Spotify და easyJet ადამიანების მოსმენის ჩვევებს იყენებს, რათა დასვენებისთვის შესაბამისი ადგილების რეკომენდაციები გასცეს. ამისთვის VCCP London-ის მიერ შექმნილი კამპანია “Listen&Book” Spotify-ის მომხმარებლების „ფლეილისთებს“ აანალიზებს, არსებული მუსიკის სტილიდან შთაგონებას იღებს და მონაწილეებს მათზე მორგებულ სამოგზაურო ადგილებსაც სთავაზობს.
ამასთან, მსმენელებს ახლომდებარე მუსიკის სივრცეებსაც აჩვენებენ, რათა ისინი ადგილობრივი მუსიკის კულტურასთან დააკავშირონ.
„ეს კრეატიული თანამშრომლობა გვაჩვენებს, რა შეუძლია აუდიოს. მსმენელები Spotify-ში ერთვებიან, რათა ინსპირაცია მიიღონ და აღმოჩენები გააკეთონ. ჩვენი ფოკუსირება პერსონალიზაციაზე კი ბრენდებს აუდიტორიასთან მნიშვნელოვანი ინტერაქციული კავშირების ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს“, — აცხადებს რიჩარდ ფრანკელი, Spotify-ის გლობალური შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ამ ფუნქციაზე წვდომისთვის კი მომხმარებლებს Spotify ანგარიშის Listen & Book-ის საიტთან დაკავშირება მოუწევთ.
„Listen&Book მომხმარებლებს ევროპაში ახალი ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება, რისთვისაც Spotify-ს ინოვაციურ ტექნოლოგიას გამოვიყენებთ, რათა მათი ძიებისა თუ დაჯავშნის გამოცდილებაც გავაუმჯობესოთ“, — ამბობს რიჩარდ შერვუდი, easyJet-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ხოლო დევიდ მასტერმანმა, VCCP-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის მოადგილემ, განაცხადა: „ერთადერთი რამ, რაც ადამიანებს მოგზაურობის მსგავსად უყვართ, მუსიკაა. ამიტომ, ძალიან გვიხარია, რომ ეს ტექნოლოგია ერთს მეორეს დასახმარებლად იყენებს. ასე რომ, აღმოაჩინეთ ის სამოგზაურო ადგილები, რომლებსაც Spotify თქვენი სიმღერების მიხედვით გთავაზობთ და სიამოვნებით ეწვიეთ მას“.