in , ,

„მე მჯერა თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის,“ – გაიცანით ნაჯა ორაშვილი, მეამბოხე სული და Spotlight 2016-ის სპიკერი

ნაჯა ორაშვილი, ფოტო ნიკა ფანიაშვილი
ნაჯა ორაშვილი

„ელექტრონავტი“, LLC MILKY WAY, BASSIANI, “კიმონო“, „ტრანსმისია“, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „სტუდია 13“, – ეს იმ წამოწყებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ნაჯა ორაშვილის სახელს უკავშირდება. 33 წლის ნაჯასთვის მუსიკა ყველაფერია, ძილს ფუჭად გატარებულ დროდ მიიჩნევს და ქალაქის ქუჩების კედლის ტექსტებს აგროვებს. იგი არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას და ამიტომაც, მისი გამოცდილება მრავალ სფეროს ითვლის. ნაჯა წელს Spotlight 2016-ის სპიკერია და თავის გამოცდილებას ის 10 სექტემბერს გაგვიზიარებს. მანამდე კი, საშუალება გაქვთ უფრო ახლოს გაიცნოთ იგი.

M: რატომ გადაწყვიტეთ  Spotlight-ში მონაწილეობის მიღება?

სპოტლაითში მონაწილეობა ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვახერხო, ჩემი ქაოტური ისტორიის დალაგება და იქნებ, ეს ისტორია სხვასაც გამოადგეს. შევეცდები, მოკლედ მოვყვე, თუ რას ნიშნავს სრულ ქაოსში, ანუ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებში მუშაობა. თუმცა, ჩემს საქმიანობას მუშაობას ვერ დავარქმევდი, ის უფრო ბრძოლას ჰგავს. ბრძოლის გარეშე რთულია იმ იდეებისა და ღირებულებების მოპოვება-გავრცელება, რისიც  მჯერა. მე მჯერა თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის, ჩემი პირადი იდეოლოგიაც ამ ფასეულობებს ეფუძნება.

M: მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა პროფესიის ხართ და როდის დაიწყო თქვენი კარიერა?

პროფესიით კინორეჟისორი ვარ, რომელსაც კინო არასოდეს გადაუღია, ასევე  ვარ პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერი. ამ სფეროშიც, ძირითადად, საკუთარი ინტუიციის დახმარებითა და პრინციპების დაცვით ვმუშაობ.

ჩემი პირველი სამსახური ერთ-ერთი გამომცემლობის გაყიდვების სამსახური იყო. მაშინ 15 წლის ვიყავი. თბილისის ჩაბნელებულ კორპუსებში კარდაკარ დავდიოდი და მოსახლეობას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების ყიდვასა და გამოწერას ვთავაზობდი. მას შემდეგ ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ არ მემუშავა.

ელექტრონავტები 2016, ფოტო ანდრო ერაძე
ელექტრონავტები 2016, ფოტო – ანდრო ერაძე

M: სად გიმუშავიათ და რა პოზიციებზე?

ყველაზე დიდხანს საზოგადოებრივ მაუწყებელში მომიწია მუშაობა.  ვმუშაობდი რეჟისორად, რეჟისორის ასისტენტად, კრეატივის, პრომოუშენისა და ანონსების ჯგუფის მთავარ პროდიუსერად, გადაცემების აღმასრულებელ პროდიუსერად, შემდეგ უკვე  სატელევიზიო გადაცემების ფორმატის ავტორად. ვიყავი პირველი ელექტრონული მუსიკის რადიო BEAT FM-ის მარკეტინგის მენეჯერი და მუსიკალური მიმართულების პროდიუსერი. ასევე, სარეკლამო სააგენტო “დელტა მედია”-ს მარკეტინგის მენეჯერი. ვწერდი სტატიებს სხვადასხვა ჟურნალში. შემდეგ, სერგი გვარჯალაძესთან ერთად, რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაზე (POPMOPED, SELECT2) ვიმუშავე ჟურნალისტად და სიუჟეტების ავტორად.

უკვე მერვე წელია, ვარ ფონდ „ელექტრონავტების“ წარმომადგენელი და ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალის, „ელექტრონავტის“ წამყვანი და მუსიკალური მიმართულების პროდიუსერი.

M: მოგვიყევით თქვენი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ ოთხი კომპანიის დამფუძნებელი, რადგან არცერთი მათგანი არ არის ტიპური ბიზნეს-მოდელი, უმჯობესია ვთქვა, რომ ოთხი იდეის შექმნაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ესენია: სარეკლამო სტუდია LLC MILKY WAY, რომელიც ძირითადად სოციალურ თემებზე მუშაობს, კლუბი BASSIANI, რომელმაც საერთაშორისო აღიარება გახსნის დღიდანვე მოახერხა, სერვის კომპანია INDUSTRIA და „სტუდია13“.

