Spotify-ის ახალი ფუნქციის მიხედვით, პლატფორმას შეუძლია თქვენი შინაური ცხოველისთვის დასაკრავი სია შეადგინოს, რა თქმა უნდა, მისი „გემოვნების“ გათვალისწინებით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გყავთ სახლში – ძაღლი, კატა, იგუანა, ფრინველი თუ ზაზუნა, „სფოთიფაის“ თქმით, ეს ფლეილისტები ორივესთვის – პატრონისა და შინაური ცხოველისთვის სასიამოვნო მოსასმენი იქნება.
ფლეილისტის შესაქმნელად უნდა ეწვიოთ „სფოთიფაის“ ვებგვერდს, გასცეთ პასუხი რამდენიმე კითხვას, რომელიც თქვენს შინაურ ცხოველს უკავშირდება. ამ გზით, პლატფორმა აგროვებს ინფორმაციას თქვენი შინაური ცხოველის სახეობის, ხასიათისა თუ თვისებების შესახებ, ამის შემდეგ კი ცდილობს შესაბამისი კომპოზიციები შეურჩიოს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მხოლოდ შინაური ცხოველის „გემოვნების“ გათვალისწინება არ ხდება. ალგორითმი იმასაც ითვალისწინებს, თუ რას უსმენთ თქვენ – შინაური ცხოველის პატრონი. აქტიურ ცხოველს, რომელიც მოუსვენარია და თამაშისმოყვარული, სისტემა რიტმულ მუსიკას შეურჩევს, ზარმაცებისთვის „სფოთიფაის“ მათი სიზარმაცის წამახალისებელი დასაკრავი სიები ექნება.
პლატფორმაზე თქვენი შინაური ცხოველის ფოტოს ატვირთვასაც შეძლებთ და ეს ფლეილისტის გარეკანის ფოტო იქნება და ვინ იცის, იქნებ, სამომავლოდ, ისეთ მუსიკალურ ჯგუფებსაც მოვესწროთ, რომლებიც ცხოველებისთვის მუსიკის შექმნაზე იქნებიან ორიენტირებულები…