ცდა და ცადე ის სიტყვებია, რომლებიც იდეალურად იტევს Spotlight 2022-ის მთლიან იდეას. რატომ? პასუხი მარტივია — წლევანდელი სფოთლაითი, რომელიც 3-წლიანი მონატრების შემდეგ დაბრუნდა, სწორედ იმ ადამიანებს ეძღვნებოდა, ვინც მუდმივ ცდაშია და პატარა თუ დიდი ცდებით საზღვრავს ცხოვრების თავგადასავლებს.
Spotlight 2022 იყო მცდელობა, ყველას რაღაც ისეთი ეცადა ან იმის ცდის შთაგონება მიეღო, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ. მაგალითად, ოდესმე გიცდიათ სცენაზე ნარდის თამაში? ან „ცადე იუმორის“ და „ცადე ინვესტიციების“ ოთახებში საკუთარი იუმორის ძალა და იღბალი გამოგიცდიათ?! კომფორტის ზონიდან გამოსვლის მიზეზი და ის, თუ რატომ შევუქმენით ხალხს მსგავსი სივრცე, ალბათ, ყველასთვის ნათელია — როგორც დავით გოგიჩაიშვილმა თქვა, „თუ არ ცადე, არასოდეს გეცოდინება, რა მოხდებოდა, რომ…“
მოკლედ, უფრო დეტალურად გიამბობთ
10:30-ზე სტუმრებისთვის რეგისტრაციის „კარები“ გაიხსნა, სადაც, სპეციალურ ბეიჯთან და სამაჯურთან ერთად, შესაბამისი საჩუქრებიც მიიღეს. შემდეგ კი პირველი სართულიდან მეორეზე გადაინაცვლეს, ე. წ. Networking სივრცეში, რათა პირველი სპიკერის გამოსვლამდე ერთმანეთი გაეცნოთ, უკვე ნაცნობებს ერთმანეთი გაეხსენებინათ, მოეკითხათ და ყავით ადრიანი დილის ძილისგან ბოლომდე გამოფხიზლებულიყვნენ — რა დროს ძილია?! ცდის უამრავი ისტორია უნდა მოესმინათ და ბევრიც თავად შეექმნათ.
თანაც ამ სივრცეში, ყავისა და ტკბილეულის გარდა, მთელი დღის განმავლობაში სპონსორების მიერ მოწყობილი სტენდები იყო — თავისი შეთავაზებებით, სიახლეებითა და „ცდის კომპონენტებით“. მაგალითად, საქართველოს ბანკის სტენდთან მსურველებს ბალანსბორდზე ბალანსის დაცვა უნდა ეცადათ 🙂 დამეთანხმებით, ყველაზე რთულია და გამოგიტყდებით, თავად ვერც კი გავბედე, მეცადა!
მთელი ამ ნეთვორქინგიდან კი ყველამ მთავარ სივრცეში გადავინაცვლეთ — სადაც მასპინძლების შემდეგ სცენაზე პირველი სპიკერი, ალექსანდრე ჯეჯელავა ვიხილეთ, რომლის თქმითაც, Good is Enemy of Great. სფოთლაითის სესიების სერია სწორედ იმით გაიხსნა, რითაც უნდა გახსნილიყო — რადგანაც 800-მდე ადამიანს შორის ბევრს ბევრი რამე უცდია, ბევრიც კი ახლა აპირებს ამის გაკეთებას. შესაძლოა, ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ, მაგრამ ალექსანდრეს თუ დავუჯერებთ, „ვისაც არ უცდია, იმისთვის გაცილებით ადვილია ცდა. ხოლო, ვისაც უცდია და წარმატებისთვისაც მიუღწევია, მისთვის რთულია“. მაგრამ მაინც, ცდა ბედის მონახევრეა!
ხალხის გაყოფა — ცდის ოთახებსა და მთავარ დარბაზში
უკვე 12 საათისთვის ხალხი რამდენიმე ნაწილად გაიყო — უმეტესობა მთავარ ოთახში დარჩა, სადაც ალექსანდრეს შემდეგ ეთო მერებაშვილი, თავისი „ზუმერული კულისებით“, ლევან ლაფაჩი, განცხადებით, რომ „ცდა ბედის განმსაზღვრელია“ და გიორგი ქუცა რუხაძე გამოვიდნენ. ქვემოთ მოცემული ფოტოც გიორგის პრეზენტაციიდანაა, „ხალხი ამას ვერ გაიგებს“, მაგრამ ვცადოთ და ჯერ ჩვენ გავიგოთო ხალხის — აქ საუბარია ბრენდის მარკეტინგისა და საზოგადოების მიმართებაზე. „სადღეგრძელოებში ხომ ვამბობთ, რომ ერთმანეთის გვესმის… და კომუნიკაციებში სად ქრება ეს გაგება? მგონია, რომ უნდა ვცადოთ, ცოტა მეტად გამბედავები, თამამები, რისკიანები და ლაღები ვყოთ. და საბოლოოდ, ხალხი ამას გაიგებს“.

