Spotify აპლიკაციის დიდ რედიზაინზე საუბრობს, რომელიც პერსონალიზაციის ტექნოლოგიას წინა ხაზზე წამოწევს და ამასთან, ისეთ მოკლე ვიდეო ფორმატის გვერდსაც შემოგვთავაზებს, რომელიც TikTok-მა გახადა პოპულარული. განახლებულ მობილურ აპლიკაციაში მომხმარებლები და გამომწერები რამდენიმე სასარგებლო ფუნქციაზე მიიღებენ წვდომას — ვერტიკალურად სქროლვისთვის discovery გვერდი, ახალი Smart Shuffle რეჟიმი ფლეილისტის რეკომენდაციებისთვის და პოდკასტის ავტომატურად ჩართვის ფუნქცია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის…
ჩამოთვლილთაგან Smart Shuffle მხოლოდ გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სხვა ფუნქციები კი ყველასთვის. ამ ცვლილებებით Spotify-ის სურს, მომხმარებლებმა მეტად ცოცხალი და ინტერაქციული გამოცდილება მიიღონ. თუმცა აქვე სხვა მიზეზებიც უნდა ვახსენოთ, მას ახალი სივრცე შემოაქვს აპლიკაციაში, რომელსაც შემდგომში რეკლამებისთვის გამოიყენებს. დიახ, ზუსტად ისე, როგორც ეს ინსტაგრამმა გააკეთა Reels-ის შემოტანით.
ახალი დიზაინის შექმნისას მომხმარებელთა უკუკავშირიც გაითვალისწინეს, რომლებიც Spotify-ს რთულად გამოსაყენებელ აპლიკაციად აღწერდნენ… თუმცა არ გეგონოთ, რომ TikTok-ის რეპლიკასთან გექნებათ საქმე — თქვენ კვლავ იპოვით shortcut-ებს თქვენსავე პერსონალიზებულ ფლეილისტებზე. აქვე შეგვიძლია AI DJ ფუნქციაზეც ვისაუბროთ: DJ იყენებს გენერაციულ AI-ის და ბუნებრივი ჟღერადობის მქონე ხელოვნური ინტელექტის ხმას, რათა მისი მუსიკალური არჩევანი წარმოგვიდგინოს და ცოტა ინფორმაციაც მოგვაწოდოს არტისტის, სიმღერისა თუ ალბომის შესახებ. თუმცა ეს ფუნქცია ამ ეტაპისთვის მხოლოდ ამერიკისა და კანადის პრემიუმ გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
შემდგომში კი სქროლვა music preview-ს საშუალებით შეგიძლიათ გააგრძელოთ. ისინი წარმოდგენილია Canvas ვიდეოების სახით, ანუ მოკლე ვიდეოებით, რომლებიც ირთვება და დაუსრულებლად მეორდება. ფორმატი უკვე წარმატებულია, რაზეც გაზიარებების, შენახვებისა და დამატების მაჩვენებლებიც მოწმობს.
ამასთან, Canvas Spotify-ის TikTok-ის მსგავსი გვერდის გამოცდის საშუალებას აძლევს… ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლები იმასაც გაიგებენ, თუ რატომ აწვდის აპლიკაცია მათ კონკრეტულ რეკომენდაციებს. ამ ფორმატში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ Spotify საშუალებას მოგცემთ, მოუსმინოთ მუსიკას რეკომენდაციების ჩუმ რეჟიმში სქროლვისას. შესაბამისად, ჩართავთ თუ არა რომელიმეს, ეს თქვენი არჩევანია. შემდგომში თქვენს Liked Songs-ზე რეკომენდაციების დამატებასაც შეძლებთ.
მსგავსი სიახლეებია აუდიოწიგნებისა და პოდკასტების შემთხვევაშიც, თუმცა აქ პოდკასტების 60-წამიან ეპიზოდებს გვაჩვენებენ, რომელსაც ტიტრებიც ექნება. მეტიც, პოდკასტის მსმენელებს ახალ ფუნქციას სთავაზობენ: როცა თქვენ სხვა რაღაცის ყურებას დაამთავრებთ, იგი რეკომენდებულ ეპიზოდს ავტომატურად დაიწყებს. სპოტიფაის თქმით, ეს მომხმარებლებს ახალი შოუების აღმოჩენის შანსს აძლევს. თუმცა მათ, ვისაც ავტომატური ჩართვის ფუნქცია არ მოსწონს, შეუძლია შემდეგი ნაბიჯებით სასურველი შედეგი მიიღოს — Settings – Playback – toggle Autoplay.
Discovery, მუსიკისა და პოდკასტების გვერდის გარდა, აპლიკაციის ძიების ველშიც დაემატება, საიდანაც მომხმარებლები შეძლებენ, მათთვის სასურველ პერსონალიზებულ გვერდებზეც გადავიდნენ. კომპანიის თქმით, ამ გვერდების უკან არსებული ალგორითმი შეთავაზებებს სწორედ მომხმარებლის ინდივიდუალური გემოვნებისა და შეხედულებების მიხედვით გააკეთებს და არა, ზოგადი პოპულარობით.
მართალია, Spotify-ის მომხმარებლები რეკომენდაციებს აქამდეც ნახულობდნენ, მაგრამ ახლა პრემიუმ გამომწერებს ამის ნახვა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე Smart Shuffle-ის დახმარებით შეეძლებათ — ისინი რეკომენდაციებს ჩვეულებრივ ფლეილისტში შეხვდებიან, რომელსაც პატარა ნიშანიც ექნება, რათა გითხრათ, რომ კონკრეტულ სიმღერას Spotify გთავაზობთ. ხოლო, თუ სიმღერა მოგეწონებათ შეგიძლიათ + ღილაკს დააჭიროთ.
პირველ ეტაპზე Spotify-ის დიზაინი მხოლოდ სმარტფონებზე განახლდება, თუმცა მომავალში უფრო მეტი მოწყობილობა დაემატება. მან კომპანიის 500 მილიონზე მეტ ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებლამდე უნდა მიაღწიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სიახლეები თქვენ ახლავე არა, მაგრამ ახლო მომავალში იხილოთ…