in

დღეს შენი გამარჯვების დღეა! – მოგზაურობა Spotlight 2018-ზე

გამარჯვება ყველაფერზე! – წარსულზე, ომზე, ერთნაირობაზე, საკუთარ თავზე. გამარჯვება გამარჯვებაზე, რომელიც შინაგანი თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე მიიღწევა… Spotlight 2018 ეძღვნებოდა ადამიანებსა და ისტორიებს, რომლებიც იბრძვიან გამარჯვებისთვის. და იყო ისეთივე ჭრელი, მრავალფეროვანი და სხვადასხვანაირი, როგორც თითოეული ჩვენგანი.
Spotlight 2018 იყო მადლობა, ინსპირაცია, იმედი, მეგობრობა, იუმორი, ლტოლვა, მღელვარება, ჭირიმე, გენაცვალეთ, აპლოდისმენტები, გამოცდილება, მუსიკა, გეომეტრიული პერფექციაც კი, ფეხზე დგომაც და დროებით, უკმაყოფილებაც. მარცხი, გამბედაობა, თავდაჯერებულობა და სიყვარული. Spotlight-მა იპოვნა პასუხები და დასვა ახალი შეკითხვები. Spotlight-მა გვითხრა, რომ თითოეული გამარჯვების შემდეგ, უნდა დავსვათ არა წერტილი, არამედ, რაც შეიძლება მეტი კითხვის ნიშანი იმიტომ, რომ კითხვები გვჭირდება მორიგი გამარჯვებისთვის! განვითარებისთვის! იმიტომ, რომ „ყველაზე სულელურია კითხვა, რომელსაც არ სვამენ“. Spotlight-მა შეგვახსენა „ჩვენი გამარჯვების დღე!“ რომ მნიშვნელოვანია ერთობა და არა – ერთნაირობა.

ჩვენ შევეცდებით, გამოგზაუროთ Spotlight 2018-ზე, მოგიყვეთ იმ ადამიანებსა და ისტორიებზე, რომლებიც იქცნენ „გამარჯვების“ ნაწილად! დავიწყოთ:

27 მაისს, რედისონში, Spotlight-ის, რიგით მე-6, ღონისძიება გაიმართა, რომელიც წინამორბედებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ტრადიციული, 13 წუთიანი ინსპირაციული გამოსვლების გარდა, ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებდა სადისკუსიო და საგანმანათლებლო ნაწილს. დღის განმავლობაში, 5 სხვადასხვა დარბაზში, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა ლექცია-სემინარები, მასტერკლასები და პანელდისკუსიები.

დამსწრე დელეგატები, საკუთარი ინტერესების მიხედვით, წყვეტდნენ, რომელი თემა იყო მათთვის საინტერესო და ვის გამოსვლას დაესწრებოდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ ოთახში შესაძლებელი იყო, მოგესმინათ დავით ჩიკვაიძის ლექცია, „როგორ გავიმარჯვოთ მოლაპარაკებამდე“, გიორგი პოპიაშვილის „დაიწყე ბოლოდან“, მარიამ ბაჯელიძის „Influencer marketing სოციალურ მედიაში“ და ლევან ლეფსვერიძის „გიყვარს, თუ ხმარობ?“

ნუკა ჩოხელის პოსტს კი Facebook-ზე გადავაწყდით: მეორე სალექციო ოთახის თემები ეხებოდა ვიზუალურ კომუნიკაციას, ხელოვნური ინტელექტის როლს კრეატიულ ინდუსტრიაში და იმ ტრენდებს, რომელსაც 2018 წელს უნდა ველოდოთ ტექნოლოგიებსა თუ კულტურაში, ელექტრონულ კომერციაში, ტურიზმში და ა.შ. გავიგეთ, რომ „დღეს ყველა ადამიანი მარკეტერია და უნდა მოვასწროთ ჩვენი ამბების საინტერესოდ მოყოლა“, – ნინო ეგაძემ, აკაკი რაზმაძემ, ერეკლე ინაშვილმა და ეკა ყიფიანმა გაგვიზიარეს, ამ შემთხვევაში, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

ლოგოდიზაინერ გია ბოხუას მასტერკლასზე, რომელზე დარეგისტრირებაც მხოლოდ 15-მა ადამიანმა შეძლო, Spotlight 2018-ის ფარგლებში, დამსწრეებს მიეცათ ასოები/სიმბოლოები და მათი კომბინაციით, გია ბოხუას რეკომენდაციებით, შექმნეს გრაფიკული გამოსახულებები.