რაც შეეხება ცდის ოთახებს, ესენი იყო „ცადე იუმორი“ და „ცადე ინვესტიციები“, რომლებშიც დაახლოებით 45-45 ადამიანი გადანაწილდა. კი, აქვე ბოდიშს გიხდით, ვისაც ასე ძალიან გინდოდათ 12:00 და 17:00 საათებზე ამ ოთახებში მოხვედრა, მაგრამ სხვები გასწრებდნენ და ადგილები აღარ გხვდებოდათ 🙂 „ცადეთო და შეიძლება, ვცადო?“ სიტყვები კი ამ ოთახებისკენ მიმავალი გზის გამკაფავად იქცა.
მოკლედ, „ცადე იუმორის“ პირველ ვორქშოპზე ირაკლი კაკაბაძე და ირაკლი ვახტანგიშვილი გვიხსნიდნენ იუმორი ზებუნებრივი ნიჭია თუ ის, რისი სწავლაც შეგვიძლია? როგორც დავასკვენით, მისი სწავლა შესაძლებელია, უბრალოდ ბევრი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ — „იუმორი მათემატიკა უფროა, ვიდრე ხელოვნება ან ფილოლოგია, მაგრამ ასე დასაზეპირებელი ფორმულა არ არსებობს“. თანაც თურმე წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს კი არ უნდა ვიხუმროთ, არამედ ბევრჯერ ვცადოთ და „დავამუღამოთ“… მთავარია, კარგ ხასიათზე ვიყოთ, აბა ცუდ ხასიათზე როგორ უნდა ვიხუმროთ? ნუ, ჯანელიძე არ ითვლება!
ამავე შეხვედრაზე დამსწრეებმა კაცებთან ერთად ცადეს იუმორის გავარჯიშება და ერთადაც კი შექმნეს სახალისო ხუმრობები. რა თქმა უნდა, წარუმატებელი მცდელობებიც იყო, მაგრამ ისინი კარგი ხუმრობების ინსპირაციად მაინც იქცა — რა გამოდის? ცდა კარგი ხუმრობის მონახევრეა.
და რაში გვჭირდება იუმორი? პასუხი ფოტოზე:
ხოლო 17:00 საათზე ამავე ოთახში დავით ლაბაძემ და გიორგი ჯანელიძემ წარმატებული სფიჩის წერის ტექნიკები გაგვიზიარეს.

პარალელურ რეჟიმში, გვერდით ოთახში ნიკა მაზანაშვილმა და ლევან თაღიაშვილმა დამსწრეებს ინვესტიციების შესახებ საბაზისო ინფორმაცია გააცნეს — რა საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს, როგორია თითოეულის სპეციფიკა და როგორ გახადა საქართველოს ბანკმა ეს ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომი. თანაც, თითო სესიაზე ორმა ადამიანმა მოიგო 100-100 დოლარი.
ცდის პირველი ვორკშოპების შემდეგ კი ყველანი კვლავ მთავარ დარბაზში დავბრუნდით, სადაც ბექა მეფარიშვილი და მარიამ ჩხაიძე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა „მე ვარ საქართველო“ — ანუ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების რებრენდინგი. ხოლო „მარკეტინგში გავლენიანი ადამიანების“ შესახებ გიორგი კონტუაძემ, რუსკა მაყაშვილმა და მარიამ წილოსანმა ინტერვიუს სახით ისაუბრეს — კერძოდ კი, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენებაზე, რაც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში.

