დასვენება და ძილი რომ ჩვენი დაუოკებელი სურვილია, ეს Spotify-მაც შენიშნა და Calm-თან გაერთიანდა. შედეგად, მუსიკის აპლიკაციაში მომხმარებლებისთვის Calm კონტენტი იქნება ხელმისაწვდომი. კონკრეტულად კი 11 შოუ — Calm for Beginners, Calm for Stress & Anxiety, Calm for Meditation, Calm for Sleep, Calm for Kids, Camila Cabello’s mindfulness show… თითოეულ შემთხვევაში კონტენტის ნაწილი უფასოა, ნაწილი კი გამოწერას ითხოვს.
„მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა გადატვირთულ ყოველდღიურობაში ამისთვის დროის გამოყოფაა. სწორედ ამიტომ გავერთიანდით Spotify-სთან, რათა ჩვენი საუკეთესო კონტენტი მარტივად ხელმისაწვდომი Spotify-ის პოდკასტების კატალოგშიც ყოფილიყო“, — ვკითხულობთ Calm-ის პრეს-რელიზში.
აქ უფასო კონტენტის ფართო არჩევანი დაგხვდებათ, რომელიც Spotify Open Access-ის ნაწილია — ანუ ფუნქციის, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, საშუალებას გაძლევთ, Calm-ის მსგავსი სერვისი ახალი აპლიკაციების გადმოწერის ან მთლიანი გამოწერის თანხის გადახდის გარეშე გამოცადოთ. ამგვარად, თუ ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, Spotify მედიტაციისა თუ ჩაძინებისთვის გამოგეყენებინათ, ახლა საუკეთესო შანსი გაქვთ.