in

როგორ უბიძგებს Spotify მომხმარებლებს აუდიოწიგნების მოსმენისკენ

Spotify-მ ახალი ამბიციური კამპანია წამოიწყო. კომპანიის მიზანია, მომხმარებლები აუდიოწიგნებით ისევე დააინტერესოს, როგორც მუსიკით. სტრიმინგ-გიგანტი ცდილობს აუდიოწიგნების აღმოჩენა ისეთივე ემოციურ გამოცდილებად აქციოს, როგორიც ახალი მუსიკალური არტისტის ან სიმღერის პოვნაა.

ახალი სარეკლამო კამპანია პოპულარულ წიგნებს წარმოაჩენს და მიზნად ისახავს, შექმნას ისეთივე ხმაური, როგორსაც ზაფხულის ჰიტები იწვევენ. კამპანიაში, რომელიც მთლიანად Spotify-ის შიდა გუნდმა შექმნა, ფიგურირებს ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა სტივენ კინგის უახლესი თრილერი “Never Flinch” და #BookTok-ის ფავორიტი – თეილორ ჯენკინს რეიდის “Atmosphere”.

სარეკლამო მასალებში კომპანიამ მუსიკალური ლექსიკა გამოიყენა აუდიოწიგნების პოპულარიზაციისთვის. ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ Spotify-ს სურს წიგნების მოსმენა ისეთივე მაგარ გამოცდილებად აქციოს, როგორიც მუსიკის მოსმენაა.

Spotify-ის კრეატიული მიმართულების გლობალური ხელმძღვანელი ჯერემი ვირთი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანია ადამიანები წიგნებით ისე გაიტაცოს, როგორც მუსიკით. მისი თქმით, მათ სურთ, რომ აუდიოწიგნების აღმოჩენა იმავე ემოციების მომტანი იყოს, რასაც ახალი საყვარელი მუსიკალური ტრეკის პოვნა იწვევს. კომპანიის მთავარი გზავნილია: „წაიკითხე ისე, როგორც უსმენ“.

კინემატოგრაფიული ვიდეოები, თამამი დიზაინი და მკვეთრი ფერები – ასე ცდილობს Spotify შექმნას გარემო, რომელიც ერთდროულად ნაცნობიც იქნება და ახალიც, სახალისოც და შთამაგონებელიც.

აღსანიშნავია, რომ ეს კამპანია ემთხვევა Spotify-ის მიერ Audiobooks+ საფეხურის შემოტანას. 2023 წელს, Spotify Premium-ზე აუდიოწიგნების დამატების შემდეგ, როდესაც Premium გამომწერებს თვეში 15 საათის უფასო მოსმენას სთავაზობდნენ, კომპანიის ბიბლიოთეკა თითქმის გასამმაგდა და ახლა 400,000-ზე მეტ დასახელებას ითვლის.

ბრენდის წარმომადგენლების ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში აუდიოწიგნების მომხმარებლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, ხოლო მოსმენის საათები – 35%-ით. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს, რომ Spotify-ის სტრატეგია აუდიოწიგნების ბაზარზე საკმაოდ წარმატებულია.

წყარო: Adweek

4 ახალი AI ხელსაწყო, რომლებიც ცდად ნამდვილად ღირს

Coldplay-ის კონცერტზე მომხდარ სკანდალს Astronomer სათავისოდ იყენებს!