შემდეგ კი სცენა აქაც კაცებს დაეთმოთ — აქ უკვე ოთხივენი ერთად იყვნენ და ერთიანი ძალებით აცინებდნენ მთელ დარბაზს, რამაც საბოლოოდ ინტერაქციული სახე მიიღო. კაცებმა რამდენ თქვენგანს არ უცდიაო კაცებში ყოფნა და ვისაც გინდათ, ხელი აიწიეთო. ასე აღმოჩნდა ორი გოგო და ორი ბიჭი კაცების შოუში, მათ ადგილას… ამ დროს ყველა ველოდით, როდის დაიწყებდნენ ეს უცნობი ადამიანები ხუმრობას, თუმცა კაცებმა ყველგან ბოლოს მივდივართ საჭმელზე და არაფერი გვრჩებაო… ამიტომ, ახლა ჩვენ გავალთ, შევჭამთ და თქვენ მერე გამოდითო!

ასე მოვხვდით ყველანი კვლავ Networking სივრცეში, ერთსაათიან შესვენებაზე, რათა გონება დაგვესვენებინა, განტვირთვას მივცემოდით და ჯიპისის გათამაშებაშიც მიგვეღო მონაწილეობა. ერთი სიტყვით, გავიარ-გამოვიარეთ, ნაცნობები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ბევრიც ისაუბრეს.
და როცა დარბაზში დაბრუნების დრო დადგა, არავინ იცოდა, რა სიურპრიზს ვუმზადებდით — ჩვენ კი ერთი სული გვქონდა, როდის დაიკავებდა ყველა კუთვნილ ადგილს, რათა „ბავშვთა კაპელას“ წევრებს სკამებს შორის ჩაერბინათ და სცენაზე ასულებს Bohemian Rhapsody შეესრულებინათ, თავიანთი საოცარი ექსპრესიით. ცოტა რთულია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც მთელ დარბაზს დაეუფლა — ყველა მხრიდან ისმოდა შეძახილები, კომენტარები, თუ როგორ უვლიდათ ტანში ჟრუანტელი. თქვენ ის აღფრთოვანება უნდა გენახათ, ჩვენი მაიმუნიც რომ აცეკვდა ბავშვებთან ერთად. მოკლედ, სიურპრიზი შედგა!


მუსიკალური ნოტადან ლოგიკურად გადავედით თემაზე „ჯაზ ფესტივალის 25 წელი: სცენის მიღმა“. აქ ჯაბა შავიშვილმა, მიშა გიორგაძემ და კახა კანდელაკმა ჯაზ ფესტივალის ისტორიის შესახებ ისაუბრეს — კერძოდ, ვინ და როგორ ჩაუყარა მას საფუძველი და როგორ ამყარებენ მუსიკოსებთან კომუნიკაციებს. თანაც, ამ ყველაფრის პარალელურად, სახალისო ისტორიებიც მოვისმინეთ.

შემდეგ კი ნიკო ნერგაძემ თავისი კარიერის შესახებ მოგვიყვა, როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები და მივიდა იქამდე, სადაც ახლაა. მისი თქმით, რაღაცები შეიძლება ერთს მოსწონდეს, მეორეს კი — არა… ბოლოს „აბა მე თქვენ რა უნდა გასწავლოთო“ და სცენა თავის სტუდენტს, მარიამ ცანავას დაუთმო. მანაც კარიერის ქარტეხილებზე გაამახვილა ყურადღება და იმაზე, რომ ცოტა არ იყოს, რთულია გასაუბრებებზე დასმულ კითხვას, „სად ხედავ საკუთარ თავს მომავალში“ რაციონალურად უპასუხო. მაგალითად, თავად მარიამი 10 წლის წინ ჟურნალისტიკას სწავლობდა და პირველივე რეპორტაჟის გაკეთების შემდეგ მიხვდა, რომ მარკეტინგში უნდა გადასულიყო, რასაც შემდგომ საკუთარი სტარტაპის დაარსება მოჰყვა. „არ ვიცი, 10 წლის მერე სად ვიქნები, მაგრამ ახლა ვიცი სადაც ვარ და რაც მინდა“.


სანდრო კვანტალიანმა კი „დაიძახე ჰოპ“-ო და პროექტ „ნიკო“-ს დაწყებაზე გვიამბო — ქუჩის ხელოვნების მოძრაობის საკომუნიკაციო სახელია, ფიროსმანის სიყვარულითა და პატივისცემით. როგორც აღმოჩნდა, ბერლინში ხშირად აწყდებოდა ფერად ქუჩებს, ხელოვნების ნიმუშებით გაფორმებულს და თბილისშიც გაუჩნდა ანალოგიური სურათის შექმნის სურვილი. ამ მცდელობიდან კი უკვე ფესტივალსაც ატარებენ — „ნიკო სთრით არტი“.

