ერთ-ერთი ბოლო ბრენდი, რომელიც მომხმარებლებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო გააკრიტიკეს, არის Spotify. აჟიოტაჟი მოჰყვა მის ახალ კამპანიას Wrapped, რომელიც გამოვიდა 4 დეკემბერს.
უკმაყოფილო მომხმარებელთა პოსტები TikTok-ზე, X-სა და Reddit-ზე გამოჩნდა. მათ პლატფორმას უწოდეს „ზარმაცი” და იმასაც აღნიშნავენ, რომ Wrapped კამპანია ჩავარდა ზედმეტი ხელოვნურობისა და კონკრეტული ინფორმაციის წაშლის გამო, როგორიც იყო მომხმარებელთა ტოპ მუსიკალური ჟანრები. მან, ასევე, გააუქმა Sound Towns-ის ფუნქცია, რომელიც გამოვიდა 2023 წელს და ემთხვეოდა მსმენელების გეოგრაფიულ მდებარეობებს.
ამის ნაცვლად, მუსიკალური სტრიმინგის პლატფორმამ დაამატა ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი ფუნქციები, როგორიცაა Your Music Evolution. ამ ფუნქციის მიხედვით, მომხმარებლები მოსმენილი მუსიკის ისტორიის საფუძველზე, იღებენ სამ აღწერილობას, რომლებიც განსაზღვრავს, როგორი იყო თქვენი წელი Spotify-ზე.
Spotify-მ გამოიყენა მანქანური სწავლება, რათა ზუსტად განესაზღვრა სიტყვები და ჟანრები მომხმარებლის მონაცემებზე დაყრდნობით. ამით მან გამოავლინა კონკრეტული შემსრულებლის ან ჟანრის მოსმენაზე დახარჯული დრო და ყველაზე „პიკური თვეები” პლატფორმაზე. თუმცა მომხმარებლები ამით არ დარჩნენ კმაყოფილნი და წერენ, რომ არ არის ინფორმაცია საუკეთესო ჟანრებზე, არც ლოკაციებზე და 3 თვის ჟანრების შეჯამებაც, უბრალოდ, შემთხვევითი სიტყვებია, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა.
Spotify Wrapped-ის კრიტიკა, გარკვეულწილად, იმითაცაა გამოწვეული, რომ ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს შემოქმედებით სამუშაოებს. გასული წლის ბოლოს მან შეამცირა თავისი მუშახელის 17%, ანუ 1500-ზე მეტი თანამშრომელი.
კომპანიას ჯერ არ უპასუხია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც Wrapped კამპანია გააკრიტიკეს.