„Spotlight 2018 [ლექცია/მასტერკლასები] -ზე, 5 საათიანი ვორქშოფის შედეგები. მადლობა ახალგაზრდების ჯგუფს ასეთი კარგი ნამუშევრებისთვის. გთხოვთ დააკომენტაროთ საუკეთესო“, – გია ბოხუა. ინსტაგრამისა და ფეისბუკის ხმების დათვლის შედეგად, გამარჯვებულიც გამოვლინდა – რიგით #1-ლი ნამუშევარი, დავით აბრამიშვილის ავტორობით.

Spotlight 2018 განსხვავებული იმითაც იყო, რომ წელს, ნებისმიერ სტუმარს შეეძლო, სპიკერების მსგავსად, სპეციალურად მათთვის, საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ სივრცეში – ყველას ოთახში გამოსვლა და აუდიტორიისთვის იმ ხედვების, მოსაზრებებისა თუ გამოცდილების გაზიარება, რისი თქმაც ყოველთვის სურდათ. საუკეთესო გამომსვლელი კი, Spotlight 2019-ის მთავარი სცენიდან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით დაჯილდოვდებოდა.

პირველად, Spotlight 2018-ზე, შესაძლებელი იყო „სარაჯიშვილის“ მხარდაჭერით გამოცემული Harvard Business Review-ს წიგნების შეძენა, ქართულად.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=OfZbB7OzmLk[/embedyt]

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლექციებისა და მასტერკლასების პარალელურად, მიმდინარეობდა პანელ დისკუსიებიც. მთავარ დარბაზში, ადგილმდებარეობის ბრენდინგზე, შემოქმედებაზე, მუსიკასა და მარკეტინგზე დავით საყვარელიძის, ანი ცაბაძისა და Young Mic, იგივე ბარკალა, იგივე Birja Mafia, იგივე მიშკა მგალობლიშვილის შემდეგ, ასპარეზი დაუმარცხებლებს – დავით გოგიჩაიშვილს, ნინო სუხიშვილსა და ლაშა ტალახაძეს, ხოლო შემდეგ, გამბედავებს – სოსო გალუმაშვილს, თინათინ სტამბოლიშვილსა და ნიკა გუჯეჯიანს დაეთმო.

„გამარჯვება, რომელსაც გასაგები სიტყვებით ვერ გადმოსცემ“ –  როგორი შეიძლებოდა, ყოფილიყო Spotlight 2018-ის პირველი ნაწილის დასასრული, თუ არა „კაცების“ ინტელექტუალური და სხარტი იუმორი გამარჯვებაზე?! ირაკლი კაკაბაძე, დავით ლაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი და გიორგი ჯანელიძე მათთვის უჩვეულოდ დიდი მასშტაბის აუდიტორიის წინაშე, თუმცა ჩვეული, მოსწრებული ენით წარდგნენ და დარბაზისგანაც, შესაბამისი უკუკავშირი მიიღეს.

P.S. ტაშისა და სიცილის ხმა არ დაგვიდია.

დარბაზში შესასვლელ კართან, ირაკლი ვახტანგიშვილსა და დავით ლაბაძეს ჩავუსაფრდით:

ხუმრობა მართლა იქით იყოს და ამასობაში, მთავარი დარბაზი ხელმეორედაც გაივსო. 10 სპიკერს 13 წუთში უნდა ჩაეტია საკუთარი ამბავი გამარჯვებაზე.

პირველ გამომსვლელს, ლევან ახვლედიანს, რომელმაც ისაუბრა მნიშვნელოვან ადამიანებზე, საკუთარ ცხოვრებაში, მოჰყვა ერთადერთი უცხოელი სპიკერი დარიუშ სოუდი და შემდეგ – ანუნა ბუკია – „იმაზე, თუ როგორ ჩასახლდა მასში ომი და როგორ ცდილობს მის დამარცხებას“, – გვანცა კიკალიშვილის Facebook პოსტი.
„შეცდომები უნდა დავუშვათ იმიტომ, რომ მათი თავიდან არიდებით, ჩვენდა უნებურად, ვცდებით გამარჯვების გზასაცო“, – თქვა ნათია გოგიამ და ისიც დაუმატა, რომ  გამარჯვება ჩვევად უნდა ვაქციოთ.