10-წუთიანი განტვირთვის შემდეგ სცენაზე დიმიტრი ვაჩნაძე ვიხილეთ, რომელმაც ევროპაბეთის სირთულეებზე ისაუბრა — როგორ მოჰყვა დაბლოკილ საიტს ლუდის იდეა, ბოლოს კი europop-ისა და e-team-ის შექმნამდე მივიდნენ. ამ საუბრის ფონზე კი, სცენაზე ნარდსაც თამაშობდნენ — ეს თამაშიც ხომ ცდებზეა აგებული, აბა რომ გააგორებ, რა დაჯდება?!

ხოლო შემდეგ სცენაზე უჩა ურუშაძე ვიხილეთ, რომელმაც ხალხს ჰკითხა, რამდენად რთულად ან გასაგებად ესაუბრა „ბრენდინგის ესენციალისტური და ეგზისტენციალური სტრატეგიების შესახებ“. არა, სახელმა არ შეგაშინოთ — ყველამ ყველაფერი კარგად გავიგეთ, ცოტაოდენი სარკაზმითა და იუმორით. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა კი სწორედ ეს იყო ცდასთან მიმართებით: „შენ გგონია, რომ ვერ იზამს. მთავარი კითხვაა, რა ქნას, თორემ ყველაფრის გაკეთება შეუძლია“. ასევე, მისი თქმით, „თაფლი ბოსტნეულია? — ასე იწყება ბრენდინგი. რაც არ ვიცით, იმისგან შეიძლება მაგარი ბრენდის გაკეთება. მე არ მაინტერესებს რა ყიდის, არამედ ჩემი ინტერესია, ორი ადამიანი დავაახლოო ერთმანეთს, რადგან ბრენდი კეთდება, როგორც ადამიანი — ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა უადვილდებათ“.
უჩას შემდეგ ელენკა კოხრეიძემ გაგვიზიარა თავის კარიერული მოგზაურობისა და ცდების ამბავი — როგორ აღმოჩნდა 21 წლის ასაკში ვენდისის გუნდში და როგორ გაუმკლავდა შიშებსა თუ მღელვარებას წარმატებულად. სწორედ შიშების დაძლევას ეხმიანებოდა თოკა არეშიძის გამოსვლაც, რომელმაც ბავშვობაში სათამაშო დინოზავრთან გადაიღო ფოტო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეშინოდა… „უნდა ცადო. შეგეშინდეს, არა უშავს“.

ანჟე ჟერებმა კი დღეისათვის ძალიან აქტუალურ საკითხზე ისაუბრა — იმაზე, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება ჩვენს ცხოვრებაში… როგორც ბიზნესის, ისე უბრალოდ ერთმანეთთან კომუნიკაციის კუთხითაც.

დაბოლოს, დავით გოგიჩაიშვილი, რომელმაც სცენაზევე გადაწყვიტა Kia Sportage ეყიდა — ახლა, ოღონდ ბენზინის და არა ჰიბრიდი, მაგრამ აპრილში. ანუ, ხომ ხვდებით, ბენზინის, მაგრამ ახლა… ჰიბრიდი კი კარგია, მაგრამ აპრილშიო. ბენზინი კი ახლაო. და თუ ახლა გინდა, ბენზინიო. ჰიბრიდი თუ გინდა, კი ბატონო, მაგრამ აპრილშიო. მოკლედ, ამდენი ფიქრის შემდეგ, პირდაპირ სცენიდან დარეკა კიას ცენტრში და შეუკვეთა Kia Sportage, ბენზინის.
თავიდან კი თქვა, ცეკვა არ მინდა და არ ვიცეკვებ, არც მიცდია და არც მოტივაცია მაქვსო… მაგრამ ეს ხომ ცდების სცენა იყო, არა? ბედნიერების ცდის შემდეგ კი მოტივაციაც მიეცა და გამბედაობაც. შედეგად, ახალი მანქანით გაბედნიერებულმა, თავისი ცეკვით მთელი დარბაზი ააცეკვა და ასე ცეკვა-ცეკვით გადავინაცვლეთ ყველამ კოქტეილ ფართიზე…
შემდეგ შეხვედრამდე!
ავტორი: ქეთია ბელქანია