მაისში Spotify-მ სიმღერების ტექსტებზე ულიმიტოდ წვდომის ფუფუნება მხოლოდ იმ მომხმარებლებს შესთავაზა, რომლებიც ამაში ფულს იხდიდნენ, ხოლო დანარჩენს უფასოდ თვეში მხოლოდ 3 სიმღერის ტექსტს თუ სთავაზობდა… ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ამ ამბავმა ბევრი კრიტიკა დაიმსახურა და ახლა უკვე შედეგიც გამოიღო — კომპანია ყოველთვიურ ლიმიტს ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც არაფერს იხდიან, უფრო მეტი სიმღერის ტექსტზე მიიღებენ წვდომას.
„Spotify-ში ყოველთვის რაღაცებს ვტესტავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფუნქციების ხელმისაწვდომობა, შესაძლოა, განსხვავდებოდეს ბაზრებისა და მოწყობილობების მიხედვით. მომდევნო კვირებში, ჩვენ მუსიკის ტექსტებს ხელმისაწვდომს გავხდით Spotify-ის უფასო გამოწერის მქონე მომხმარებლებისთვის გლობალურად“, — აცხადებს კომპანიის სპიკერი.
მართალია, ზუსტად რამდენ ტექსტზეა საუბარი, ამაზე ჯერ კონკრეტულად არაფერს ამბობენ, მაგრამ ვიგებთ, რომ 3 სიმღერაზე ბევრად მეტი იქნება… აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მონაცემებით, Spotify-ის ყოველთვიურად 626 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა 246 მილიონს პრემიუმ გამომწერები შეადგენენ.