„ბარსელონამ“ Spotify-სთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სტადიონს 2022/23 წლების სეზონიდან Spotify Nou Camp დაერქმევა. მომავალი სეზონიდან კი Spotify-ს კლუბის მაისურებსა და სავარჯიშო კომპლექტზეც ამოიკითხავთ.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა „კამპ ნოუს“ სპონსორის სახელი დაერქვა. მეტიც, კლუბისთვის ისტორიულ მომენტადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან იგი 2006 წლამდე მაისურის ნებისმიერ სპონსორზე უარს ამბობდა. ამ პროცესს აღწერენ, როგორც „კლუბის პირველი პარტნიორობა მუსიკისა და ფეხბურთის სამყაროების გასაერთიანებლად“.
მართალია, ფინანსური მხარე ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს „ბარსელონასთვის“ მომგებიანი იქნება. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა 2020-21 წლის ბოლოს კლუბს 481 მილიონი ევროს დანაკარგი ჰქონდა…
სპონსორობის ფარგლებში, მამაკაცთა და ქალთა გუნდების მაისურებზე Spotify ოთხი სეზონის განმავლობაში დაეწერება, სავარჯიშო კომპლექტზე კი სამი სეზონის მანძილზე. რაც შეეხება სტადიონის დასახელებას, ამბობენ, რომ ეს მეტად გრძელვადიანი იქნება, თუმცა კონკრეტულ პერიოდს არ ასახელებენ.
„ძალიან ვამაყობთ ამ პარტნიორობით, ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო დავუახლოვდეთ ჩვენს გულშემატკივრებს და მათ თავი „ბარსას“ ოჯახის წევრად ვაგრძნობინოთ. გართობისა და ფეხბურთის დაკავშირებით კი ჩვენ ახალ აუდიტორიასაც მივწვდებით, ეს „ბარსელონას“ ახალ ეპოქაში გადასვლაზე მეტყველებს და მას მსოფლიოში უნიკალურ კლუბად აქცევს“, — ამბობს ჯონ ლაპორტა, კლუბის პრეზიდენტი.