თუმცა, ნინო გორდელაძემ, თავისუფლების უზენაესობას გაუსვა ხაზი და გვითხრა, რომ ჯობს, ვიყოთ ლუზერები, მაგრამ თავისუფლები:

„მოვა დრო და მადლობას მეტყვი“ – სოფო ბალავაძემ გამოსვლა ბებიას მიუძღვნა და გამოცდილებასთან ერთად, Spotlight-ისგან მიღებული ცოცხალი ემოციებიც გაგვიზიარა:

სარეკლამო სააგენტო ბრენდს ემსახურება თუ ადამიანს? – გიო ქვლივიძემ სარეკლამო ინდუსტრიის სტრესებსა და სიხარულებზე ისაუბრა და იმაზე, თუ როგორ უნდა შევძლოთ შემოქმედებითი თვითრეალიზაცია პროფესიაშივე.

„ამ ჭიქით ხელში“ წარდგა Spotlight-ის აუდიტორიის წინაშე ვარდისფერჩოხიანი, ჭაჭა „ბოდიშით“ სავსე „ცისფერყანწელი“, როგორც თვითონ იტყოდა – ულამაზესი გიორგი ავალიანი და წარსულზე გამარჯვების თქვა: „წარსულის ვადაგასული პატივისცემა ხელს გვიშლის, საკუთარი თავი აღმოვაჩინოთ და ვიპოვნოთ ჩვენი ადგილი დღეს“.

გაბრიელ წულაიამ შსს-დან, შეგვახსენა ერთი სამწუხარო რამ, რომ საქართველოში „ტრაგედიას უფრო აღვნიშნავთ, ვიდრე გამარჯვებებს“ და აუდიტორიას მოგვმართა კითხვით:

ნიკა გუჯეჯიანმა კი, საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნია საბჭოთა ერთნაირობისგან – ერთნაირ კორპუსებზე, მანქანებზე, ტანსაცმელზე, ფოტოებზე, ერთნაირ პროდუქციებზე მაღაზიებში, ინტერიერზე და ა.შ. თავის დაღწევა – იმ ყველაფერზე გამარჯვება, რაც ზღუდავდა არჩევანის უფლებას. და დაგვაჯერა, რომ „ძალა ერთობაშია და არა ერთნაირობაში“.

რადგან როცა საერთო მიზნისკენ ერთიანდება მთელი საქართველო, იმ მომენტში, ადამიანები არ ვფიქრობთ, ჩვენთან ერთად ვინ გულშემატკივრობს, მაგალითად, ზაზა ფაჩულიას, ტოჩინოშინს ან 13 ივნისს, ჩვენთან ერთად, ვინ ებრძვის სტიქიას. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ გამარჯვებაზე და სწორედ ეს გვაქვს საერთო.სწორედ ერთი მიზნისკენ გაერთიანება, საერთო გამოწვევის დაძლევისთვის გზების ძიებისკენ მოუწოდა Spotlight-ის დამფუძნებელმა, აკო ახალაიამ დამსწრე აუდიტორიას და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომ იყო Spotlight-ის თემა „გამარჯვება“ და რისთვის შეკრიბა ამდენი ნიჭიერი ადამიანი ერთად. „ჩვენი სადმე ყოფნის, არსებობის, მოღვაწეობის მთელი აზრი ხომ ისაა, რაიმე შევქმნათ, რაიმე დავტოვოთ, რაღაცის არსებობას დავუჭიროთ მხარი და შევუწყოთ ხელი“, – აკო ახალაია.

Spotlight 2018 დასრულდა. ღონისძიების ორგანიზატორებისგან კი 2 რამ უნდა დავიმახსოვროთ: „გახსოვდეთ, რომ დღეს, ჩვენი გამარჯვების დღეა!“ და

„შევხვდებით მალე!“

“რობოტული ინტელექტი”! Google-ის რობოტები ერთმანეთს ასწავლიან! – UPDATE

რა არის სახლში ყველაზე მთავარი? – პასუხი ლისი დეველოპმენტის ახალ რეკლამაშია