყველგანაა. ესაა გზა მუსიკოსებისა და მათი მსმენელების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მე მაქვს ამბიცია, რომ მუსიკოსებს შევაძლებინოთ შექმნან ის მუსიკა, რაც მათ სურთ, თუნდაც, ალბომის ჩასაწერად ხუთი წელი დასჭირდეთ. მინდა, მათ ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ესაა ჩემი მიზანი.

ჩვენი ხედვით, მუსიკა ადამიანის ცხოვრებისთვის არის სრულიად ბუნებრივი რამ. ვგულისხმობ, რომ უმეტესობა ჩვენგანისთვის მუსიკა რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდება – პირველ კოცნასთან, მეგობრის დაბადების დღესთან და ა.შ. ეს არაა ახალი ამბები, რომელიც 5 წუთის ან თუნდაც, 10 წამის წინ მოხდა და ამიტომაა მნიშვნელოვანი. 1960-იანების მუსიკა ისევე აქტუალურია, როგორიც Ke$ha-ს უახლესი სიმღერა.“

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

5 სექტემბერს ღვინის ბარი და მაღაზია ,,სომელიე“ იხსნება

„გუნდა“ – F&B კონცეფცია, სადაც ხაჭაპურის 47-ნაირ სახეობას დააგემოვნებთ