BASSIANI CREW, ფოტო - ნიკა ფანიაშვილი
BASSIANI CREW, ფოტო – ნიკა ფანიაშვილი

BASSIANI ერთიანი ღირებულებებისა და ხედვების მქონე ადამიანების ერთობაა, რკინის მუზარადის უკან გაბრაზებული, ახალი იდეებისთვის მებრძოლი ადამიანები დგანან რომლებიც თავისუფლების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევენ. BASSIANI ძალიან პრინციპულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და აქტიურად არის ჩართული სოციალურ საქმიანობაში. ასევე, სოლიდარულია ლგბტ ადამიანების მიმართ, სწორედ ამან განაპირობა რომ დღეს კლუბის საცეკვაო მოედანზე ჰომოფობია დამარცხებულია.

ამას გარდა, ვარ ორი სატელევიზიო გადაცემის: “კიმონო” და “ტრანსმისია” ფორმატის  ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ვარ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი, ასევე, სხვადასხვა  სოციალური მოძრაობის აქტიური წევრი, რომელიც უკეთესი მომავლისა და სოციალური ცვლილებებისთვის იბრძვის. 24 საათის განმავლობაში ძალიან ცოტა მძინავს, ძილს ფუჭად გატარებულ დროს ვეძახი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი გავხდი, რადგან დღე/ღამე არ გავა ისე, რომ უმიზეზოდ დაჭერილი და ნარკოლოგიურში გადაყვანილი ადამიანების დახმარება არ გახდეს საჭირო.

თეთრი ხმაურის მოძრაობა, ფოტო - გურამ მურადოვი
თეთრი ხმაურის მოძრაობა, ფოტო – გურამ მურადოვი

M: რას თვლით თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად?

ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობა მიმიღია, იყო  “სისტემა უნდა დაინგრეს“, ციხის კადრების ნახვის დღეს, პირველი წინადადება რაც თავში მომივიდა, ეს ლოზუნგი იყო. ზუსტად 1 საათში შეიქმნა სიმღერა და დაიგეგმა აქცია უნივერსიტეტთან, ეს იყო ძალიან სპონტანური სამოქალაქო პროტესტი, რომელიც იმჟამინდელ სახელმწიფო პოლიტიკას დაუპირისპირდა.

სისტემა უნდა დაინგრეს, ფოტო Nata & Maka
სისტემა უნდა დაინგრეს, ფოტო – Nata & Maka

M: რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

არასოდეს მენანება დრო მუსიკის მოსმენისთვის. მუსიკაზე მეტს არაფერს ვიტყვი, თუკი დღეს რამეს წარმოვადგენ, სწორედ მუსიკის დამსახურებაა.

მიყვარს ვიდეო ინჟინერია და გრაფიკა. ყოველთვის ვცდილობ,  ვიდეომასალა მე თვითონ დავამონტაჟო, ვცდილობ ეს ცოდნა სხვებსაც გავუზიარო. მე და ჩემმა მეგობარმა სარეკლამო სტუდია (MILKY WAY) ნათხოვარი ვიდეოკამერით დავაფუძნეთ. აქ  მომუშავე ადამიანების უმრავლესობამ სწორედ აქ ისწავლა ვიდეომასალასთან მუშაობა და დღეს ისინი უკვე პროფესიონალი გრაფიკოსები, მემონტაჟეები და ოპერატორები არიან.

თავისუფალ დროს ქალაქის ქუჩებში კედლის ტექსტებს ვაგროვებ. სწორედ კედლის ტექსტების სიყვარულითა და შთაგონებით შეიქმნა სოციალური პროექტი “ქალაქი ამბობს”. არაფერია იმაზე საინტერესო, ვიდრე იმის გაგება, თუ რაზე ლაპარაკობს ქალაქი, კედლის  წარწერები სწორედ ამის გაგებაში გვეხმარება. წარწერები ერთი შეხედვით ქაოტურია, აზრები წყვეტილი, თუმცა, თუ ყურადღებით დააკვირდები, შეძლებ მისი საერთო განწყობის დანახვას. მისი განწყობა ხშირად იცვლება და ასევე, იცვლება მისი სათქმელი. სწორედ, ამ ტექსტების დახმარებით გვსაუბრება ქალაქი და როცა ცვლილებებს ადევნებ თვალს, ხვდები, ის ცოცხალია, აქვს თავისი ხასიათი და დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენის მიმართ. მთავარია, ყური დაუგდო, მოუსმინო და გაიაზრო. სამწუხაროდ, რაც დღეს ქალაქს და ქუჩებს აკლია, ეს სოლიდარობის განცდაა.

ავტორი უცნობი
უცნობი ავტორი

ლეგენდარული როჯერ ფედერერის უცვლელი აქსესუარი – Mercedes SL

“ნუ მოიპარავ!” – Microsoft–ის კამპანია კიბერმეკობრეობის წინააღმდეგ